"მე მირჩევნია თანამდებობაზე დავრჩე. უკვე ველაპარაკე სერ დეივ რიჩარდსს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფრის გადასაწყვეტად ორი კვირა სჭირდება. ინგლისის ნაკრებში მუშაობა ისე მომწონს, რომ ამის გამო რამდენიმე დიდებულ საკლუბო შემოთავაზებაზე ვთქვი უარი. იყო ინგლისის ეროვნული გუნდის მწვრთნელი დიდი სიამოვნებაა, თუმცა მდგომარეობაც კარგად მესმის და ფეხბურთის ასოციაციის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ. გული მწყდება რომ ფანებს გაუცრუვდათ იმედი. ბევრი ადამიანი ნაკრებს გასვლით შეხვედრებშიც კი დაყვება. უამრავი აქ, სამხრეთ აფრიკაშიც წამოგვყვა. მათ დიდძალი ფული დახარჯეს. მე მათ ვეუბნებოდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში გასასვლელად მოვდიოდი და ვერ შევუსრულე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი".
პრესკონფერენციაზე კაპელოს გვერდით ინგლისური კლუბის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ედრიან ბევინგტონი ეჯდა. მან თქვა: "სერ დეივ რიჩარდსმა გადაწყვიტა ორიოდ კვირის განმავლობაში არ იჩქაროს, და დააკვირდეს, რა გამოძახილი ექნება ნაკრების მარცხს ამ პერიოდში, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთმა გავარდნამ წარმოუდგენლად გვატკინა გული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, როგორ ორგანიზაცია, უნდა ამჩატდეს და მოვლენიდან 24 საათში მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. ეს ჩვენი მხრიდან არასერიოზული ნაბიჯი იქნებოდა. ფაბიოს შესარჩევ ციკლში საოცარი შედეგი ჰქონდა და ძალიან განიცდის, ფინალურ ეტაპზე გუნდი ასე ნაადრევად რომ გამოუვარდა. ჩვენ გვინდა კარგად გადავხედოთ ტურნირს, რომელიც ასე ცუდად დამთავრდა. ამაში ალოგიკური არაფერია. შეგახსენებთ, რომ ფაბიოს ჩვენთან 2012 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია".
არის იტალიელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელი თუ არა, ინგლისური ფეხბურთის გამოჩენილი ფიგურა ალან შირერი ამბობს, რომ კაპელომ იგი საშინლად დათრგუნა. მესმის, წაქცეულისთვის წიხლის მიყოლება ვაჟკაცი კაცის საქციელი არ არის, მაგრამო... და ნაკრების თავკაცს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს.
"ახლა ისეთი რამ უნდა ვთქვა, რაც შესაძლოა ძალიან ცუდად ჭრიდეს ყურს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ფეხბურთელებს კაპელოს ხელმძღვანელობით თამაში არ უნდოდათ, - წერს "ნიუკასლ იუნაიტედის" ლეგენდა, - გუნდის სიღრმეში აშკარად რაღაც ცუდი ხდეებოდა. ამას ყველა ვერც იტყვის, რადგან ყველას არც ეცოდინება. ვფიქრობ, ამბის მოყოლას მხოლოდ რამდენიმე საქმეში ჩახედული ადამიანი თუ შეძლებს. გარედან ისე ჩანდა, თითქოს გუნდი სადღაც ბანაკში იყო ჩაკეტილი და იქიდან მხოლოდ თამაშებზე გამოდიოდა, მაგრამ საკმარისი იყო ფეხბურთელები მზის შუქზე გამოჩენილიყვნენ, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ისინი გადაღლილები და დაზაფრულები იყვნენ. ალჟირთან თამაშის შემდეგ ფარდა ოდნავ ჯონ ტერიმ გადასწია, როდესაც სკანდალურად ცნობილი პრეს-კონფერენცია მოაწყო. სწორად მოიქცა თუ არა, ამაზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: მან განგაშის ზარს შემოჰკრა და გვაგრძნობინა, რომ რაღაც ხდება. გუნდის დანარჩენმა წევრებმა ტერის მხარი არ აუბეს და ეს მათი ნება იყო. როგორც ჩანს ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს სლოვენიასთან თამაშის წინ ერთსულოვნება არ დაერღვიათ თუმცა ვერ გეტყვით, რომ დიდი შედეგი მიიღეს. აშკარა იყო, რომ ინგლისის ნაკრებისგან სახელიღა იყო დარჩენილი".
შირერი წერს, რომ ის უცხოელი მწვრთნელის მოწინააღმდეგე მარტო იმიტომ კი არ არის, რომ კაპელოს ხელში გუნდი მერვედფინალს ვერ გაცდა, არამედ საამისოდ მას ყოველთვის ჰქონდა მიზეზი და არგუმენტი. ყოფილი ფორვარდი მკითხველს შეახსენებს, რომ ის ჯერ კიდევ სვენ გორან ერიქსონის დროს აცხადებდა, ინგლისის ნაკრებს მხოლოდ ინგლისელმა უნდა უხელმძღვანელოსო. მისი აზრით უცხოეთიდან ჩაყვანილმა სპეციალისტებმა ინგლისურ კლუბებს ბევრი ჯილდო მოაგებინეს, მაგრამ ეროვნულ დონეზე არაფერი გამოუვიდათ.
შირერი: "ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს გაცილებით შორს შეეძლოთ წასვლა. მაშ რატომ გამოვვარდით ასე მალე? მე ვიცი, რომ ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ წილ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ამასთან, კატეგორიულად არ ვიზიარებ მოსაზრებას თითქოს მათ იმდენს უხდიან, რომ ფულისგან გაირყვნენ და აღარაფერს დაგიდევენ. პირადად ჩემთვის სულერთია მოთამაშეს 1000 გირვანქას უხდიან თუ 100 ათასს, რადგან ვიცი, როდესაც ფეხბურთელი მოედანზე გადის, გამარჯვებისთვის იბრძვის. თითოეულ სპორტსმენს უნდა წარმატებული კარიერა ჰქონდეს და თავისი ოთახი მედლებით მორთოს. და კიდევ, ყოველ ფეხბურთელს სურს გუნდში, სადაც თამაშობს, მშვიდი, საქმიანი, სწორი ატმოსფერო და ურთიერთობები იყოს. ინგლისის ნაკრებში სწორედ ეს არ ჩანდა".
ამის შემდეგ შირერი ტაქტიკურ საკითხებზე გადადის და ახლა უკვე საყოველთაო მსჯელობისა და კრიტკის საგანს, ინგლისელთა სქემას: 4-4-2-ს ეხება. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სპეციალისტს მიაჩნია, რომ კაპელო სწორედ ტაქტიკური სქემის განსაზღვრისას შეცდა უხეშად. თითქოსდა, სწორედ 4-4-2-ის გამო ვერ ითამაშეს ინგლისელებმა არა მარტო გერმანიასთან, არამედ ჯგუფური ეტაპის შეხვედრებშიც: აშშ-ისა და ალჟირის გუნდებთან.
"ჩემპიონატის წინ ნებისმიერი ინგლისელი ფანისთვის რომ გეკითხათ ვის შეუძლია ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთაგან გამარჯვების მოტანა, ყველა გიპასუხებდათ: სტივენ ჯერარდი და უეინ რუნი. და რა ვქენით ჩვენ? ორივე ფეხბურთელი ვათამაშეთ იმ პოზიციაზე, რომელიც არ უყვარს და სადაც თავს კარგად ვერ წარმოაჩენს", - წერს შირერი და სტატიის ბოლოს ინგლისის ნაკრებს არგენტინისას ადარებს.
"ინგლისისგან განსხვავებით არგენტინას შესარჩევი ჯგუფიდან გასვლა გაუჭირდა, მაგრამ ჩავიდნენ თუ არა სამხრეთ აფრიკაში, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს. გუნდს დიეგო მარადონა ხელმძღვანელობს, რომელიც საყოველთაო აზრით დიდი ტაქტიკოსი ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ, ის ფეხბურთელებთან ურთიერთობის დიდოსტატი გამოდგა. მოთამაშეები მას პატივს სცემენ, ის თითქოს ერთი მათგანია, მათთან ერთად ხარობს და განიცდის. ასეთი რამ კაპელოსთან ჩვენ არ გვინახავს".
ილია ბაბუნაშვილი