ყინული დაიძრა

AutoSharing Option

ფაფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა საჯაროდ მოუბოდიშა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას კვირის მერვედფინალურ მატჩში გერმანელთა კარში არჩათვლილი გოლის გამო. ფრენკ ლემპარდის დარტყმული ხარიხას მოხვდა, ბურთი ძირს დაეშვა (აშკარად კარის ხაზის იქით) და უკან გამოვარდა. იმის ნაცვლად, რომ ანგარიში 2:2 გამხდარიყო (0:2-ის შემდეგ გათანაბრება ინგლისის ნაკრებს ფრთებს შეასხამდა და არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა მატჩი), მსაჯმა უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც ამ დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა კიდეც.

ფიფას ბოსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მექსიკის ნაკრების კარში არგენტინელებმა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს გოლი და ამ შემთხვევაშიც მსაჯის უხეში შეცდომა
პირდაპირ აისახა მატჩის მიმდინარეობაზე. ბლატერმა მექსიკელებსაც მოუბოდიშა.

"ფიფა აუცილებლად იმსჯელებს ფეხბურთში ვიდეოტექნოლოგიების შემოღებაზე და ამის პირველი შესაძლებლობა ივლისში აღმასკომის საქმიან შეხვედრაზე გვექნება უელსში. ამ მუნდიალმა ისეთი გამოცდილება მოგვცა მსაჯთა უხეში შეცდომების მხრივ, რომ ჩვენი მხრიდან უსინდისობა იქნება, არ განვაახლოთ დებატები ფეხბურთში ტექნოლოგიების შემოღებაზე. პირადად ძალზე განვიცდი, როცა მსაჯი უხეშ შეცდომას უშვებს, მაგრამ ეს არ არის ეპოქის დასასრული, ეს არ არის ფეხბურთის ბოლო, შეცდომები იყო და არის და იქნება", - განაცხადა ზეპ ბლატერმა.

ნიკოლოზ ნეფარიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული