მესი: გერმანიას ორს გავუტან!

AutoSharing Option
ლეო მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე საკმაოდ კარგად თამაშობს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ბრწყინავს. ფაქტია, მისგან უფრო მეტს ველით. გულშემატკივრები ლეოსგან პირველ რიგში გოლებს ელოდებოდნენ. "ალბისელესტემ" მერვედფინალიც გაიარა და ლეოს ანგარიშზე ჯერ ერთი გოლიც კი არ არის. სამაგიეროდ, მესი გერმანიის ნაკრებს ემუქრება და ამბობს, მეოთხედფინალში დუბლს შევასრულებო.

"აი, ნახავთ, გერმანიის ნაკრებს ორ გოლს გავუტან," - განუცხადა მესიმ არგენტინულ სპორტულ გაზეთ "ოლეს". საქმე იმაშია, რომ ლეო მერვედფინალური მატჩის წინ, რომელშიც არგენტინამ მექსიკა 3:1 დაამარცხა, თურმე დიეგო მარადონას დაენიძლავა. დიეგოს უთქვამს, ზუსტად ვიცი, გოლს
ვერც მექსიკასთან გაიტანო და მესის მისთვის ნიძლავი შეუთავაზებია, რომელზეც დიეგო მაშინვე დათანხმებულა. ლეომ თავის მწვრთნელთან ნიძლავი წააგო და "ოლესთან" ინტერვიუში აღიარა, რომ მექსიკასთან მატჩის შემდეგ მარადონას მეორე ნიძლავი შესთავაზა, ოღონდ პირობა გააორმაგა: გერმანიას ერთს კი არა, ორ გოლს გავუტანო.

"მექსიკასთან ისევ არ გამიმართლა, - ამბობს მესი, - მეკარემ შესანიშნავი დარტყმა ამიღო. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ გერმანიას მაინც გავუტან და თანაც, ორ გოლს".

მოკლედ, მესი გერმანიასთან ორმაგად მონდომებული იქნება. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდებიან მას ბუნდესგუნდის მცველები და მეკარე მანუელ ნოიერი. ფაქტია, რომ შაბათს არა მარტო მესი, არამედ მთელი "ალბისელესტე" ძალიან მონდომებული იქნება, რადგან არგენტინელებს გერმანელებზე შურისძიება სურთ. გეხსომებათ, არგენტინა და გერმანია ერთმანეთს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალშიც შეხვდნენ და ის მატჩი გერმანიამ პენალტების სერიაში მოიგო.
გოტფრიდ ლენცი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული