განა განახევრდა

AutoSharing Option
ურუგვაელებთან მოახლოებული მეოთხედფინალური დაპირისპირების წინ განელებს საკადრო პრობლემები თავზესაყრელად აქვთ. განის ნაკრების ბოლო ფეხბურთელი, რომელიც დაშავდა, გუნდის ლიდერი ასამოა გიანია. მან ტრავმა ერთ-ერთ სანაკრებო ვარჯიშზე მიიღო, მაგრამ როგორც თავად აცხადებს, მეოთხედფინალში თამაშს აუცილებლად შეძლებს. "ფეხი მტკივა, მაგრამ არა უშავს. საქმე საგანგაშოდ არაა და ურუგავისთან ბრძოლისთვის მზად ვარ", - ამბობს გიანი, რომლის გოლმაც განელებს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

თავს კარგად ვერც ამერიკელთა კარში პირველი გოლის გამტანი კევინ-პრინს ბოატენგი გრძნობს, რომელსაც მერვედფინალურ მატჩში მუხლის მყესები დაეჭიმა. ექიმები მის მდგომარეობას გიანისაზე რთულად აფასებენ, მაგრამ
ურუგვაის წინააღმდეგ თამაშის შანსი ბოატენგსაც აქვს.
სამაგიეროდ, მეოთხედფინალს ნამდვილად გამოტოვებენ მცველი ჯონათან მენსა და ნახევარმცველი ანდრე აიუ, რომლებმაც აშშ-სთან შეხვედრაში ზედმეტ გაფრთხილებებს გამოჰკრეს ხელი და შესაბამისად, დისკვალიფიცირებულნი არიან.

დაშავებულია განელთა ძირითადი ცენტრალური მცველი ისააკ ფორსა, რომელსაც სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე მხოლოდ სერბეთთან სასტარტო მატჩის ჩატარება დასცალდა. ამდენი საფიქრალის მიუხედავად, კარგ ხასიათზეა განელთა ნახევარმცველი სტივენ აპია:

"მეც და ჩემი თანაგუნდელებიც შესანიშნავ განწყობაზე ვართ. წნეხისგან თავის დაღწევას იოლად ვახერხებთ, როცა საჭიროა, ფეხბურთზე საერთოდ არ ვფიქრობთ და ვცდილობთ, სხეულიც და გონებაც მაქსიმალურად დავასვენოთ. თუმცა ამასთან ერთად, დისციპლინასაც სრულად ვიცავთ. თუკი სხვა გუნდის ფეხბურთელები გამარჯვების შემდეგ სასტუმროდან გადიან და გვიან იძინებენ, განის ნაკრების ფეხბურთელებს საკმარისად სძინავთ, მაგრამ ამავდროულად, ცოლებთან და მეგობარ გოგონებთან განმარტოვების უფლებაც აქვთ. მოკლედ, ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ განური ფეხბურთის ისტორია შევქმნათ".
ლევან ჯანეზაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული