შმეიხელი დანიას მისდგა

AutoSharing Option
ახლო წარსულში სახელგანთქმული დანიელი მეკარე თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების სამუნდიალო ასპარეზობით მეტისმეტად უკმაყოფილო დარჩა და საკუთარი მოსაზრება საჯაროდაც დააფიქსირა. პეტერ შმეიხელმა უმთავრესად, გუნდის მთავარი მწვრთნელი მორტენ ოლსენი და მისი საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა.

"ჩვენმა ფეხბურთელებმა ამ ჩემპიონატზე ღირებული ვერაფერი შექმნეს, იგივე ითქმის მწვრთნელზეც, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში ოპტიმალური შემადგენლობა არ წაიყვანა. მან აქცენტი იმ ვეტერანებზე გააკეთა, რომელთაც წლებია, მაღალ დონეზე თამაში ვეღარ გამოსდით.
ოლსენის ადგილზე, თავის გამოჩენის შანსს ახალგაზრდებს მივცემდი, რომლებიც თამაშში მეტ დინამიკასა და ფანტაზიას შეიტანდნენ. ოლსენს მეტი სათამაშო დრო უნდა
მიეცა კრისტიან ერიქსენისთვის. ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი გამოირჩევა ჩინებული ტექნიკითა და არასტანდარტული ქმედებებით, რაც ყველაზე მეტად აკლდა დანიის ნაკრებს.

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მეგონა, რომ დანიის ნაკრები გუნდი-სიურპრიზი აღმოჩნდებოდა, რეალობა კი გულსატკენი აღმოჩნდა - დანია მსოფლიოს ჩემპიონატს უსახელოდ დაემშვიდობა. არ მესმის, როგორ წააგო ჩვენმა გუნდმა ასე უშანსოდ იაპონიასთან. როცა დანიის ნაკრებში ვთამაშობდი, არც მაშინ გვყავდა მსოფლიო კლასის ბევრი ფეხბურთელი, მაგრამ გუნდი ყოველთვის ბრძოლისუნარიანი იყო. ახლანდელი გუნდისთვის კი ბრძოლის სურვილიც არ შემიმჩნევია", - ამბობს შმეიხელი.
ლევან ჯანეზაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული