ფეხბურთის ღმერთის რენესანსი

AutoSharing Option
მწვრთნელი მარადონას ფილოსოფია: როგორც თქვენ გინდათ, ბიჭებო!

დიეგო მარადონა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ბევრის აზრით, პირდაპირ საუკეთესოს წოდებასაც იმსახურებს. მწვრთნელ მარადონას კი დიდხანს აკრიტიკებდნენ. ფაქტი ის არის, რომ 49 წლის დიეგომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც "ალბისელესტე" გერმანიას უნდა შეხვდეს. მარადონა ამბობს, რომ მისი გუნდი აუცილებლად მსოფლიოს ჩემპიონი გახდება და სხვათა შორის, მუნდიალის დაწყების შემდეგ, მარადონას, როგორც მწვრთნელს, სულ უფრო და უფრო იშვიათად აკრიტიკებენ. ამასთან, დიეგოს შეგირდებს ძალიან უყვართ, რადგან მარადონა მათ სულ სხვანაირად, ძალიან თბილად,
მამაშვილურად ექცევა.


დიეგოს ძმაკაცი ფიდელ კასტრო მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატს ყურადღებით ადევნებს თვალს. დიდმა კუბელმა რევოლუციონერმა თითქმის ყველა მატჩს უყურა, არადა, 83 წლის ფიდელს ტელევიზორში ფეხბურთის საყურებელი დრო თითქმის არ აქვს ხოლმე. "ფეხბურთი ჩემთვის ადრე მხოლოდ და მხოლოდ თერთმეტი მამაკაცის ჩხუბი იყო, სხვა თერთმეტ მამაკაცთან და თანაც, მხოლოდ და მხოლოდ ბურთის გამო, - ამბობს კასტრო, - მარადონას წყალობით კი, ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა, რომ წესებიც დავიზეპირე და ტაქტიკა-სტრატეგიებშიც გავერკვიე."

კასტრო და მარადონა ძველი ძმაკაცები არიან. მათ ერთმანეთი ათასწლეულის დასაწყისში გაიცნეს. ეს იმ დროს იყო, როცა ნარკოტიკებისგან და ალკოჰოლისგან გაუბედურებულ დიეგოს წონის პრობლემებიც ჰქონდა და კასტროს მიპატიჟებით, კუბაში, სპეციალური სამკურნალო კურსის ჩასატარებლად გაემგზავრა. ეს იყო პერიოდი, რომელზეც მარადონას საყვარელი ექიმი ალფრედო ამბობს: "დიეგო ფაქტობრივად მკდვარი იყო. მე ის ორჯერ მოვაბრუნე საიქიიოდან. ერთხელ სულის ღაფვის პროცესში მყოფ მარადონასთან ერთად ბუენოს აირესში 14 საათი (!) ვიმგზავრე. მისი მიღება და მკურნალობა არცერთ კლინიკას არ სურდა! ეს იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ "ელ დიოსი" (ღმერთს ნიშნავს) ხელებში ჩამაკვდებოდა."

მაგრამ ის პერიოდი დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა და დიეგო მარადონა დღეს თავს ისე კარგად გრძნობს, როგორც ღრმა ყმაწვილკაცობაში გრძნობდა. ალბათ არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მას თავი ასე კარგად მას მერე აღარ უგრძვნია, როცა არგენტინის ნაკრების კაპიტანი იყო და "ალბისელესტეს" მოედანზე მიუძღვოდა ხოლმე. დღეს დიეგო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
"ალბისელესტეს" თავკაცის თანამდებობა მას 2008 წლის ოქტომბერში ჩააბარეს. არადა, უმცირესი სამწვრთნელო გამოცდილება ჰქონდა - 90-იან წლებში ძალიან ცოტა ხანს წვრთნიდა ორ არგენტინულ კლუბს და დაგვეთანხმებით, ამას გამოცდილება არც ეთქმის. შესაბამისად, როცა "ალბისელესტეს" თავკაცად დანიშნეს, ექსპერტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ თქვა, რომ ეს უდიდესი შეცდომა იყო.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინამ იმდენად ცუდად ითამაშა, რომ მუნდიალის საგზურის მოპოვება ბოლო მომენტამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რამაც დიეგოს კრიტიკოსები კიდევ უფრო მოუმრავლა. თავად განსაჯეთ: არგენტინამ მხოლოდ ბოლო ორი თამაშის მოგებით გაინაღდა სამხრეთ აფრიკა 2010-ის საგზური. მიუხედავად ამისა, მუნდიალის დაწყებამდე არგენტინაშიც კი, სადაც მარადონას სახელობის ეკლესიებია აშენებული, სადაც მას აღმერთებენ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ "ალბისელესტეს" სამხრეთ აფრიკაში წარმატებების მიღევა შეეძლო.

მას მერე, რაც არგენტინამ ჯგუფური ეტაპი სამი მოგებით დაძლია და მერვედფინალშიც მარტივად გაიმარჯვა, ვითარება და დიეგოსადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. არგენტინა ახლა უკვე მუნდიალის ერთ-ერთ ფავორტად მიიჩნევა, რაც, სხვებთან ერთად, დიეგოს დამსახურებაცაა.
"არგენტინა ფეხბურთზე შეშლილი და გადარეული ქვეყანაა. მარადონამ ყველას მაგალითი მისცა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე იმ უმძიმეს წნეხს, რომლის ქვეშაც მუნდიალზე მოასპარეზე ნებისმიერი გუნდი ექცევა ხოლმე, - ეს "ალბისელესტეს" მცველის,  მარტინ დემიკელისის სიტყვებია, - როცა გემი იძირებოდა, დიეგომ მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და ერთი სიტყვით, ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ კაპიტნებს სჩვევიათ ხოლმე."

ის, რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ: მწვრთნელი მარადონა არ არის ისეთი სტრატეგი, როგორიც ფაბიო კაპელოა, არც ისეთი მშვიდი და გაწონასწორებულია, როგორებიც ოტმარ ჰიტცფელდი ან ვისენტე დელ ბოსკე არიან და მით უმეტეს არ არის დისციპლინის ისეთი ფანატიკოსი, როგორიც ამ მუნდიალზე ბრაზილიელთა თავკაცი კარლოს დუნგაა. მარადონას გუნდის გაწვრთნისა და მართვის თავისი საკუთარი, მეტად თავისებური, რადიკალური, ბევრისთვის მიუღებელი და მაინც სტილი აქვს.

პრესკონფერენციაზე და ჟურნალისტებთან საუბრისას, დიეგო სკანდალურია და ხშირად უზრდელიც. ერთ დღეს პელეს გალანძღავს, მეორე დღეს მიშელ პლატინის, მესამე დღეს ზეპ ბლატერს, მეოთხე დღეს რომელიმე კოლეგას, მეხუთე დღეს კი ჟურნალისტებს მისდგება. მარადონას ყოველთვის აქვს სათქმელი, თანაც ისეთი, რაც მის გუნდს და ფეხბურთელების მდგომარეობა-პერსპექტივებს არ ეხება. ყოველთვის ამბობს ისეთ რამეს, რამაც მერე უდიდესი დისკუსია და ჟურნალისტების კონტრკითხვები უნდა გამოიწვიოს. ასეთი მიდგომით, ნებსით თუ უნებლიედ, დიეგო მისი ფეხბურთელებისთვის მშვიდ გარემოს ინარჩუნებს - როცა პელეს ლანძღავს, ცხადია, რომ ხონას გუტიერესზე არავინ აღარაფერს ჰკითხავს...

ფეხბურთელებთან ურთიერთობაში კი მარადონა აბსოლუტურად სხვანაირია და ოდნავადაც არ არის ეგოცენტრული. დიეგოსთვის მთავარია, რომ მისი შეგირდები თავს კარგად გრძნობდნენ. სხვა გუნდებისგან განსხვავებით, არგენტინელ ფეხბურთელებს ყოველდღე, 18-დან 21 საათამდე სასტუმროში ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიღებაც კი შეუძლიათ. ლიონელ მესის სასტუმროს მეათე ნომერში ცხოვრება სურდა და მარადონამ სურვილი ულაპარაკოდ აუსრულა, კარლოს ტევესს კი უნდოდა, რომ ნომერში მარტო ყოფილიყო და დიეგომ მას ასეთი პრივილეგია მიანიჭა. მისთვის აქსიომაა ის, რომ ყველა ფეხბურთელი თავს იდეალურად უნდა გრძნობდეს - ისე, როგორც თვითონ მოთამაშეს უნდა. მარადონას არ დაუმალავს, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ თავის დროზე მეც ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ მოთამაშეს თითქმის ყველა სურვილი უნდა შეუსრულდესო.

"დიეგო არის მწვრთნელი, რომელიც ყველა ფეხბურთელთან ძალიან ახლოსაა. მან ყოველთვის იცის, როგორ გრძნობს თავს თითოეული ფეხბურთელი, რადგან ჩვენ მას არასდროს არაფერს ვუმალავთ," - ამბობს მესი. მარადონა მუდმივად იმეორებს, რომ თვითონაც ამ გუნდის წევრია, ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია და ყველას მფარველობს.
მარადონა ვარჯიშებზე თვითონაც თამაშობს ფეხბურთს, თითოეული ფეხბურთელი ხშირად გაჰყავს გვერდით და აგულიანებს, გოლების დროს, სათადარიგოთა სკამთან მდგომი ისე ზეიმობს, თითქოს გოლი თვითონ გაიტანა და ყველა გოლის შემდეგ, ავტორ ფეხბურთელს უდიდეს მადლობებს უხდის. შესაძლოა, ასეთმა მიდგომამ ყველა გუნდში არ გაამართლოს, მაგრამ ფაქტია, რომ არგენტინის ნაკრებში ამართლებს.

"დიეგო ყოველთვის ჩვენი უდიდესი გმირი იყო, არის და იქნება. თითოეული ჩვენთაგანი მისი თამაშებსა და გოლებზე გაიზარდა. ახლა კი, როცა დიეგო ჩვენი მწვრთნელია, ეს მთელი გუნდისთვის განსაკუთრებული პატივი და მოტივაციაა," - ამბობს გონსალო იგუაინი.
მუნდიალზე არცერთ სხვა გუნდში არ თამაშობენ ფეხბურთელები ისე თავისუფლად, როგორც "ალბისელესტეში" - მარადონამ ყველა ფეხბურთელს შთააგონა, რომ გუნდისთვის თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. არგენტინელი ჟურნალისტები წერენ, რომ დიეგო ყოველდღე სხვადასხვა ფეხბურთელებს იბარებს და მათ მხოლოდ ძლიერ მხარეებზე ესაუბრება, რითაც მოტივაციას უორმაგებს და ყველას თავდაჯერებას მატებს. შედეგი: საკლუბო სეზონის გმირი დიეგო მილიტო, რომელმაც მილანის "ინტერთან" ერთად ჰეთ-თრიკი შეასრულა, სათადარიგოთა სკამზე უკმაყოფილო სახით არ ზის და თუ საჭირო გახდა, მზადაა, მოედანზე უდიდესი თავდადებით ითამაშოს.

"ის არის მწვრთნელი, რომლის ხელშიც ფეხბურთელი ყოველთვის თავდაჯერებული იქნება," - ამბობს მესი. ლეოსთან დიეგოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. პრესკონფერენცია ისე არასდროს ჩაივლის, რომ მარადონამ მესი ქებით ცაში არ აიყვანოს და მსაჯებს მისი დაცვა არ მოსთხოვოს. დიეგო მესის დიდი გულშემატკივარია და ამის გამომჟღავნებას არასდროს ერიდება. დაბადების დღეზე დიეგომ მესის ათნომრიანი მაისურა აჩუქა, პირადი წარწერით: "დიდი სიყვარულითა და აღფრთოვანებით. ლეოსთვის. შენი მწვრთნელი, დიეგო."

კრიტიკოსები დღემდე ჩივიან, რომ მარადონა ტაქტიკის გაგებაში არ არის. არადა, ტაქტიკური დისციპლინა არგენტინის ნაკრების ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. შესაბამისად, არც ამ ჩემპიონატზეა და ვერც იმას დავიჩემებთ, რომ "ალბისელესტეს" მწვრთნელი სხვა რომ ყოფილიყო, გუნდი იდეალურად ორგანიზებული იქნებოდა. ოთხი თამაშის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარადონას ფორმაციის არგენტინის ნაკრები, თავის კვალობაზე, საკმაოდ ორგანიზებულია. რამდენადაა ეს თვითონ დიეგოს დამსახურება, ეს უკვე აღარ ვიცით, მაგრამ ფაქტი ფაქტია.

"მარადონა ფეხბურთელებს უდიდეს ენერგიას გადმოგვცემს. მის თითოეულ სიტყვაში ჩანს უდიდესი ენერგია და გამოცდილება. თანაც, დიეგო ლუის ვან გაალივით ყველაფერს დეტალურად გვიხსნის. ასეთ მწვრთნელთან მუშაობა უდიდესი ბედნიერებაა," - აცხადებს დემიკელისი.

მიუხედავად ამისა, ყველა ექსპერტი ამბობს, მარადონას ტაქტიკოსობა არ გაიშვასო. დიეგომ სამწვრთნელო შტაბში ამიტომაც შეიყვანა ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც მისთვის ტაქტიკური რჩევების მიცემა შეუძლიათ. ასისტენტების, ალეხანდრო მანკუსოსა და ექტორ ენრიკეს გარდა, დიეგო ძალიან ხშირად ეკითხება რჩევებს თვით კარლოს ბილარდოსაც.
ამრიგად, მარადონას არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია და დიეგო დარწმუნებულია, რომ გერმანიის ნაკრები ბოლო გაჩერება არ იქნება. მარადონას მწვრთნელის რანგშიც სურს მსოფლიოს ჩემპიონობა. ამბობს, მინდა, რომ არგენტინას ახალი გმირები ჰყავდესო. ამ დროს, თვითონ უდიდესი გმირი ფაქტობრივად თავიდან იბადება. ეს ფეხბურთის ღმერთის რენესანსია.

გოტფრიდ ლენცი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული