არგენტინული ტანგო გერმანიამ იცეკვა

AutoSharing Option
არგენტინა-გერმანია 0:4
არგენტინა (4-3-1-2): რომერო - ოტამენდი (70. ოტამენდი), დემიკელისი, ბურდისო, ჰაინცე - მაქსი როდრიგესი, მასკერანო, დია მარია (75. აგუერო) - მესი - იგუაინი, ტევესი.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ფრიდრიხი, მერტეზაკერი, ბოატენგი (72. იანსენი) - ხედირა (78. კროოსი), შვაინშტაიგერი - იოზილი, პოდოლსკი, მიულერი (84. ტროხოვსკი) - კლოზე.
გოლები: 0:1 მიულერი (3), 0:2 კლოზე (68), 0:3 ფრიდრიხი (74), 0:4 კლოზე (89)
გაფრთხილება: ოტამენდი (11), მიულერი (35), მასკერანო (80)
მატჩი დაიწყო: არგენტინა; კარში დარტყმა: 15(7)-14(6); კუთხური: 5-4; ჯარიმა: 19-10; ბურთის ფლობა:
54%-46%.
არბიტრი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

გერმანიის ნაკრების ყველაზე ოპტიმისტი ფანიც კი ვერ წარმოიდგენდა, თუ მისი საყვარელი გუნდი ასეთი ანგარიშით დაამარცხებდა არგენტინის ნაკრებს, ბუნდესგუნდის ოდინდელ პრინციპულ მეტოქესა და მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთ მშვენებას, ტალანტებით მდიდარ გუნდს თილისმა-მწვრთნელითა და უდიდესი პოტენციალით...

მაგრამ ასეც ხდება ხოლმე, მით უმეტეს, რომ გერმანიამ თავადაც დაამტკიცა, რომ ახალგაზრდა ტალანტები არც მას აკლია, სხვა კომპონენტებით კი საგრძნობლად აღემატებოდა ძლიერ ოპონენტს. პირველ რიგში, გუნდურობასა და კარგად დამუშავებულ ტაქტიკურ გათვლებს ვგულისხმობთ.

არც მატჩის ამგვარი დასაწყისი წარმოედგინათ, ალბათ, არგენტინელებს. ადრეულმა გოლმა დიეგო მარადონას გეგმები თავდაყირა დააყენა. მისი "ალბისელესტე" უკვე მე-3 წუთზე აღმოჩნდა მდევრის როლში - შვაინშტაიგერის მიერ ჩაწოდებულ ჯარიმისას დასწრებაზე ითამაშა მიულერმა და თავურით პირადი სამუნდიალო ანგარიში ოთხამდე გაზარდა, გერმანიას კი თამაშის უაღრესად სასურველი სცენარი დაუწერა. გოლის ეპიზოდში უნდა აღინიშნოს არგენტინელთა მეკარე რომეროს შეცდომაც. ის ვერ გაერკვა სიტუაციაში და ბურთი ბადეში აღმოჩნდა.

არგენტინელებს ერთხანს გაუჭირდათ გონს მოსვლა და გერმანელებს სივრცეებიც დარჩათ უპირატესობის გასაზრდელად. იოახიმ ლიოვის ტაქტიკა ასეთი იყო - მცირე სათამაშო პერიმეტრზე გერმანელები ქმნიდნენ რიცხობრივი უპირატესობას, ეუფლებოდნენ ბურთს და მოკლე პასებით ავითარებდნენ იერიშებს. უნდა ითქვას, რომ არგენტინელთა მწვრთნელმა კონტრტაქტიკა ვერ მოძებნა. ამ სიტუაციაში ბუნდესნაკრებს მეორე გოლის გატანა მალევე შეეძლო - მიულერმა საჯარიმოს კუთხესთან ჩაიგდო ბურთი, გაიჭრა წინ და "დაუხატა" კლოზეს (მე-100 მატჩს ატარებდა ეროვნული გუნდის მაისურით), რომელმაც ბურთი შეუჩერებლივ გაგზავნა კარისკენ, თუმცა ოდნავ არაზუსტად.

არგენტინელებმა ნელ-ნელა დააღწიეს თავი კომბინაციური თამაშის ქსელს, რომელიც გერმანელებმა მთელ მოედანზე გააბეს. მარადონამ გადაადგილებებსაც მიმართა - დი მარიასა და მაქსი როდრიგესს ფლანგები შეუცვალა. პირველზე ამან თითქოს პოზიტიური როლიც ითამაშა. "რეალის" ახალმა ფეხბურთელმა რამდენჯერმე სახიფათოდ ჩააწოდა და ერთი-ორჯერ ნოიერს ახლო კუთხეშიც დაურტყა...

ცალკე თემაა მესი. ის, რომ ლეომ ამ მუნდიალზე გოლი ვერ გაიტანა, ნაკლები პრობლემაა, ვიდრე მისი როლი, რაც მარადონამ დააკისრა. "ბარსელონაში" მესი სულ სხვა გეგმით თამაშობს. იქ მისთვის ამზადებენ შეტევას, ან ხშირ შემთხვევაში თავად ამზადებს იერიშს, როცა მარცხენა ფლანგიდან, მეტოქის საჯარიმოს კუთხეში აფეთქდება ხოლმე. აქ კი მარადონამ ლამის მთელი გუნდი ჩამოჰკიდა კისერზე და მძიმე სეზონით დაქანცულმა ლეომ ამ ტვირთს ვერ გაუძლო. თან ისიც უნდა ითქვას, რომ მას აშკარად ხელს უშლიდა ტევესი, რომელიც უადგილოდ იხევდა უკან და შეტევის ხელშეწყობის ნაცვლად, მესის ხელს უშლიდა. შეიძლება, უკეთესი ყოფილიყო, დიეგოს შეტევების ორგანიზატორად ვერონი დაეყენებინა, მესი კი უფრო წინ წაეწია... თუმცა ეს მისი არჩევანი იყო. აქვე ერთიც უნდა ვთქვათ - არგენტინას ძალიან აკლდა მარჯვნივ ხავიერ ძანეტი და საყრდენად ესტებან კამბიასო...

სადღაც 30-ე წუთიდან არგენტინელებმა როგორც იქნა სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს და გერმანელთა დაცვას ძალიან გაუჭირდა. ლიოვის ლოკალური ამოცანა იყო, ტაიმი როგორმე 1:0-ით დაემთავრებინა...

მეორე ტაიმი არგენტინელებმა უფრო სწრაფ ტემპში დაიწყეს. შეიძლება ითქვას, პირველი 15 წუთი ულაპარაკოდ სამხრეთამერიკელებისა იყო. დიეგოს ბიჭები სახიფათოდ ტრიალებდნენ გერმანელთა საჯარიმოს სიახლოვეს, ხან ფლანგებიდან ცდილობდნენ შესვლას, ხან შორიდან ურტყამდნენ... გასახსნებელია დი მარიას შორეული გასროლა, რომელმაც ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა....

მოკლედ, "ალბისელესტე" გოლს ამწიფებდა. და ამ დროს, გერმანელთა ერთმა შეტევამ ყველაფერი შეცვალა - ოტამენდიმ უყურადღებოდ ითამაშა თავის ზონაში და ბურთი გადააბარა პოდოლსკის, რომელსაც თავადაც შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ კლოზესთვის გადაწოდება ამჯობინა, ამ უკანასკნელს კი ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია.

არგენტინა გატყდა, ბუნდესგუნდმა კი გაილაღა და მეტოქის დაცვისა და ნახევარდაცვის სისუსტეებით მშვენივრად ისარგებლა. ლიოვის გუნდის მოედნის სრული ბატონ-პატრონი გახდა. განსაკუთრებით ბრწყინავდა შვაინშტაიგერი (როგორ ზუსტად ამოიცნო ლიოვმა მისი ფუნქცია), რომელმაც არნახულად დიდი როლი ითამაშა თავისი გუნდის გამარჯვებაში. მესამე გოლი მან შექმნა, როცა რეაქტიულად შეიჭრა საჯარიმოში და დაბალი გადაცემა გააკეთა კარის გასწვრივ, სადაც ცენტრალური მცველი ფრიდრიხი აღმოჩნდა და ბურთი ბადეში შეგორდა.

მეოთხე გოლი კი კვლავ კლოზემ შეაგდო. ამჯერად, იოზილმა (ყველაზე უფერული ამ შეხვედრაში გერმანელთა მხრიდან) ითამაშა ასისტენტის როლი. მან რბილად დაჰკიდა ბურთი საჯარიმოში, სადაც კლოზემ ერთი შეხებით შეძლო კარის აღება - 4:0! გერმანიის ნაკრების სრული ტრიუმფი და მეტად სიმპათიური არგენტინის ეროვნული გუნდის სამუნდიალო კამპანიის დასასრული.

გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. ისევე, როგორც ოთხი წლის წინ, გერმანიის ნაკრებმა ამჯერადაც მეოთხედფინალში სძლია არგენტინის ნაკრებს, ოღონდ განსხვავებით იმ შეხვედრისგან, რომლის ბედიც პენალტების სერიაში გადაწყდა, ბუნდესნაკრებმა საოცრად იოლი გამარჯვება მოიპოვა...

კლოზემ თავისი მე-100 სანაკრებო მატჩი ჩაატარა, გაიტანა 52 გოლი, აქედან 14 - მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. ამ მაჩვენებლით ის გაუტოლდა თანამემამულეს, "ნაციის ბომბარდირ" გერდ მიულერს, ოღონდ ხაზგასასმელია, რომ ამ უკანასკნელმა 14 გოლს ორ მუნდიალზე (1970 და 1974) მოუყარა თავი, კლოზემ კი სამზე -2002, 2006 და 2010. რაკიღა ეს ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, მიროსლავს აქვს შანსი, გადაუსწროს როგორც მიულერს, ისე რონალდოს, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე (1998, 2002, 2006) 15 გოლი აქვს გატანილი.

და ბოლოს - გერმანიის ნაკრების ისტორიაში დღევანდელი გუნდი ყველაზე ახალგაზრდულია და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს მსოფლიოს ჩემპიონატი, ბუნდესნაკრების ფანებს უთუოდ უნდა ჰქონდეთ წარმატებული მომავლის იმედი.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული