ფხიზელი რუსები, ლოთი ინგლისელები და უმწიკვლო ფიფა

AutoSharing Option
ინგლისსა და რუსეთს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ატეხილი ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა: ინგლისი ჩივის! აქამდე, დაპირისპირება უფრო ფარულად მიმდინარეობდა, ახლა კი ყველაფერმა ხმაურიანი სახე მიიღო.

ინგლისელებმა ფიფას მიმართეს ოფიციალური წერილით, რომელშიც რუსი კოლეგისგან, „რუსეთი 2018-ის“ აღმასრულებელი შეფისგან ალექსეი სოროკინისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ – სოროკინმა შეურაცხყოფა მოგვაყენაო. რა თქვა ასეთი რუსმა ჩინოვნიკმა? გასული კვირის დასაწყისში მან თავის ქვეყანაში გაზეთებს უთხრა, რომ ლონდონი მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქია და იქ ალკოჰოლიზმის პრობლემა აქვთ.

სხვათაშორის, ამ გამონათქვამების გამო სოროკინმა ერთხელ უკვე მოიხადა
ბოდიში. მან ლონდონის მერს ბორის ჯონსონს მეილი გაუგზავნა, სადაც, როგორც მთელი მსოფლიოს ხაფანგში გაბმულ რესპონდეტებს სჩვევიათ, ყველაფერი გაზეთებს გადააბრალა - ჩემი ნათქვამი სწორად ვერ გაიგესო. ერთი სიტყვით, რუსი, რომელიც ინგლისელების ლოთობაზე ლაპარაკობდა მიიჩნევს, რომ ხელმეორედ ბოდიში აღარ აქვს მოსახდელი, ინგლისელებს კი „ჩუმი სინანული“ არ ეპიტნავებათ. მათ, ერთი ქართული სიმღერისა არ იყოს, უნდათ, ეს ბოდიში „გაიგოს მთელმა უბანმა“. ამ „უბნის ბიჭები“ ანუ 2018 და 2022 წლების მასპინძლობის მსურველი ქვეყნების წარმომადგენლები კი ამ კვირაში ციურიხში შეიკრიბნენ. სწორედ იქ ყვებიან ინგლისელები ყველაფერს დეტალებში. მათ სურთ მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსები კონკურენციის წესებს არღვევენ და ზღვარს გადადიან.

პასუხად სოროკინმა თქვა: „არა მგონია ჩემს ნათქვამში ბოდიშის მოსახდელი იყოს რამე. საერთოდაც, ძალიან გამიკვირდა, ინგლისელებმა ასეთ დროს რომ დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ ჩივილი. მართალი გითხრათ, არც თავად საჩივარი მინახავს. არ წამიკითხავს რა წერია შიგ. თუ ჩვენ მას ოფიციალურად გადმოგვცემენ, დასაბუთებულ პასუხს გავცემთ, თუმცა, ვფიქრობ, მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს საფიქრალი არ აკლია“.

სხვათაშორის, ამბობენ, რომ ფიფა ამ საკითხში ინგლისელებს უჭერს მხარს, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ფიფას ეთიკის კომისია გაწამაწიაშია. ის ქვეყნებს შორის ხმების გადანაწილების და ამ ხმებით ვაჭრობის შესწავლითაა დაკავებული.

დავაზუსტოთ რაზეა ლაპარაკი: ფიფას ყოფილმა გენერალურმა მდივანმა მიშელ ზენ-რუფინენმა გუდას პირი მოხსნა და განაცხადა, რომ შეუძლია დაასახელოს საფეხბურთო ბობოლები, რომელთაც ხმები გაყიდეს. მოგახსენებთ, რომ ზენ-რუფინენი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა ფიფაში, მაგრამ ბოლოს პრეზიდენტ ზეპ ბლატერთან უსიამოვნება მოუვიდა და სამსახურიდან წავიდა. ამბობენ, რომ ზენ-რუფინენმა მავან იდუმალ რეპორტიორებს წინასწარ უთხრა ამას და ამას ქრთამი აქვთ აღებული და ამიტომ კენჭისყრის დროს ასე და ასე მოხდებაო. 51 წლის ყოფილი მოხელის თქმით აღმასკომის წევრთაგან ზოგს ფულით თაფლავდნენ, ზოგი ქალებს ხარბდებოდა და ასე შემდეგ.

ფიფა საქმის გამოძიებას დაყაბულდა, მითუფრო, რომ ერთი კვირის წინ გაისმა ახალი ბრალდება – ფიფას აღმასკომის ნიგერიელ წევრს ამოს ამადუს თავისი ხმა 500 ათას ფუნტად გაუყიდია. ამადუ სამსახურიდან გაუშვეს...

ეს ყველაფერი, ერთად აღებული, დიდი ზეწოლის ქვეშ აქცევს 74 წლის ზეპ ბლატერს, რომელიც ასაკის მიუხედავად მაისში ისევ აპირებს ფიფას პრეზიდენტობისთვის ბრძოლას.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალისთვის იბრძვიან: ინგლისი, რუსეთი, ბელგია-ჰოლანდია და ესპანეთი-პორტუგალია.

2022 წლის მუნდიალის მასპინძლობა სურთ: აშშ-ს, ავსტრალიას, იაპონიას, კორეას და ყატარს.

ცნობისათვის: ამბობენ, რომ ესპანეთმა და პორტუგალიამ ყატარს ხმების გაცვლა შესთავაზეს...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული