გერმანიას ბრინჯაო და პერსპექტივა დარჩა

AutoSharing Option
10 ივლისი. პორტ ელიზაბეტი. ნელსონ მანდელა ბეი. 40 000 მაყურებელი
ურუგვაი-გერმანია 2:3
ურუგვაი (4-3-1-2)
: მუსლერა - ფუსილე, ლუგანო, გოდინი, კასერესი - პერესი (77. გარგანო), მაქსიმილიანო პერეირა, არევალო - ფორლანი - კავანი (89. აბრეუ), სუარესი.
გერმანია (4-2-3-1): ბუტი - ბოატენგი, ფრიდრიხი, მერტეზაკერი, აოგო - ხედირა, შვაინშტაიგერი - იანსენი (81. კროოსი), მიულერი, იოზილი (90. ტასკი) - კაკაუ (73. კისლინგი).
გოლები: 0:1 მიულერი (19), 1:1 კავანი (28), 2:1 ფორლანი (51), 2:2 იანსენი (57), 2:3 ხედირა (82)
გაფრთხილება: აოგო (5), კაკაუ (7), პერესი (61),
ფრიდრიხი (90)
მატჩი დაიწყო: ურუგვაი; კარში დარტყმა: 13(8)-16(7); კუთხური: 6-12; ჯარიმა: 13-11; ბურთის ფლობა: 48%-52%.
არბიტრი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა)

მესამე ადგილისთვის მატჩი ყოველთვის არ გამოდის ასეთი დრამატული და სანახაობრივი. ნახევარფინალში დამარცხებული გუნდების მოტივირება ძნელია, რადგან, როცა უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლაში ფინალამდე აგებ, ფსიქოლოგიური რესურსი აღარ გრჩება იმისთვის, რომ ბრინჯაოს მედლის ჩამოსაკიდებლად განეწყო. თუმცა ასე ყოველთვის არ ხდება - ურუგვაის ნაკრები 40 წელი ელოდა მსოფლიოს ჩემპიონატიდან რაიმე სინჯის მედლის წაღების შანსს და ბუნებრივია, ამ შანსისთვის აუცილებლად იბრძოლებდა.

რაც შეეხება გერმანიას, როგორც ერთ-ერთ საფეხბურთო მონსტრს, ცხადია, მუდამჟამს ჩემპიონობის მოგების პრეტენზია აქვს, მით უმეტეს ამ ჩემპიონატზე, როცა ერთმანეთის მიყოლებით გააცამტვერა ინგლისი და არგენტინა... მაგრამ ერთობ პერსპექტიული ბუნდესგუნდი ესპანურმა მონოლითმა შეაჩერა და დაუტოვა მესამე ადგილის შანსი. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიის ეს ნაკრები ამ მუნდიალზე ყველაზე ახალგაზრდული გახლდათ და ბევრი ფეხბურთელისთვის მსოფლიოს თასზე გამოსვლა ახალი ხილი იყო, ეტყობა აქედან მოდიოდა ის მოტივაცია, რაც იოაჰიმ ლიოვის შეგირდებმა პორტ ელიზაბეტის "ნელსონ მანდელაზე" გამოაჩინეს.

ურუგვაის მეტად სიმპათიურ და მებრძოლ ნაკრებს შემადგენლობა ამჯერად მართლა საბრძოლო ჰყავდა. ოსკარ ტაბარესის გუნდს დაუბრუნდა ლუის სუარესიც, რომელმაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. გერმანელთა თავკაცს, ავადმყოფობისა და ტრავმების გამო, ერთბაშად 5 ცვლილების განხორციელებამ მოუწია. ზურგის ტრავმის გამო არ იყო მიროსლავ კლოზესიც, რომელიც მატჩის ერთ-ერთი ინტრიგა უნდა ყოფილიყო. ის ამ მუნდიალზე რონალდოს რეკორდის (15 გოლი მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე) გაუმჯობესებას იმედოვნებდა, მაგრამ დარჩა 14 გოლითა და იმ იმედით, რომ ოთხი წლის შემდეგ, როცა 36 წლისა იქნება, როგორღაც მოხვდება ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე და რონალდოს მიღწევას მისსავე სამშობლოში დაამხობს...

თუმცა მანამდე ბევრი წყალი ჩაივლის და მოდით, ამ თამაშს მივყვეთ. ვერ ვიტყვით, რომ თამაში დაზვერვით დაიწყო. ორივე გუნდმა თავიდანვე სცადა თამაშის სადავეების ხელში აღება, მაგრამ მოედნის ცენტრში უპირატესობა ვერავინ მოიპოვა. ანგარიში გაიხსნა მე-19 წუთზე, როცა შვაინშტაიგერის დარტყმის შემდეგ მეკარე მუსლერამ (ურუგვაელთა ყველაზე სუსტი წერტილი ამ ჩემპიონატში) ბურთის ვერ შეიმაგრა და იქვე გაჩნდა მიულერი, რომელმაც ამ ტურნირზე მე-5 გოლი გაიტანა. ხაზგასასმელია, რომ ამ ჩემპიონატის აღმოჩენას 3 საგოლე პასი აქვს გაკეთებული და ამ მაჩვენებლით პირველია. მის დაწევა ხვალ დავიდ ვილიასა და ვესლი სნეიდერს შეუძლიათ (ორივე 5 გოლი და ერთი საგოლე პასი), თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ვფიქრობთ, მიულერი მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს მოიგებს.

დავუბრუნდეთ თამაშს, რომელიც გერმანელთა გოლის შემდეგ შეიცვალა - ურუგვაელები გააქტიურდნენ და მალე წონასწორობაც აღადგინეს. სუარესმა გარღვევაზე გაიყვანა ედისონ კავანი, რომელიც პერ მერტეზაკერსაც გაუმკლავდა და მეკარე ჰანს-იორგ ბუტსაც - 1:1.
პირველ ტაიმში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა, მაგრამ ეს მოხდა მეორე ნახევრის დასაწყისში და თან როგორ - სამხრეთამერიკელთა ლიდერმა დიეგო ფორლანმა, რომელიც სრულიად სამართლიანად მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მაძიებელია, ეგიდიო არევალოს პასი კარიდან 15 მეტრში მიიღო და ნახევარბრუნით ჰაერშივე ამოსცხო ბურთს, რომელიც მიწაზე დაეცა და ბადეში გაეხვია. ბუტი არც განძრეულა - 1:2.

ურუგვაის ნაკრებმა გამარჯვება იყნოსა და უნდა ითქვას, რომ ერთი ხანობა სერიოზულ უპირატესობასაც ფლობდა, გერმანელთა კართან იმავე ფორლანის მეცადინეობით კიდევ შეიქმნა საგანგაშო სიტუაცია, მაგრამ ჯერ ბუტმა ივარგა, მერე კი სუარესის დარტყმული მცირე მანძილით ასცდა მიზანს.

ამასობაში გერმანელებიც მოვიდნენ გონს და სიმძლავრეები ჩართეს. საინტერესო თამაში გაჩაღდა - ორმხრივი მწვავე იერიეშებით, ეფექტური კომბინაციებით (თუმცა ბევრი წუნითაც)... ანგარიში მალევე გათანაბრდა. ბოატენგმა, რომელიც ამ თამაშში მარჯვენა მცველად ირჯებოდა, თავზე დაასვა ბურთი მარსელ იანსენს, რომელმაც მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით ისარგებლა - 2:2.

ამის მერე ბუნდესგუნდს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვია. 82-ე წუთზე ურუგვაელთა კართან შექმნილი წამიერი გაურკვევლობით მშვენივრად ისარგებლა სამი ხედირამ, რომელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით (თურმე) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არადა, დიდი იყო შანსი, მატჩი დამატებით დროში გადასულიყო - უკვე ამოწურული იყო დრო, როცა გენიალურმა ფორლანმა ეფექტურად შეასრულა ჯარიმა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხდა და მექსიკელი არბიტრის საფინალო სასტვენიც გაისმა - 2:3 გერმანიის ნაკრების სასარგებლოდ.

ამრიგად, ბუნდესგუნდმა ზედიზედ მეორედ მოიგო ბრინჯაოს მედალი, სულ კი გერმანელები ოთხჯერ (ბოლო ორის გარდა, 1934 და 1970 წლებში) გავიდნენ მესამე ადგილზე.

ყველა მესამეადგილოსანი
1930 - აშშ
1934 - გერმანია
1938 - ბრაზილია
1950 - შვედეთი
1954 - ავსტრია
1958 - საფრანგეთი
1962 - ჩილე
1966 - პორტუგალია
1970 - გერმანიის ფრ
1974 - პოლონეთი
1978 - ბრაზილია
1982 - პოლონეთი
1986 - საფრანგეთი
1990 - იტალია
1994 - შვედეთი
1998 - ხორვატია
2002 - თურქეთი
2006 - გერმანია
2010 - გერმანია




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული