არაბული ფანტასტიკა

AutoSharing Option
ფოტო

დეკემბრის დასაწყისში ფიფას აღმასკომმა ორჯერ განაცვიფრა მსოფლიო - რამდენიმეწუთიანი ინტერვალით მომავალი მუნდიალების მასპინძელ ქვეყნებად ჯერ რუსეთი, შემდეგ კი ყატარი აირჩია. ორივე ეს გადაწყვეტილება საკამათო იყო, თავი გავანებოთ რუსეთს, დღეს ჩვენი თემა ყატარი იქნება - როგორ უნდა უმასპინძლოს ერთი ციცქნა არაბულმა ქვეყანამ მსოფლიოს უმსხვილეს სპორტულ მოვლენას ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რომელსაც საფეხბურთო ტრადიცია არ გააჩნია, სამაგიეროდ უდიდესი პრობლემები აქვს კლიმატის, ადამიანის უფლებების და სხვა მრავალი მიმართულებით.

მაშინ, როცა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატია ჩაფიქრებული - 2022 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე - ამ ქვეყანაში

სიცხე 40 გრადუსს ცელსიუსით იშვიათად თუ ჩამოცდება (ხანდახან კი 50-ია), როგორ გინდა ამ პირობებში ფეხბურთი ითამაშო? თან მაღალი კლასის ფეხბურთი. მიშელ პლატინი და საფეხბურთო ევროპა ცდილობენ ორგანიზატორები ტურნირის იანვარში გადატანაზე დაიყოლიონ, როცა ტემპერატურა ასე თუ ისე ასატანია - საშუალო მაჩვენებელი 30 გრადუსს უახლოვდება. თუმცა თავად ორგანიზატორები 2022 წლისთვის გასაოცარ სტადიონებს გვპირდებიან, კლიმატ-კონტროლით, რომელიც ყველა პრობლემას მოხსნის არენებზე.

ყატარი მუნდიალის მასპინძლობას 12 ეკო-მეგობრულ, კარბონულ სტადიონზე აპირებს, რომლებიც მზის მწველი სხივების ენერგიას ფეხბურთელთა და გულშემატკივართა გასაგრილებლად გამოიყენებენ. როცა თამაშების დღე არ იქნება, მზის ენერგია, რომელსაც ეს სტადიონები გამოიმუშავებენ, ქვეყნის ელექტრომომარაგებას შეეშველება. მოკლედ, 12 ბრწყინვალე (შეხედეთ ილუსტრაციებს) სტადიონი ამავდროულად ენერგიის წყარო იქნება ქვეყნისათვის.

მოგეხსენებათ, ყატარი პატარა ქვეყანაა და მას არაფერში სჭირდება 12 მსოფლიო კლასის სტადიონი, ეს უკვე გათვალისწინებული აქვთ ორგანიზატორებს და მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონებს ისეთი კონსტრუქცია ექნება, რომ მათი დემონტაჟი ძალზე იოლად მოხერხდება. ამიტომაც 12-დან 9 სტადიონს ნაწილობრივი დემონტაჟი ელის, ხელშეუხებელი დარჩება მხოლოდ სამი არენა, რომლებსაც მომავალშიც გამოიყენებენ ეროვნული თუ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისათვის. ცოტა კი გულდასაწყვეტია, რომ ხელოვნების ეს ნიმუშები 2022 წლის მერე ასეთი სახით აღარ იარსებებს, განსაკუთრებით კი დოჰას პორტის მომავალ სენსაციაზე გვწყდება გული, რომელსაც მთლიანი დემონტაჟი ელის.


ლუსაილ აიკონიკ სტედიუმი
"ლუსაილ აიკონიკ სტედიუმი", რომელიც ლუსაილ სიტიში აშენდება 86 250 მაყურებელს დაიტევს და ის გახსნისა და ფინალურ მატჩს უმასპინძლებს მუნდიალზე. სტადიონი ფუნქციონირებას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც გააგრძელებს, მას დემონტაჟი არ ემუქრება. სტადიონი ტრადიციული არაბული ნავის, დჰოუს ესკიზის მიხედვით შეიქმნება და ის გარშემო წყლით იქნება დაფარული.


დოჰა პორტ სტედიუმი
თავიდან ბოლომდე მოდულირებული სტადიონი 44 950 მაყურებლით. ის ყურის ხელოვნურ ნახევარკუნძულზე გაშენდება. მის დიზაინში წყალქვეშა სამყაროს ტონები ჭარბობს. გარე ფასადს ყურის წყალი გააგრილებს და ფანტასტიკურ სანახაობას შექმნის. ფანებს სტადიონამდე მიღწევა შეეძლებათ, როგორც ხმელეთით, ასევე წყლის ტაქსით ან ბორანით. სამწუხაროდ, როგორც კი მუნდიალი მორჩება, ეს საოცრება აღარ იარსებებს, დემონტაჟის შემდეგ დარჩენილ ტრიბუნებს კი არაბები განუვითარებელ ქვეყნებს აჩუქებენ.


სპორტს სიტი სტედიუმი
სტადიონის დიზაინს სული ტრადიციულმა არაბულმა კარავმა ჩაჰბერა. სტადიონი 47 560 ადამიანს დაიტევს. სტადიონის სახურავი, ტრიბუნები, მოედანი, ყველაფერი მოძრავი და მობილური იქნება, რაც "სპორტს სიტი სტედიუმს" ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მოხერხებულ არენად აქცევს მსოფლიოში და მისი გამოყენება სხვადასხვა ღონისძიებებისთვის  იქნება შესაძლებელი, მათ შორის -არასპორტულისაც.


ედუქეიშენ სიტი სტედიუმი
მას ალმასის ფორმები ექნება, დღისით და ღამით სულ სხვადასხვაგვარად იკაშკაშებს. სტადიონი 45 350 მაყურებელს დაიტევს. ეს სტადიონი უნივერსიტეტების ქალაქში აშენდება და იოლად მისასვლელი იქნება მეზობელი ბაჰრეინელი ფანებისთვისაც. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, სტადიონს ნაწილობრივი დემონტაჟი ჩაუტარდება, დარჩება 25-ათასიანი ტრიბუნები და საუნივერსიტეტო სპორტის უმთავრესი არენა გახდება.


უმ სლალ სტედიუმი
ყატარის ისტორიული ციხესიმაგრის ახლოს აშენდება. ის 45 120 ადამიანს დაიტევს. მისი დიზაინი ტრადიციული არაბული ციხესიმაგრეების თანამედროვე გადაწყვეტას ეფუძვნება. მუნდიალის შემდეგ ისიც სანახევრო დემონტაჟს ექვემდებარება, შემდეგ კი სტადიონს "ფკ უმ სლალი" ჩაიბარებს.


ყატარ უნივერსიტი სტედიუმი
ახლა მის ადგილზე მძლეოსნური კომპლექსია, ახალი სტადიონი 43 520 ადამიანს დაიტევს. სტადიონის დიზაინი არაბული გეომეტრიული ფორმებით იქნება დატვირთული. მუნდიალის შემდეგ სტადიონი 23 ათას ადამიანს დაიტევს.


ალ-ღარაფა სტედიუმი
უკვე არსებული "ალ-ღარაფა სტედიუმი" სიმაღლეში გაიზრდება, დაემატება ახალი ტრიბუნები და 44 740 გულშემატკივარს დაიტევს. სტადიონი "შემოწნული" იქნება გარედან. ტურნირი დასრულდება და "ალ-ღარაფა" ისევ ჩვეულ ფორმებს დაუბრუნდება.


ალ-ხორ სტედიუმი
ეს ძალიან ლამაზი არენა ზღვისპირა კურორტის მოტივზე იქნება აგებული. ის 45 330 ადამიანს დაიტევს. სტადიონიდან არაბეთის ყურის ფანტასტიკური ხედი იქნება გადაშლილი.


ალ-რაიან სტედიუმი
ეს სტადიონი უკვე არსებობს, უბრალოდ მისი ტევადობა გაორმაგდება და 44 740 ადამიანს მიაღწევს. არენის გარე ფასადი იქნება დიდი ეკრანი.


ალ-ვაკრა სტედიუმი
ალ-ვაკრა ყატარის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც თევზით ვაჭრობით და ალმასების მოპოვებით იყო განთქმული. სტადიონი სანახევროდ წყალში იქნება, იმ წვლილის აღსანიშნავად, რაც ზღვამ ამ ქალაქის ისტორიაში შეიტანა. ტევადობა - 45 120 მაყურებელი.


ალ-შამალ სტედიუმი
ტევადობა მუნდიალზე - 45 120, მუნდიალის მერე - 19 620. მის დიზაინშიც მეთევზეთა ნავის, დჰოუს ელემენტებია გამოყენებული. გულშემატკივარი დოჰადან ექსპრესმატარებლით ან მეტროთი მოაღწევს, ბაჰრეინიდან - წყლის ტაქსებით და ბაჰრეინ-ყატარის მეგობრობის ხიდის წყალობით.


ხალიფა ინტერნეშნლ სტედიუმი
ეს სტადიონი 2006 წლის აზიის თამაშებისთვის შეალამაზეს. მისი ამჟამინდელი ტევადობა 50 ათასია, მაგრამ მუნდიალის დროს 68 ათასამდე გაიზრდება.



ყატარი ან დავლათ ყატარი
საამირო ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ყატარის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ხმელეთით მხოლოდ საუდის არაბეთს ესაზღვრება, სრუტის იქით კი კუნძული ბაჰრეინია. ბუნებრივი აირითა და ნავთობის ექსპორტით უზომოდ გამდიდრებული ერთ დროს უღარიბესი არაბული საამირო. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით (89 ათასი დოლარი წელიწადში) ყატარი მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა. ყატარში აბსოლუტური მონარქიაა, იქ ალ-ტანის საგვარეულო მეფობს მე-19 საუკუნიდან.

ამირა: ჰამიდ ბინ ხალიფა
ტერიტორია: 11,437 კმ კვ
მოსახლეობა: 1 მლნ 696 ათასი ადამიანი
ფულის ერთეული: რიალი

 

 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული