შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა. IX ტურის წინ: კლასიკო მენდოსაში

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი ტური უნდა გაიმართოს. ამ სათამაშო დღით I წრე დასრულდება და ყველა გუნდს თანაბარი ოდენობის მატჩი ექნება ჩატარებული. უკანასკნელი ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი, რა თქმა უნდა, არგენტინაში შედგება...

ბოლივია-პერუ
გუნდებს ამ გადმოსახედიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი არ აქვთ, თუმცა ვინ იცის...

მასპინძლები პერუს ზღვის დონიდან მაღლა მდებარე ლა პასში დახვდებიან, მაგრამ გაიშვიათებული ჰაერის პირობებში თამაშს პერუელებიც შეჩვეულნი არიან. ასე რომ, ამ მხრივ ბოლივია უპირატესობას ვერ იგრძნობს.

პერუელთა მთავარმა მწვრთნელმა სერხიო მარქარიანმა გა
დაწყვიტა, რომ ბოლივიასთან და 16 ოქტომბერს სტუმრად პარაგვაისთან ორი სხვადასხვა გუნდით ითამაშოს.

ევროპაში მოთამაშე ლეგიონერებს მარქარიანი, ალბათ, ლა პასში საერთოდ არ წაიყვანს და ეს ლოგიკურიც არის.

კოლუმბია-პარაგვაი
კოლუმბიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო 4 თამაშიდან 3 მოიგო და ახლა ხოსე პეკერმანის ბიჭები მეორე ადგილს იკავებენ. მისი მეტოქე პარაგვაი საშინლად თამაშობს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვათ გუნდზე, ვისაც 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვს. არადა, პარაგვაი 1994 წლის მუნდიალის შემდეგ ყველა ტურნირზე მონაწილეობდა.

ფავორიტი ცალსახაა და ეს კოლუმბიაა, მაგრამ პარაგვაელები იბრძოლებენ, რადგან ეს მათთვის, პრაქტიკულად, ბოლო შანსია. სტუმრებს ძალიან გაუჭირდებათ - პეკერმანს თითქმის ყველა ლიდერი მწყობრში ჰყავს და რაც მთავარია, ჯანმრთელია და გოლზე დაგეშილია რადამელ ფალკაო.

ეკვადორი-ჩილე
ეს გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად ორი თვის წინ შეხვდნენ და ეკვადორმა 3:0 მოიგო. თამაში ნიუ იორკში გაიმართა და ორივე გუნდი თითქმის იდეალური შემადგენლობით იყო.

ახლა სასწორზე გაცილებით მეტი დევს. თანაც, ეს ორი გუნდი ერთმანეთის კონკურენტია.

მათ ბოლო ოფიციალური მატჩი ეკვადორში ზუსტად 4 წლის წინ, 2008 წლის 13 ოქტომბერს ჩაატარეს და მაშინ გამარჯვება ეკვადორს დარჩა - მასპინძლებმა კრისტიან ბენიტესის გოლის წყალობით 1:0 მოიგეს. ის შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო, არბიტრმა სამი წითელი და 6 ყვითელი ჩამოარიგა.

არანაკლებ დაძაბულ თამაშს უნდა ველოდოთ 12 ოქტომბერსაც, ბოლოს და ბოლოს საქმე სატურნირო ცხრილის მეზობლებთან გვაქვს; ხოლო, როგორც ამ დროს ამბობენ: ეს არის 6-ქულიანი თამაში.

არგენტინა-ურუგვაი
მთავარი მატჩი, მშვენება არა მარტო ამ ტურის, არამედ მთლიანად შესარჩევი ეტაპის - არგენტინა ურუგვაის წინააღმდეგ. ეს იქნება რიო დე ლა პლატას 179-ე დერბი. აქამდე ჩატარებული მატჩებიდან არგენტინელებს 81 აქვთ მოგებული, 44 ფრედ დასრულდა, ხოლო 53 კი ურუგვაიმ მოიგო.

ურუგვაიმ ბოლო ორი მატჩი ძალიან ცუდად ჩაატარა - ჯერ იყო და კოლუმბიასთან წააგო 0:4, შემდეგ კი შინ ეკვადორს ვერ სძლია (1:1). ამის გამო ახლა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის შეგირდები მე-4 ადგილზე არიან, მაგრამ თუ ეს მატჩი მოიგეს, შესაძლოა პირველ პოზიციაზეც კი გადავიდნენ.

არგენტინელები აგრძელებენ ცოტა ხნის წინ დამკვიდრებულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ნაკრები მთელ ქვეყანაში მოგზაურობს. ამჯერად “ალბისელესტე” მეტოქეს მენდოსაში უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 4 საათზე დაიწყება, მაგრამ ეს ისეთი მატჩია, რომლის გამო გათენება ნამდვილად ღირს.

სავარაუდო შემადგენლობები:
არგენტინა (4-3-3-): რომერო - საბალეტა, ფ. ფერნანდესი, გარაი, როხო - მასკერანო, გაგო, დი მარია - აგუერო, იგუაინი, მესი.
ურუგვაი (4-3-3): მუსლერა - მაქსი პერეირა, ლუგანო, გოდინი, მ. კასერესი - არევალო რიოსი, ა. გონსალესი, გარგანო - ფორლანი, სუარესი, კავანი.

12 ოქტომბერი

ბოლივია-პერუ 00:00
კოლუმბია-პარაგვაი 00:30
ეკვადორი-ჩილე 01:00
არგენტინა-ურუგვაი 04:00

გუნდი
1. არგენტინა 7 4 2 1 15-6 14
2. კოლუმბია 7 4 1 2 12-6 13
3. ეკვადორი 7 4 1 2 8-7 13
4. ურუგვაი 7 3 3 2 15-11 12
5. ჩილე 7 4 0 3 12-13 12
6. ვენესუელა 8 3 2 3 7-8 11
7. პერუ 7 2 1 4 9-13 7
8. ბოლივია 7 1 1 5 7-12 4
9. პარაგვაი 7 1 1 5 5-14 4

ბომბარდირები: 6 - იგუაინი (არგენტინა); 5 - სუარესი (ურუგვაი); 4 - მესი (არგენტინა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამხრეთ ამერიკის კლასიკო. არგენტინა-ურუგვაი: 5 ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული