"სამი ლომის" საწვრთნელ ბანაკში სან-მარინოსთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ (მერე რა, რომ სან-მარინოა?) დიდებული განწყობაა გამეფებული. ფეხბურთელებს ჟურნალისტებთან საუბრისას თუ სოციალურ ქსელებში ერთმანეთი ქებით ცაში აჰყავთ.
ამ მხრივ განსაკუთრებით "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები გამოირჩევიან.
მაგალითად, მაიკლ კერიკს მიაჩნია, რომ დენი უელბეკისთვის ჩია სახელმწიფოს ნაკრებთან ნაჩვენები ფეხბურთი სულაც არ არის მაქსიმუმი და დროსთან თუ გამოცდილებასთან ერთად 21 წლის თავდამსხმელი უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს.
"უელბეკის ტალანტის ნამდვილი
სან-მარინოსთან ის ფანტასტიკური იყო (უელბეკმა დუბლი და შედეგიანი საგოლე გადაცემა მიითვალა. რედ.).
როცა ჩვენთან სათამაშოდ რობინ ვან პერსი მოვიდა, ძალიან ბევრმა იკითხა, კი, მაგრამ უელბეკს რა ელისო. შეკითხვაზე პასუხი თავად ფეხბურთელმა გასცა. ის დღემდე ჩვენი გუნდის განუყრელი ნაწილად რჩება.
თუკი დენი ფეხბურთის თამაშს ასეთივე აღმაფრენით განაგრძობს, უდიდესი მომავალი ელის", - განაცხადა 31 წლის შუახაზელმა.
იაგიელკას ამბიცია
"ევერტონის" ცენტრალურ მცველს, 30 წლის ფილ იაგიელკას ეროვნული გუნდიდან ჯონ ტერის წასვლამ ხელ-ფეხი გაუხსნაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით, მაგრამ ჰოჯსონის გუნდში დამკვიდრების მეტი შანსი რომ მისცა, ფაქტია.
მერსისაიდელი მცველი ნაკრებში საკუთარ პერსპექტივებზე მსჯელობს:
"ჯონმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. ასე რომ, ორ ადგილზე ახლა სხვა ფეხბურთელები დავრჩით.
გარი კეჰილმა სან მარინოსთან მაგრად ითამაშა, ჯოლეონ ლესკოტმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა ევროპის ჩემპიონატი, ამას გარდა არიან სხვა ბიჭებიც, მაგალითად რაიან შოუკროსი, კრის სმოლინგი.
ძალიან მინდა, რომ ნაკრებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს", - აცხადებს ფეხბურთელი, ვისაც "სამი ლომის" ღირსება აქამდე 15-ჯერ დაუცავს.
შიშველი კაპიტანი
სან მარინოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ინგლისელთა დროებით კაპიტან უეინ რუნის სტუმრებმა არამარტო მაისურის, არამედ ტრუსების ჩუქებაც კი სთხოვეს.
ერთადერთი, რის გაჩუქებაზეც 27 წლის ვარსკვლავმა უარი თქვა, კაპიტნის სამკლავური იყო.
ფეხბურთელის თქმით, ეს ნივთი მას სამახსოვროდ სურს.
"ჯერ ერთ მეტოქეს გავუცვალე მაისურა, შემდეგ მეორე მომიახლოვდა და ტრუსები მთხოვა. სხვა რა გზა იყო? ისიც ვაჩუქე...
ცოტა გავოცდი, მსგავსი თხოვნით ჩემთვის აქამდე ჯერ არავის მოუმართავს", - განუცხადა რუნიმ "დეილი ტელეგრაფის" ჟურნალისტს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"