ესპანეთი-საფრანგეთი 1:1 - სამართლიანობა ბოლო წამზე აღდგა

AutoSharing Option
ვიდეო
მსაჯის მიერ დამატებული მესამე წუთი უკვე ამოწურული იყო, როცა ესპანელებმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი დაკარგეს, სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ფრანკ რიბერის პასით მოედანზე ახლად შესულმა ოლივიე ჟირუმ ზუსტი თავურით თავის გუნდს ქულა მოუტანა. ეს ქულა კი, უნდა ითქვას, ფრანგებმა სავსებით დაიმსახურეს.

მადრიდის "ვისენტე კალდერონზე" მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში "სამფეროვნები" აქტიურად უტევდნენ და რამდენიმე კარგი საგოლე შანსიც გაუშვეს ხელიდან. სამართალმა კი ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ იზეიმა.

პირველ ტაიმში აბსოლუტურად განსხვავებული სურათი იყო და სერხიო რამოსის გოლის შემდეგ ესპანელებს ორი ბურთითაც შეეძლოთ
დაწინაურება, თუმცა სესკ ფაბრეგასის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი უგო ლორისმა მოიგერია. თუმცა შესვენებამდე ანგარიში, შესაძლოა, 1:1-იც ყოფილიყო - მსაჯმა თამაშგარეს მომიზეზებით ფრანგებს აშკარა გოლი არ ჩაუთვალა.

ჩვენი ჯგუფის ორი გამოკვეთილი ფავორიტი წინ თანაბარი ქულებით მიიწევს და ჯგუფის გამარჯვებული, დიდი ალბათობით, მომავალი წლის 26 მარტს, პარიზში გასამართ მატჩში გამოვლინდება.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. IV ტური
ესპანეთი-საფრანგეთი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
ესპანეთი: კასილიასი, არბელოა (50. ხუანფრანი), რამოსი, ბუსკეტსი, ალბა, ხაბი ალონსო, ხავი, დავიდ სილვა (13. კასორლა), ინიესტა (75. ტორესი), პედრო, ფაბრეგასი.

საფრანგეთი: ლორისი, დებუში, კოშჩიელნი, სახო, ევრა, კაბაიე, მენეზი (68. მ. სისოკო), გონალონი (57. ვალბუენა), მატუიდი, რიბერი, ბენზემა (88. ჟირუ).
გოლები: 1:0 რამოსი (25), 1:1 ჟირუ (90)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული