ინგლისის ნაკრები: ბევრი ვერაფერი სანახაობა

AutoSharing Option
პოლონეთისა და ინგლისის დაპირისპირება სამშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ ვარშავაში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ მოედანი გამოუსადეგარი გახადა.

იტალიელმა არბიტრმა ჯანლუკა როკიმ შეხვედრის გამართვა შეუძლებლად მიიჩნია. იმავე საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასპინძლებმა კუნძულელებს მატჩის ნოემბერში გადატანა შესთავაზეს, რაზეც თავაზიანი უარი მიიღეს. ასე რომ, შეხვედრა ოთხშაბათს შედგა.

თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. ისინი მეტოქეს საკუთარ ნახევარზევე აწუხებდნენ. მეტოქეებს შეტევაში ფანტაზია არ ჰყოფნიდათ და შესაბამისად, კარში დარტყმებამდე საქმე არ მიდიოდა. პირველი ხიფათისმაგვარი მე-14 წუთზე შეიქმნა, თუმცა ფლანგურ ჩაწოდებაზე ჰარტმა ითამაშა დამაჯერებლად.

21-ეზე კი შეხვედრაში პირველად ჩაერთო
ტიტონი. მან რუნის მოუხერხებელი დარტყმა გააუვნებელყო. 31-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ჯერარდმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ რუნის დაასვა თავზე. თავდამსხმელს ახტომაც არ დასჭირვებია, ისე გაიტანა.

მასპინძლებს გათანაბრება პირველივე ტაიმში შეეძლოთ, მაგრამ ობრანიაკის დარტყმას წინ მცველები გადაეღობნენ. 51-ე წუთზე ჰარტს კიდევ ერთხელ მოუხდა თამაშში ჩართვა. მან შორეული დარტყმა მოიგერია.

70-ე წუთზე ჯერ უელბეკსა და მერე რუნის შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ პირველს ტიტონმა არ დაანება, მეორეს - სიზუსტემ უმტყუნა. ვერ გეტყვით, რამე ლოგიკა თუ არის გამოთქმაში, არ გაიტან, გაგიტანენო, მაგრამ ფაქტია, რომ 1 წუთში ზუსტად ასე მოხდა: გლიკმა კუთხურისას თავით ყველას აჯობა. ამ შემთხვევაში ვერც ჰარტმა იყოჩაღა და 1:1.

პოლონეთი-ინგლისი 1:1
ინგლისი: ჰარტი - ჯონსონი, იაგიელკა, ლესკოტი, კოული - მილნერი, კერიკი, ჯერარდი, კლევერლი - რუნი (73. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), დეფო (67. უელბეკი)
გოლები: 0:1 რუნი (32), 1:1 გლიკი (70)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 4 2 2 0 12-2 8
2. ჩერნოგორია 3 2 1 0 9-2 7
3. პოლონეთი 3 1 2 0 5-3 5
4. მოლდოვა 4 1 1 2 2-7 4
5. უკრაინა 3 0 2 1 1-2 2
6. სან მარინო 3 0 0 3 0-13 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული