2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების წინ: ზაგრებში ომი იქნება?

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საკმაოდ საინტერესო მატჩებით განახლდება.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება პირველი ჯგუფში, ზაგრებში გაიმართება. გარდა ხორვატია-სერბეთის დუელია, პარასკევს კიდევ არაერთი საინტერესო და ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტი მატჩიც შედგება...

A ჯგუფი
სათამაშო დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ზაგრებში გაიმართება, სადაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთმანეთს ხორვატია და სერბეთი შეერკინებიან.

ვფიქრობთ, ყველამ ძალიან კარგად იცით თუ რასაც ნიშნავს ეს შეხვედრა ორივე ქვეყნისთვის.

ხორვატიას და სერბეთს ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ, სამაგიეროდ ევრო 2000-ის შესარჩევ ჯგუფში ერთად ხორვატია და იუგოსლავია მოხვდნენ (მაშინ, სერბები და ჩერნოგორიელები ჯერ
კიდევ ერთად თამაშობდნენ).

ორივე მატჩი უაღრესად მტრულ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ბელგრადის მატჩი 0:0 დასრულდა, ზაგრებში კი გუნდები ბოლო ტურის შეხვედრას მართავდნენ.

ხორვატებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, სერბებს (იუგოსლავებს) კი ფრედ ჰყოფნიდათ. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით ჩაატარეს, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, იუგოსლავია ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, მეორე ადგილი ირლანდიას ერგო, ხორვატები კი მესამეზე გავიდნენ და ფინალური ეტაპის მიღმა დარჩნენ.

დღევანდელ შეხვედრაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული - მარცხის ან თუნდაც ფრის შემთხვევაში, სერბები მუნდიალის საგზურის მოპოვების შანსებს მკვეთრად შეიმცირებენ. ფრე არც ხორვატებს აწყობთ, რადგან იგორ შტიმაცის შეგირდები პირველი პოზიციისთვის იბრძვიან, რომელზეც პრეტენზიას ბელგიის უნიჭიერესი ნაკრებიც აცხადებს.

ბელგიელები ამ ტურში სტუმრად მაკედონიას ხვდებიან და ფავორიტებადაც ითვლებიან. მარკ ვილმოტსმა ყველა წამყვანი ფეხბურთელი გამოიძახა და მას ტრავმის გამო არავინ გამოკლებია. რაც მთავარია, მწყობრშია მარუან ფელაინი, რომელიც "ევერტონში" საოცარ სეზონს ატარებს.

მეკარეები: მინოლე, ჟილე, კურტუა; მცველები: ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, ვერმაელენი, ვან ბუიტენი, პოკონიოლი; ნახევარმცველები: დემბელე, ფელაინი, დე ბრუინი, აზარი, დეფური, ვიტსელი, მერტენსი; ფორვარდები: ბენტეკე, მირალიასი, ფოსენი, ლუკაკუ... - ბელგიას საოცარი, უნიჭიერესი და ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. ამ გუნდმა უახლოეს წლებში დიდ წარმატებებს უნდა მიღწიოს.

კიდევ ერთი დერბი შოტლანდიაში გაიმართება - სკოტები უელსელებს უმასპინძლებენ. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრაქტიკულად ბოლო შანსია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარეთ ბეილმა ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღოს, რაც მასპინძლებს გამოკვეთილ ფავორიტად აქცევს. თუ მაინც ითამაშა, ძალიან საინტერესო იქნება მისი და ჩარლი ადამის დაპირისპირება - "სტოკის" ფეხბურთელსა და "ტოტენჰემის" ლიდერს წარსულში არაერთი კონფლიქტი მოსვლიათ, რის გამოც ერთხელ ბეილმა ადამს "ლაჩარიც" კი უწოდა.

22 მარტი
ხორვატია-სერბეთი 21:00
მაკედონია-ბელგია 23:45
შოტლანდია-უელსი 00:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 4 3 1 0 8-1 10
2. ხორვატია 4 3 1 0 6-2 10
3. მაკედონია 4 1 1 2 3-4 4
4. სერბეთი 4 1 1 2 6-5 4
5. უელსი 4 1 0 3 3-11 3
6. შოტლანდია 4 0 2 2 2-5 2

B ჯგუფი
ბულგარელები მალტას მასპინძლობენ და მიუხედავად ბოლო პერიოდში კუნძულელთა მომძლავრებისა, სლავებს მათთან პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.

ბულგარელთა რიგებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ლუბო პენევის გუნდს ჯერ თამაში არ წაუგია.

მალტელებმა ბოლო ორი ამხანაგური მატჩიდან ერთი მოიგეს (ლიხტენშტეინთან 1:0) და ერთი ფრედ დაასრულეს (ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:0). ასე რომ, ამ გუნდთან ხუმრობა არ შეიძლება, რაც ქართველებმაც ძალიან კარგად ვიცით...

ამ ჯგუფში მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისთვის მიდის, რომელზეც პრეტენზიას, ბულგარელების გარდა, სომხები, ჩეხები და დანიელები (მალტელებთან ბოდიში) აცხადებენ. სწორედ ეს ორი უკანასკნელი დაუპირისპირდება ერთმანეთს პრაღაში. საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო 4 შეხვედრა (მათ შორის ამ შესარჩევ ეტაპზე) ფრედ დასრულდა, ხოლო 1998 წლიდან მოყოლებული გამართულ 9 მატჩში, დანიელებმა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს (3-ჯერ ჩეხეთმა იმარჯვა, 5 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა).

22 მარტი
ბულგარეთი-მალტა 20:00
ჩეხეთი-დანია 23:30

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 4 3 1 0 10-4 10
2. ბულგარეთი 4 1 3 0 4-3 6
3. ჩეხეთი 3 1 2 0 3-1 5
4. სომხეთი 3 1 0 2 2-4 3
5. დანია 3 0 2 1 2-4 2
6. მალტა 3 0 0 3 1-6 0

C ჯგუფი
შვედებთან დაკარგული ქულების შემდეგ (4:4), გერმანიის ნაკრები ყაზახეთს ხვდება და მიუხედავად იმისა, რომ ჰუმელსი-ბადშტუბერის გარეშე იასპარეზებს, ასტანადან, რა თქმა უნდა, სამ ქულას წამოიღებს.

ბუნდესნაკრების რიგებში საეჭვოა სამი ხედირას თამაში, მაგრამ იოახიმ ლიოვს საკმარისი რაოდენობის მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და ხედირას შეცვლა, მითუმეტეს ყაზახეთთან, არ უნდა გაუჭირდეს. ეს გუნდები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ - ევრო 2012-ის შესარჩევ ეტაპზე, გერმანიამ ყაზახებს შინ 4:0 მოუგო, ასტანაში კი 3:0 სძლია.

ასევე იოლი გასეირნება ელის ავსტრიას, რომელიც საკუთარ კედლებში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაკრებს მასპინძლობს.

მარსელო კოლერის
გუნდმა ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრა წააგო (0:3 კოტ დივუართან და 1:2 უელსში) და ახლა რეაბილიტაცია სჭირდება.

ჯგუფის გამორჩეული შეხვედრა კი შვედეთსა და ირლანდიას შორის გაიმართება. რეალურად, მიუხედავად გერმანიიდან წამოღებული ქულისა, შვედების მთავარი მიზანი მაინც მეორე ადგილის დაკავებაა, რომელზეც პრეტენზიას ირლანდიაც აცხადებს.

ჯოვანი ტრაპატონის
კრებულმა ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში პოლონეთს მოუგო (2:0, გოლები კლარკმა და ჰულაჰანმა გაიტანეს) და გერმანიასთან განცდილი კოშმარი (1:6 დუბლინში) თითქოს დაივიწყა.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში შვედებს მცირე უპირატესობა აქვთ: 4 მოგება 3-ის წინააღმდეგ, თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ ბოლო ორი მატჩი ირლანდიელებმა მოიგეს, თანაც ისე, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიუღიათ.

22 მარტი
ყაზახეთი-გერმანია 22:00
ავსტრია-ფარერები 23:30
შვედეთი-ირლანდია 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 4 3 1 0 15-6 10
2. შვედეთი 3 2 1 0 8-5 7
3. ირლანდია 3 2 0 1 7-8 6
4. ავსტრია 3 1 1 1 5-2 4
5. ყაზახეთი 4 0 1 3 1-8 1
6. ფარერები 3 0 0 3 2-9 0

D ჯგუფი
ჰოლანდიის ნაკრები ესტონეთს ხვდება და მორიგი სამი ქულის ასაღებად ემზადება. ლუის ვან გაალმა კვლავ დიდი ნდობა გამოუცხადა ახალგაზრდებს, თუმცა ამჯერად გამოცდილი ფეხბურთელებიც არ დავიწყებია.

"ორანიეს" კლაას-იან ჰუნტელაარი ვერ დაეხმარება - "შალკეს" ფორვარდი ტრავმირებულია, მაგრამ ეს მასპინძლებს პრობლემებს ვერ შეუქმნის. ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების აზრით, ცენტრფორვარდის პოზიციაზე რობინ ვან პერსი გაირჯება, რომელსაც ფლანგებიდან რობენი და ლენსი მიეხმარებიან.

საინტერესოა, ითამაშებს თუ არა 18 წლის ტონი ვილენა - "ფეიენოორდის" ნახევარმცველი ნაკრებში პირველად არის გამოძახებული.

ბუდეპეშტში ორი კონკურენტის ჯახია: უნგრეთი რუმინეთს უმასპინძლებს. ორივე ამ ნაკრებმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების მთავარი პრეტენდენტი, თურქეთის ნაკრების დაამარცხა (რუმენელებმა ამის გაკეთება საერთოდ სტუმრად მოახერხეს), რის გამოც თურქები მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან და დღევანდელი გადმოსახედიდან უშანსოდ არიან.

თუმცა, ამ ტურში აბდულა ავჩის შეგირდები ანდორაში თამაშობენ, საიდანაც სამ ქულას აუცილებლად წამოიღებენ, ხოლო ბუდაპეშტის შეხვედრა თუ ფრედ დასრულდა, ჩვენს მეზობლებს მეორეზე გასვლის შანსი მკვეთრად გაეზრდებათ.

რუმინეთის ნაკრებში კვლავ გამოძახებულია ადრიან მუტუ, რომელიც "აიაჩოში" შესანიშნავ სეზონს ატარებს.

34 წლის ვეტერანმა, ბოლო წელიწად-ნახევარში, ეროვნული გუნდის რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. თუ უნგრელებთან გოლს გაიტანს, მუტუ გეორგე ჰაჯის წამოეწევა (35 გოლი ნაკრებში) და რუმინეთის ყველა დროსი საუკეთესო თანაბომბარდირი გახდება.

22 მარტი
ანდორა-თურქეთი 22:15
ჰოლანდია-ესტონეთი 23:30
უნგრეთი-რუმინეთი 23:30

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 4 4 0 0 13-2 12
2. უნგრეთი 4 3 0 1 10-5 9
3. რუმინეთი 4 3 0 1 8-4 9
4. თურქეთი 4 1 0 3 4-6 3
5. ესტონეთი 4 1 0 3 1-6 3
6. ანდორა 4 0 0 4 0-13 0

Sportall.Ge

E ჯგუფი
ეს ჯგუფი ყველაზე თანაბარი და არაპროგნოზირებადია, თუმცა ფავორიტი აქაც ნელ-ნელა იკვეთება. შვეიცარია სხვებზე უკეთესი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც ქაღალდზე, ასევე მინდორზე.

ამ ტურში, ოტმარ ჰიტცფელდის შეგირდები კვიპროსში ითამაშებენ და მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებენ.

საინტერესოა, როგორ ითამაშებს ინოსენტ ემეგარა, რომელიც იანვარში "სიენაში" გადავიდა და ამ გუნდის რიგებში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ემეგარას ეროვნულ გუნდში 8 თამაში აქვს ჩატარებული და ჯერ თავი არ გამოუჩენია.

სლოვენია ისლანდიის ნაკრებს მასპინძლობს. სრეჩკო კატანეცს ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად უნდა ჰქონდეს - მის გუნდს 4 ტურში სამი წაგება აქვს და გარდა ამისა, ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში, სლოვენიელებმა ორი მარცხი განიცადეს - ჯერ მაკედონიაში წააგეს (2:3), შემდეგ კი შინ ბოსნიასთან განადგურდნენ (0:3).

პირველ ტურში ისლანდიასთან წაგების შემდეგ, ნორვეგიელებმა მომდევნო სამ შეხვედრაში 7 ქულა მოაგროვეს და მეხუთე ტურში წარმატებული სერიის გაგრძელებას ალბანელებთან ეცდებიან.

ჯანი დე ბიაზის გუნდის შესაძლებლობებს ძალიან კარგად ვიცნობთ, ამიტომ გავბედავთ და ამ წყვილში ნორვეგიას გამარჯვებას ვუწინასწარმეტყველებთ, თუმცა ვიკინგებს იოლი გასეირნება რომ არ ელით, ეს ცხადზე ცხადია.

22 მარტი
სლოვენია-ისლანდია 21:00
ნორვეგია-ალბანეთი 22:00

23 მარტი
კვიპროსი-შვეიცარია 20:30

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 4 3 1 0 7-1 10
2. ნორვეგია 4 2 1 1 6-5 7
3. ისლანდია 4 2 0 2 4-4 6
4. ალბანეთი 4 2 0 2 5-5 6
5. სლოვენია 4 1 0 3 3-6 3
6. კვიპროსი 4 1 0 3 4-8 3

F ჯგუფი
რუსები ჯგუფში ისედაც კომფორტული უპირატესობით ლიდერობენ, ამ ტურში კი მათი ორი კონკურენტი ერთმანეთს ხვდება, თავად ფაბიო კაპელოს შეგირდები კი ჩრდილოეთ ირლანდიას ეთამაშებიან, რომელიც საკმაოდ სუსტი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს - ულსტერელებს უკვე 12 მატჩია არ მოუგიათ (შესარჩევი და ამხანაგური).

ბოლოს, ჩრდილო ირლანდიელებმა 2011 წლის 10 აგვისტოს, შინ ფარერების ნაკრებთან იმარჯვეს (4:0). ბრიტანელების სტატისტიკა კიდევ უფრო საზარელია, ცოტათი შორს თუ წავალთ: ბოლო 21 შეხვედრიდან, ირლანდიელებმა მხოლოდ 1 მოიგეს (ისიც ფარერებთან), 9 ფრედ დაასრულეს და 11 წააგეს.

თუ კიდევ უფრო შორს გავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბოლო 32 შეხვედრიდან, ჯორჯ ბესტის სამშობლოს შვილებმა 2 მატჩი მოიგეს, 12 ფრედ დაასრულეს და 18 წააგეს. აი, ასეთ გუნდს ხვდება რუსეთის ნაკრები, რომელსაც თავის მხრივ უკვე 7 მატჩია არ წაუგია.

მართალია, სლავებს პაველ პოგრებნიაკი არ ეყოლებათ, მაგრამ ამან სტუმრებს პრობლემები არ უნდა შეუქმნას.

გაცილებით საინტერესო უნდა გამოდგეს ისრაელის და პორტუგალიის დაპირისპირება. მატჩი ისრაელის დროით შუა დღეს გაიმართება, რაც სტუმრებს დისკომფორტს შეუქმნის.

პორტუგალიელები ბოლო დროს კატასტროფულად თამაშობენ - პაულო ბენტუს გუნდმა, ბოლო ოთხი მატჩიდან ვერცერთი მოიგო, თანაც მეტოქეებსაც ხომ გააჩნია:

12 ოქტომბერს პორტუგალია რუსეთთან დამარცხდა და სლავები ჯგუფში დააწინაურა, რამდენიმე დღეში კი კრიშტიანო რონალდომ და კომპანიამ შინ იმ ჩრდილოეთ ირლანდიას ვერ მოუგეს, რომლის ბედოვლათობაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ამას მოჰყვა ორი ამხანაგური მატჩი გაბონთან და ეკვადორთან (შინ).

შედეგი? ერთი ფრე და ერთი მარცხი! მოკლედ, ბენტუ მძიმე დღეშია და თუ სიტუაცია დროულად არ გამოასწორა, შესაძლოა მალე ახალი სამსახურის ძებნა მოუწიოს.

22 მარტი
ისრაელი-პორტუგალია 16:45
ლუქსემბურგი-აზერბაიჯანი 23:15
ჩრდ. ირლანდია-რუსეთი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 4 4 0 0 8-0 12
2. ისრაელი 4 2 1 1 10-5 7
3. პორტუგალია 4 2 1 1 6-3 7
4. ჩრდ. ირლანდია 4 0 3 1 3-5 3
5. აზერბაიჯანი 4 0 2 2 2-6 2
6. ლუქსემბურგი 4 0 1 3 2-12 1

G ჯგუფი
სათამაშო დღის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი სარაევოში უნდა შედგეს: უამრავი გოლის გამტანი და შემტევი ფეხბურთის მქადაგებელი ბოსნია, ტრადიციულად დაცვითი სტილით მოთამაშე საბერძნეთს დაუხვდება. ეს გუნდები ამ შესარჩევში ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და ათენში გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ამჯერად, სამი ქულის აღების მეტი შანსი ბოსნიას აქვს, მაგრამ წლების განმავლობაში ბერძნებმა ერთ რამეში დაგვარწმუნეს - მათი ჩამოწერა არასდროს შეიძლება.

მასპინძლების ერთადერთი დანაკლისი სეად სალიჰოვიჩია. ედინ ჯეკო, ვედად იბიშევიჩი, ზვეზდან მისიმოვიჩი, მირალემ პიანიჩი, სენად ლულიჩი - გუნდის ხუთივე ლიდერი მწყობრშია.

ბერძნებიც საბრძოლო შემადგენლობით არიან, თუ არ ჩავთვლით "შალკეს" და ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, კირიაკოს პაპადოპულოსს, რომელიც ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო დააკლდება.

ლიდერების შეხვედრით შეუძლია ისარგებლოს სლოვაკეთს, რომელიც ლიტვას ხვდება. მეორე ბალტიისპირული ნაკრები ლატვია კი ლიხტენშტეინში ითამაშებს.

22 მარტი
ლიხტენშტეინი-ლატვია 22:30
სლოვაკეთი-ლიტვა 23:10
ბოსნია-საბერძნეთი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 4 3 1 0 15-2 10
2. საბერძნეთი 4 3 1 0 5-1 10
3. სლოვაკეთი 4 2 1 1 5-3 7
4. ლიტვა 4 1 1 2 3-6 4
5. ლატვია 4 1 0 3 5-8 3
6. ლიხტენშტეინი 4 0 0 4 1-14 0

H ჯგუფი
ინგლისელები სან მარინოში ჩავიდნენ - ამ წინადადებით ყველაფერი ნათქვამია. როი ჰოჯსონის სამწყსო მასწავლებლებს, ყასაბებს და სხვა პროფესიის ადამიანებს აუცილებლად დაამარცხებს, თანაც დიდი ანგარიშით.

ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ ბრიტანელებს დაცვის ცენტრში პრობლემები აქვთ.

მოგეხსენებათ, ნაკრებში გამოძახებულმა რიო ფერდინანდმა სანაკრებო კარიერა დასრულებულად გამოაცხადა, გარდა ამისა ტრავმები აწუხებთ გარი კეჰილსა და მაიკლ დოუსონს, რის გამოც, ჟურნალისტების აზრით, დაცვის ცენტრში სმოლინგი-ლესკოტის დუეტი უნდა ვიხილოთ. ასევე გამოძახებულია "ნიუკასლელი" სტივენ ტეილორი, რომელსაც ჯერ ნაკრებში არ უთამაშია.

ევრო 2012-ის ორი მასპინძელი ერთმანეთს ვარშავაში შეხვდება. პოლონელებმაც და უკრაინელებმაც შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყეს.

ეს განსაკუთრებით უკრაინელებზე ითქმის - ოლეგ ბლოხინის შეგირდებს ჯერ თამაში არ მოუგიათ და თუ ფინალურ ეტაპზე გასვლა სურთ, პოლონეთიდან აუცილებლად სამი ქულა უნდა წამოიღონ.

ანალოგიურ მდგომარეობაში არიან მასპინძლებიც, რადგაც ჩერნოგორია უკვე საკმაოდ წინ არის, მეორეზე მყოფი ინგლისი კი ამ ტურში ქულებს ნამდვილად არ დაკარგავს.

ჯგუფის ლიდერი ჩერნოგორია მოლდოვაში ითამაშებს და პირველ რიგში ორი ლიდერის, მირკო ვუჩინიჩის და სტევან იოვეტიჩის იმედი ექნება. გამარჯვების შემთხვევაში, ბრანკო ბრნოვიჩის შეგირდები, როგორც მინიმუმ, პლეი ოფისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

22 მარტი
მოლდოვა-ჩერნოგორია 23:30
პოლონეთი-უკრაინა 23:45
სან მარინო-ინგლისი 00:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩერნოგორია 4 3 1 0 12-2 10
2. ინგლისი 4 2 2 0 12-2 8
3. პოლონეთი 3 1 2 0 5-3 5
4. მოლდოვა 4 1 1 2 2-7 4
5. უკრაინა 3 0 2 1 1-2 2
6. სან მარინო 4 0 0 4 0-16 0

ბომბარდირები: 5 - ჯეკო (ბოსნია), ჰემედი (ისრაელი), იოზილი (გერმანია); 4 - დელიბაშიჩი (ჩერნოგორია), იბიშევიჩი (ბოსნია), მისიმოვიჩი (ბოსნია).

სამხრეთ ამერიკა
შესარჩევი ეტაპი განახლდება სამხრეთ ამერიკაშიც. ოთხი წყვილიდან სამს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, ხოლო პერუ-ჩილეს შეხვედრაზე წინასწარ რაიმეს თქმა ძალიან რთულია. უბრალოდ, იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ პერუს უკვე სამი თამაშია არ მოუგია, ხოლო ჩილეს ბოლო სამი შეხვედრა საერთოდ წაგებული აქვს, რის გამოც ნაკრებს უკვე ახალი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი ჰყავს.

კოლუმბია ბოლივიას მასპინძლობს და მშვენიერი შანსი აქვს მეორე ადგილზე გადავიდეს. ხოსე ნესტორ პეკერმანს ყველა ლიდერი მწყობრში ჰყავს. ბოლივიელები სტუმრად არც თუ ისე კარგად თამაშობენ და რადამელ ფალკაოს, ჯექსონ მარტინესის და ჯეიმს როდრიგესის ტრიოს შეჩერება ძალიან უნდა გაუჭირდეთ.

ალეხანდრო საბელიამ ისევ არ გამოიძახა ფაკუნდო რონკალია-გონსალო როდრიგესის წყვილი. უბრალოდ გაუგერია, რით არის გამოწვეული "ფიორენტინას" მცველების იგნორირება - ორივე ხომ მშვენიერ სეზონს ატარებს, თანაც "ალბისელესტეს" სწორედ დაცვაში უჭირს.

ასევე, გამოძახებულთა შორის ვერ ვხედავთ მაურო იკარდის, რომელმაც დილემა გადაჭრა და არგენტინის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, მაგრამ რად გინდა, საბელიამ 20 წლის ფორვარდი არ მიიწვია.

სამაგიეროდ, ნაკრებში კვლავ დაბრუნდნენ პაბლო გინიასუ (34 წლის) და სებასტიან დომინგესი (31 წლის).

ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა: საბელიამ ნაკრებში უხმო "მონტერეის" 28 წლის მცველ ხოსე მარია ბასანტას, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში არ უთამაშია. ანუ, ეს ფეხბურთელი ნაკრებში დიეგო მარადონამაც კი არ გამოიძახა, არადა დიეგომ ნაკრებში მოღვაწეობის პერიოდში, არგენტინის ფორმა 110-მდე ფეხბურთელს მოარგო.

ბოლო, მე-9 ადგილზე მყოფი პარაგვაი ურუგვაის სტუმრობს. ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდი ბოლო დროს ძალიან ცუდად თამაშობდა - ურუგვაელებმა შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 4 შეხვედრა ვერ მოიგეს, რის გამოც გუნდი უკვე მეხუთე, საპლეიოფო ადგილზეა. პარაგვაიზე კი რა უნდა ვთქვათ - ჩახედეთ ცხრილს და განსაკუთრებით ამ გუნდის მიერ გატანილი გოლების რაოდენობას დააკვირდით...

22 მარტი
კოლუმბია-ბოლივია 23:55
ურუგვაი-პარაგვაი 02:00
არგენტინა-ვენესუელა 04:00
პერუ-ჩილე 06:10

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 9 6 2 1 20-7 20
2. ეკვადორი 9 5 2 2 12-9 17
3. კოლუმბია 8 5 1 2 14-6 16
4. ვენესუელა 9 3 3 3 8-9 12
5. ურუგვაი 9 3 3 3 16-18 12
6. ჩილე 9 4 0 5 14-18 12
7. ბოლივია 9 2 2 5 12-14 8
8. პერუ 9 2 2 5 10-15 8
9. პარაგვაი 9 2 1 6 6-16 7

ბომბარდირები: 7 - იგუაინი (არგენტინა), მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 5 - ფალკაო (კოლუმბია).

კონკაკაფი
23 მარტი
ჰონდურასი-მექსიკა 01:05
იამაიკა-პანამა 05:30
აშშ-კოსტა რიკა 06:10

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰონდურასი 1 1 0 0 2-1 3
2. პანამა 1 0 1 0 2-2 1
3. კოსტა რიკა 1 0 1 0 2-2 1
4. იამაიკა 1 0 1 0 0-0 1
5. მექსიკა 1 0 1 0 0-0 1
6. აშშ 1 0 0 1 1-2 0

შენიშვნა: I-III ადგილი: მუნდიალის ფინალური ეტაპი; IV ადგილი: პლეი ოფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი მადლობა ავტორს კარგი სტატიისთვის. აკლია ზოგი, მაგრამ რაც არი ძალიან კარგია
mamba
14:44 22-03-2013
0
კარგი იყო!
italieli
13:17 22-03-2013
0

სიახლეები პოპულარული