არგენტინა-ვენესუელას მატჩი დაწყების წინ, ხულიო გრონდონამ და სხვა მაღალჩინოსნებმა, ლიონელ მესის სპეციალური პრიზი გადასცეს, რომლითაც 25 წლის არგენტინელის პიროვნული თვისებები და სპორტული მონაცემები დააფასეს. მესიმ გრონდონას და "ალბისელესტეს" გულშემატკივრებს იმედები არ გაუცრუა და ეროვნულ ნაკრებში მორიგი
შეხვედრა, რა თქმა უნდა, არგენტინელთა უპირატესობით დაიწყო და ასევე გაგრძელდა. ანგარიში გონსალო იგუაინმა სწორედ მესის გადაცემის შემდეგ გახსნა, ტაიმის ბოლო წუთზე კი გაბრიელ სიჩერომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და 11-მეტრიანი გოლად სწორედ "ბარსელონას" 10-იანმა აქცია.
მესიმ ნაკრებში 32-ე გოლი გაიტანა და ახლა, ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილზე მყოფ დიეგო მარადონამდე მხოლოდ ორი გოლი აშორებს. მეორე ნახევარში მესი-იგუაინის კიდევ ერთი კომბინაცია დასრულდა გოლით და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. მართალია, მესამე ბურთი საკმაოდ ლამაზი კომბინაციის და მესის შესანიშნავი პასის შედეგად გავიდა, მაგრამ გადაცემის მომენტში, "რეალის" ფორვარდი აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იყო და ეს ბურთი არ უნდა ჩათვლილიყო. ასეა თუ ისე, ვენესუელა ამ შეხვედრის შემომტრიალებელს მაინც არ ჰგავდა. სტუმართა მხრიდან ყველაზე რეალური მომენტები 20 წლის რომულო ოტეროს ჰქონდა, რომელიც ნაკრებში თავის პირველ შეხვედრას ატარებდა, მაგრამ იმ ეპიზოდებში კარგად ითამაშა სერხიო რომერომ.
საბოლოოდ, 3:0 და არგენტინამ ვენესუელაში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. ახლა, "ალბისელესტეს" მეორე რევანშზე მოუწევს ფიქრი. შეგახსენებთ, რომ არგენტინელთა ბოლო ვიზიტი ლა პასში, გუნდის სრული განადგურებით და შერცხვენით დასრულდა – დიეგო მარადონას შეგირდებმა ბოლივიაში 1:6 წააგეს.
შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზეა კოლუმბია, რომელმაც შინ სწორედ ბოლივიის ნაკრები მიიღო და შინ შერცხვენილი გაუშვა. ხოსე ნესტორ პეკერმანის სამწყსომ სტუმრებს შანსი არ დაუტოვა და ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ხუთივე შემთხვევაში თავი სხვადასხვა ფეხბურთელმა გამოიჩინა და მათგან ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, რადამელ ფალკაოც იყო. კოლუმბიამ შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, სულ კი, ამხანაგური მატჩების ჩათვლით, გუნდს უკვე 7 მატჩია არ წაუგია.
კოლუმბიის საპირისპიროდ, ზედიზედ მეოთზე მარცხი განიცადა ჩილემ, რომელსაც ვერც ახალმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ უშველა. პერუსთან შეხვედრაში სტუმრებს რამდენიმე ლიდერი (არტურო ვიდალი, ხორხე ვალდივია, მანუელ იტურა, მარკ გონსალესი, პაბლო კონტრერასი, უმბერტო სუასო, მაურისიო პინილია) არ ჰყავდათ. საბოლოოდ ჯამში, შეხვედრა თანაბარი გამოდგა და გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს შეეძლო. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა – 87-ე წუთზე, ჯეფერსონ ფარფანმა, იოშიმარ იოტუნის კარგი თამაშის შემდეგ, კლაუდიო ბრავოს კარი აიღო და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა. ახლა, სერხიო მარქარიანის შეგირდებს 11 ქულა აქვთ და მეოთხეზე მყოფ ურუგვაის მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.
ურუგვაიმ პარაგვაის ვერ მოუგო და მოუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გაზარდა. ეს მატჩი ისტორიული იყო პაულო და სილვასთვის და მთლიანად პარაგვაის ნაკრებისთვის – "პაჩუკას" 33 წლის მცველმა, ეროვნულ ნაკრებში 111-ე თამაში ჩაატარა, კარლოს გამარას გაასწრო და საკუთარი ნაკრების რეკორდსმენი გახდა. კიდევ ერთი რეკორდსმენი შეიძლებოდა გამხდარიყო როკე სანტა კრუსი, რომელიც ხოსე სატურნინო კარდოსოსთან ერთად, 25 გოლით ნაკრების თანაბომბარდირია, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი "მალაგას" ფორვარდი ამ შეკრებაზე გამოძახებული არ იყო.
"სენტენარიოზე" გამართული შეხვედრა დაძაბული და თანაბარი გამოდგა. ანგარიში 82-ე წუთზე ლუის სუარესმა გახსნა და თითქოს, ურუგვაის მოუგებელი სერია უნდა დაესრულებინა, მაგრამ ზუსტად ორ წუთში, ცვლილებაზე შემოსულმა ედგარ ბენიტესმა წონასწორობა აღადგინა. პარაგვაიმ შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრაში ოთხი ქულა აიღო, რაც გუნდის მთლიანი მონაგარის ნახევარია.
მე-11 ტურის შეხვედრების შემდეგ, გამოიკვეთა სამეული, რომელმაც თუ სასწაული არ მოხდა, მუნდიალის საგზური უნდა მოიპოვოს. მომდევნო ტურში არგენტინა ბოლივიაში ჩადის, კოლუმბია ვენესუელას მასპინძლობს, ეკვადორი კი პარაგვაის დაუხვდება და თუ სამივე ლიდერმა მოიგო, თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე სამი გუნდი ვიცით.
კოლუმბია-ბოლივია 5:0
გოლები: 1:0 მ. ტორესი (21), 2:0 კ. ვალდესი (50), 3:0 ტ. გუტიერესი (62), 4:0 ფალკაო (87), 5:0 არმერო (90).
კოლუმბია (3-4-1-2) – ოსპინა – იეპესი, კ. ვალდესი, ა. აგილარი – სუნიგა, მ. ტორესი (86. ა. რამირესი), ე. ვალენსია, კუადრადო (79. არმერო) – ჯ. როდრიგესი (83. გუარინი) - ტ. გუტიერესი, ფალკაო.
ბოლივია (4-4-2): არიასი (46. გალარსა) – ე. სენტენო, ლ. გუტიერესი, ბეხარანო, რ. ხიმენესი – რ. გარსია (57. ხ. არსე), მოხიკა, ჩუმასერო, ვეისაგა – საუსედო (46. რ. კარდოსო), მ. მორენო.
ურუგვაი-პარაგვაი 1:1
გოლები: 1:0 სუარესი (82), 1:1 ე. ბენიტესი (86).
ურუგვაი (4-3-1-2): მუსლერა – მაქსი პერეირა (68. გ. რამირესი), გოდინი, ლუგანი, ალვარო პერეირა – დ. პერესი (46. არევალო რიოსი), ლოდეირო, ა. გონსალესი – კ. როდრიგესი (46. კავანი) – სუარესი, ფორლანი.
პარაგვაი (4-4-2): ბარეტო – პ. და სილვა, პ. აგილარი, სამუდიო, პირისი – ვ. აიალა, რივეროსი, რ. ორტისი (66. ე. ბენიტესი), ფ. ოვიედო – ნ. ვალდესი (80. ფაბრო), ო. კარდოსო (66. ლ. კაბალიერო).
არგენტინა-ვენესუელა 3:0
გოლები: 1:0 იგუაინი (29), 2:0 მესი (45-პენ), 3:0 იგუაინი (59).
არგენტინა (4-2-3-1): რომერო – საბალეტა, გარაი, ფ. ფერნანდესი, როხო – მასკერანო, გაგო (62. ბანეგა) – მონტილიო, მესი, ლავეცი (84. მაქსი როდრიგესი) – იგუაინი (80. პალასიო).
ვენესუელა (4-5-1): დ. ერნანდესი – ა. გონსალესი, ვისკარონდო, ტუნიესი, სიჩერო – ფ. ფელტშერი, ლუსენა, სეიხასი (57. ოტერო), რინკონი, არანგო (75. ს. გონსალესი) – რონდონი (82. მიკუ).
პერუ-ჩილე 1:0
გოლი: 1:0 ფარფანი (87).
პერუ (3-5-2): რაულ ფერნანდესი – ა. როდრიგესი, ხ. ერერა, კ. რამოსი (23. ხ. ალვარესი) – კრუსადო, ლ. რამირესი, პ. ურტადო, ლობატონი (46. მარინიო), იოტუნი – პისარო (79. ი. რეინა), ფარფანი.
ჩილე (3-5-2): ბრავო – მ. გონსალესი, მედელი, როხასი – ისლა, არანგისი (54. ფ. სილვა), კარმონა, ბოსეჟური (70. ნ. კასტილიო), მენა – ა. სანჩესი, ე. ვარგასი (75. ჯ. ფერნანდესი).
თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 10 7 2 1 23-7 23
2. კოლუმბია 9 6 1 2 19-6 19
3. ეკვადორი 9 5 2 2 12-9 17
4. ურუგვაი 10 3 4 3 17-19 13
5. ვენესუელა 10 3 3 4 8-12 12
6. ჩილე 10 4 0 6 14-19 12
7. პერუ 10 3 2 5 11-15 11
8. ბოლივია 10 2 2 6 12-19 8
9. პარაგვაი 10 2 2 6 7-17 8
ბომბარდირები: 9 – იგუაინი (არგენტინა); 8 – მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 6 – ფალკაო (კოლუმბია); 4 – ფ. კაისედო (ეკვადორი), ფარფანი (პერუ), ტ. გუტიერესი (კოლუმბია).
მომდევნო ტური
26 მარტი
ბოლივია-არგენტინა, ეკვადორი-პარაგვაი, ჩილე-ურუგვაი, ვენესუელა-კოლუმბია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: გონსალო იგუაინს მოედანზე სულ უფრო კარგად ვეწყობი [VIDEO]