იტალია-ჩეხეთი 2:1 - საკონტროლო გასროლა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ერთი ამოსუნთქვით განვლო და მუნდიალის საგზური ნაადრევად გაინაღდა...

დიახ, ჰოლანდიასთან ერთად, "სკუადრა აძურა" პირველი გახლავთ, რომელმაც ევროპიდან მუნდიალის საგზური მოიპოვა.

საკონტროლო გასროლა იტალიელებმა ჩეხებთან მოახდინეს და შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მიუღწეველნი გახდნენ.

ვთქვათ ისიც, რომ იტალიამ "იუვენტუსის" "სახლში" გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა.

პრანდელი ჩვეულ სტიქიაში
ჩეზარე პრანდელის მთავარი კოზირი უდავოდ გაბედულობა და თამამი გადაწყვეტილებებია; ჩეხებთან პაექრობისთვის "სკუადრა აძურას" თავკაცმა 4-3-2-1 სქემა შეარჩია, მაგრამ როდესაც მასპინძლებს საქმე ცუდად წაუვიდათ და გოლიც აქეთ
მიიღეს, მწვრთნელმა მყისვე შეცვალა გადაწყვეტილება და შეგირდები 4-3-3 ტაქტიკაზე გადააწყო.

პრანდელის შეუძლია აღიაროს შეცდომა და ზომები მიიღოს იქამდე, სანამ გვიან არ არის.

შედეგად, იტალიის ნაკრებმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გამოასწორა თამაში, მეორეში კი მოუმატა და ორი გოლი შეაგდო. თავი ჯორჯო კიელინიმ და მარიო ბალოტელიმ გამოიჩინეს.

პირველმა კუთხური დააგვირგვინა თავური დარტყმით, მეორემ მისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად.

ბალოტელის ჯერ კიდევ ანტრაქტამდე შეეძლო ორი-სამი გოლის გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში იშვიათი უზუსტობა გამოავლინა. იტალიელებმა მეორე ტაიმშიც დაბომბეს ჩეხეთის კარი და გაცილებით დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება.

ვთქვათ ისიც, რომ პერიოდულად ჩეხები კონტრშეტევებზე მწარედ "იკბინებოდნენ".

და მაინც, იტალია ჯობდა მეტოქეს - მეტიც, მასპინძლებმა ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს შესარჩევში და მედიისგან ქება დაიმსახურეს.

ვინ, როგორ...
ინაციო აბატეს არყოფნაში დაცვის მარჯვენა ფლანგი კრისტიან მაჯომ დაიკავა, ლუკა ანტონელის და მატია დე შილიოს ტრავმებმა კი ეროვნული ნაკრებისკენ გზა მანუელ პასკუალს გაუხსნეს.

ჩეხთა გოლი დიდწილად მაჯოს ბრალია, რადგან საგოლე გადაცემა სწორედ მისი ფლანგისგან გაკეთდა... სამაგიეროდ, მაჯო შეტევაში იყო ეფექტური და ანტონიო კანდრევასთან ერთად, მთელ ფრთაზე დომინირებდა.

რაც შეეხება პასკუალს, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და წესით, მას მომავალშიც უნდა მიეცეს "აძურაში" ასპარეზობის საშუალება. დაცვის ცენტრში ჯორჯო კიელინიმ და ლეონარდო ბონუჩიმ, პრაქტიკულად, უშეცდომოდ ითამაშეს...

სამი ნომინალური ნახევარმცველისგან დანიელე დე როსიმ ყველაზე უკეთ ითამაშა, ანდრეა პირლო და რიკარდო მონტოლივო კი ცოტა მოდუნებულნი ჩანდნენ. მართალია, შეტევაში კვლავაც არიგებდნენ პასებს და იწყებდნენ იერიშებს, მაგრამ დაცვით ფაზაში ერთიც და მეორეც სუსტად გამოიყურებოდნენ.

რამდენჯერმე პირლომ სახიფათო ზონაში დაკარგა ბურთი და მეტოქეს კონტრიერიშის წამოწყების საშუალება მისცა.

მოკლედ, ანდრეამ და რიკარდომ საუკეთესო თამაში ვერ აჩვენეს, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი მაინც ჰქონდათ - ეს კი უკვე კლასის ამბავია.

ემანუელე ჯაკერინიმ აქტიურად დაიწყო თამაში და მარიო ბალოტელის რომ მეტი სიზუსტით ეთამაშა დამაგვირგვინებელ ფაზაში, საგოლე პასის ან პასების ავტორი იქნებოდა. თუმცა გაშვებული ბურთის შემდეგ ჩეზარე პრანდელიმ გუნდი ტაქტიკურად გადააწყო და ემანუელეც პაბლო ოსვალდომ ჩაანაცვლა.

კვლავ გაიბრწყინა ანტონიო კანდრევამ, რომელიც ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. რაც შეეხება ბალოტელის, ანტრაქტამდე ბევრს სცოდავდა, მეორე ნახევარში კი ერთიანად გარდაისახა და გადათელა კიდეც კერკეტი მეტოქე...

დიდი იტალია

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მთლიანობაში, იტალიის ნაკრებმა კარგად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. განსაკუთრებით მეორე ტაიმში აპენინელებმა აჯობეს მეტოქეს და მაშინაც კი, როდესაც ჩეხები იგებდნენ, თითქოს მატჩის ბედის შეტრიალება გარდაუვალი იყო.

ვთქვათ ისიც, რომ იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საშინაო თამაში ისტორიაში არ წაუგია (!) და ეს ტრადიცია არც ჩეხებთან შეხვედრაში დაირღვა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ "სკუადრა აძურამ" ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის საგზური მოიპოვა.

მართალია, ეს მოვლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუჩის ზეიმებით არ აღნიშნულა, რადგან "აძურა" დიდ საფეხბურთო ფორუმებს მიჩვეულია, მაგრამ "იუვენტუს არენაზე" დიდი ხმაური იყო - გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა ერთად აღნიშნეს მუნდიალზე გასვლა...

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "
ჩვენ ვნახეთ დიდი იტალია, რომელმაც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. რაც მთავარია, ამ გუნდს მომატება და კიდევ უკეთესად თამაში შეუძლია. პირველივე ტაიმში ტაქტიკის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ ამან არ დაგვაბნია - პირიქით, უკეთ ავთამაშდით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

ჩვენ უკვე მუნდიალზე ვართ და შეგვიძლია, დარჩენილი თამაშები საჭირო ინფორმაციის მისაღებად გამოვიყენოთ.

ახალი ფეხბურთელები? - ახლებისთვის კარი ყოველთვის ღიაა, მაგრამ მუნდიალამდე არც იმდენი დროა დარჩენილი, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ. გუნდი სწორი გზით მიდის და ამ გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო".


ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია): "პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გავაფუჭეთ, შესვენებისას კი მარიო ბალოტელის ვამშვიდებდით და ვარწმუნებდით, რომ თავის გასატანს აუცილებლად გაიტანდა. საბედნიეროდ, მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ავთამაშდით და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. მუნდიალზე დიდი მიზნები გვაქვს, საგზურის ნაადრევად მოპოვება კი მოსამზადებელ პერიოდს გაგვიადვილებს და კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის".

მარიო ბალოტელი (იტალია):
"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი მომენტი არც ერთ შეხვედრაში არ გამიფუჭებია. ერთი პერიოდი, ვიფიქრე, რომ დავინავსე და დღეს ჩემი დღე არ იყო.

საბედნიეროდ, შესვენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ისე გამოვიდა, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე.

მუნდიალის საგზურმა ყველა გაგვახარა, ჩვენ დავიმსახურეთ ბრაზილიაში თამაში და იქაც დიდი მიზნებით გავემგზავრებით"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საზარელი ტრავმა: მანუელ პასკუალს ჩეხეთთან მატჩში შუბლი გაუსკდა [VIDEO]
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ჰოლანდიამ და იტალიამ ბრაზილია გაინაღდეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული