პორტუგალიას პლეი ოფში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთთან ელოდება ძალიან დაძაბული პაექრობა. 2002 წლის მუნდიალზე ბენტო ჯერ კიდევ ფეხბურთელის რანგში იცავდა პორტუგალიის ღირსებას, ახლა კი 44 წლის სპეციალისტს მწვრთნელის რანგში დაეკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა - გუნდი ბრაზილიაში უნდა მოახვედროს. ვნახოთ, რა თქვა მან ფიფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას. ჩვენ ამ ინტერვიუს ოდნავ შემცირებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.
- რომელი გრძნობა უფრო მძაფრია ახლა
- მე ამ ორ გრძნობას ერთმანეთს ვერ დავუკავშირებდი. ჩვენი მიზანი შესარჩევი ჯგუფის მოგება და ბრაზილიაში პირდაპირ მოხვედრა იყო, მაგრამ სათანადოდ ვერ გავისარჯეთ. ახლა კი კიდევ ერთი შანსი გვეძლევა და პლეი ოფზე ვართ კონცენტრირებულნი.
- თქვენი აზრით, რატომ ვერ გახვედით შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზე?
- რამდენიმე მიზეზია გამოსარჩევი. უპირველეს ყოვლისა, უკეთ უნდა გვეთამაშა ისრაელთან ორივე შეხვედრაში და ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველ ტაიმში. ისე არ გამოვიყურებოდით, როგორც გვინდა და როგორც შეგვიძლია. გადამწყვეტ მომენტებში ცივსისხლიანობა გვაკლდა, შანსებს ვაცუდებდით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრებში კარგად არ გამოვიყურებოდით, სამივე მატჩის მოგება შეგვეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.
- ემხრობით თუ არა თეორიას, რომ ბოლო წლებში პორტუგალიას უფრო სუსტ ნაკრებებთან უჭირს თამაში?
- სიმართლის მარცვალი ამაში ნამდვილად არის. ზოგჯერ პორტუგალიას მართლაც უჭირს იმ მატჩების მოგება, რომლებშიც აშკარა ფავორიტია. ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთადერთი თამაში უშუალო კონკურენტ რუსეთთან წავაგეთ, მაგრამ ქულები ისეთ ნაკრებებთანაც დავკარგეთ, რომლებთანაც უნდა გვემარჯვა. გარდა ტაქტიკისა და სათამაშო ფორმისა, აქ სხვადასხვა ფაქტორიცაა, მათ შორის, ემოციური. ბოლო წლებში ჩვენი ნაკრები დიდ ტურნირებზე ცოტა ემოციურად გადაიწვა და ეს ფსიქოლოგიური სახის პრობლემებიც დასაძლევი გვაქვს.
- სათამაშო კარიერის დროს გუნდი თქვენთვის ყოველთვის ყველაზე წინ იდგა. იგივე მიდგომა გაქვთ მწვრთნელის რანგშიც?
- რასაკვირველია. ინდივიდუალურად კარგად მოთამაშე ფეხბურთელებმა შესაძლოა კონკრეტული მატჩი მოგაგებინონ, მაგრამ ტურნირს გუნდი იგებს. ჩემი აზრით, სხვანაირი ხედვა და მიდგომა არც არსებობს. ცხადია, დიდ პატივს ვცემ და მიყვარს განსაკუთრებულად ნიჭიერი მოთამაშეები, ისინი აუცილებლად საჭირონი არიან, მაგრამ მწვრთნელის საქმეა, მათი ტალანტი კოლექტივს მოახმაროს. გამორჩეული ფეხბურთელი ერთ ან ორ მატჩს მოგაგებინებს, მაგრამ მთლიანად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატს, უკეთესი გუნდი იგებს.
- რომელ ნაკრებებს განიხილავთ მუნდიალის ფავორიტად?
- 2014 წლამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნებიან ფეხბურთელები და ნაკრებები იმ დროისთვის. იქამდე კი, როგორც უმეტესობას, მეც ესპანეთი, გერმანია, ბრაზილია და არგენტინა მიმაჩნია უმთავრეს ფავორიტებად.
ესპანეთი შესაძლოა მხოლოდ ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ბოლო წლებში აშკარად დომინირებს. დანარჩენებს მუნდიალი არაერათგზის მოუგიათ. ეს ნაკრებები როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად ძალიან ძლიერები არიან და ამიტომაც კარგი შანსები აქვთ.
- რა სჭირდება პორტუგალიას იმისთვის, რომ ელიტას შეუერთდეს?
- ყველაფერი შეიცვლება, თუ ტიტულს მოიგებ. თუმცა, შესაძლოა, სხვა მხრივაც გვაკლია რაღაცები. პორტუგალიას ნახსენებ ნაკრებებთან შედარებით ფეხბურთელებში დიდი არჩევანის საშუალება არ აქვს.
თუმცა ჩვენი ქვეყნის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ და იმას, რამდენი მოთამაშიდან ვირჩევთ საუკეთესოს, ბოლო წლების შედეგები პოზიტიურად უნდა შეფასდეს - 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე და 2006 წლის მუნდიალზე ნახევარფინალში ვიყავით, ხოლო ევრო 2004-ის ფინალში. რამდენჯერმე დიდი წარმატება ერთ ნაბიჯში იყო და ამ კურსით უნდა გავაგრძელოთ სვლა. თან მომატებაზე ფიქრია საჭირო, თუ უფრო დიდი რესურსის მქონე ნაკრებებთან კონკურენცია გვსურს.
- შეიძლება კრიშტიანო რონალდო განიხილებოდეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ, როდესაც სანაკრებო ტიტული მას არ მოუპოვებია?
- ამის მაგალითი აქვე პორტუგალიაში არ გვყავს? ეუსებიო არასდროს გამხდარა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ მოიაზრება. რონალდო დიდებული ფეხბურთელია, ისეთი, როგორებიც ეპოქას ქმნიან. როდესაც იგი კარიერას დაასრულებს, სამუდამოდ იქნება აღიარებული გამორჩეულ სპორტსმენად.
მას ნაკრებთან ერთად მოპოვებული ტიტულის გარეშე შეუძლია პორტუგალიის საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დარჩეს ისტორიაში. ასე რომ, სანაკრებო წარმატება საყოველთაო აღიარებისთვის აუცილებელი არ არის. რასაკვირველია, ეს სასურველია და მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მოთამაშის შეფასებისა, მაგრამ არა ერთადერთი. ისევ ეუსებიო ვახსენოთ - ადამიანებს, რომლებსაც მისი თამაში ცოცხლად აქვთ ნანახი, იგი საუკეთესოდ მიაჩნიათ.
- რონალდო და კაპიტნობა... ეს მასზე დამატებით ზეწოლას ხომ არ ახდენს?
- მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. იგი ბუნებრივად და მშვენივრად გამოიყურება. რონალდო ძალიან ახალგაზრდა გახდა ნაკრების კაპიტანი. მართალია, იგი ახლაც ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენ უკვე ჩამოყალიბებულ და როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე, ძალიან გამოცდილ მოთამაშეზე ვლაპარაკობთ. ის კაპიტანი უბრალოდ იმიტომ არ არის, რომ განსაკუთრებით ნიჭიერი და გამორჩეული მოთამაშეა; რონალდოს მართლაც სცემენ პატივს თანაგუნდელები და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმ ყველაფრისთვის, რასაც ის ნაკრებისათვის აკეთებს.
გიორგი კაკაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პორტუგალიამ საქართველოს არ მიბაძა: ისრაელს მატჩის გადატანაზე უარი შეუთვალა