საბოლოო პასუხს მინდვრიდან გაგვცემენ კრიშტიანო რონალდო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. დანარჩენი გემოვნების ამბავია.
იქამდე კი შედარებები წლების წინ ჩვენში გავრცელებულ შედარებას ჰგავს: სტალონე თუ შვარცენეგერი?
რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ეს არის - დაველოდოთ მატჩს, დავსხდეთ და ვისიამოვნოთ. ლისაბონის "და ლუჟი" ადრეც ქცეულა თეატრად და ამჯერადაც იქცევა. სპექტაკლი იქნება, აუცილებლად იქნება.
ზლატანს კი მიაჩნია, რომ შვედეთი
იქამდე კი სხვებსაც მოვუსმინოთ.
"პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელები უფრო ძლიერ გუნდებში თამაშობენ, ვიდრე ჩვენები. მეტოქე ფავორიტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია" - გვითხრა შვედების თავკაცმა ერიკ ჰამრენმა.
სკანდინავიელთა მეკარე ანდრეას ისაკსონი:
"0:1-ის წაგებას 1:2-ის წაგება ჯობია, უფრო უკეთესი კი საგარეო მატჩში ფრე იქნებოდა. რთულია თქვა, რა არის მისაღები შედეგი, მაგრამ სტუმრად გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანია".
რამდენიმე დღის წინ ზლატანი ზედიზედ მეშვიდედ, სულ კი მერვედ დასახელდა შვედეთის წლის ფეხბურთელად და ისიც გაირკვა, რომ ამიერიდან იგი ქვეყნის საფოსტო მარკებზე გამოჩნდება. შესაბამისად, 32 წლის ფეხბურთელი ძალიან კარგ ხასიათზეა.
"კიდევ შემიძლია თავის გამოჩენა. ასე რომ, მომავალ წელსაც შევხვდებით" ,- ღიმილით თქვა იბრაჰიმოვიჩმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ესეც იბრაჰიმოვიჩის ცინცხალი კომენტარი:
"მსოფლიოს ჩემპიონატს ზლატანი უფრო სჭირდება, ვიდრე რონალდო. მე შემიძლია მაყურებელს უფრო დიდი ემოცია ვაჩუქო, გავიტანო უნიკალური გოლები... ვფიქრობ, გულშემატკივრებს ბრაზილიაში სწორედ ჩემი ხილვა უნდათ.
რონალდოს, როგორც ფეხბურთელს, დიდ პატივს ვცემ და ეჭვგარეშეა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა ამ ორ მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯო, რომ მუნდიალზე სწორედ ის ვერ მოხვდეს.
ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი სპორტში უდიდესი მოვლენაა და მასში მონაწილეობა საუკეთესოებმა უნდა მიიღონ. თუ მუნდიალზე რონალდო, მესი, რუნი, ჩავი, ნეიმარი... ვერ მიდიან, ბევრი იკარგება.
სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი ტურნირს მიღმა დარჩება".
სიფრთხილეს იჩენს პაოლო ბენტო, რომელსაც ფავორიტობა არ ეპიტნავება. პორტუგალიელთა მთავარი მწვრთნელი სულ იმას გაიძახის, დიდ ტურნირებს გუნდები იგებენ და არა ინდივიდუალურად ვარსკვლავებიო.
თუმცა ისიც ესმის, რომ პლეი ოფი შესაძლოა სწორედ ერთმა ფეხბურთელმა მოაგებინოს და მისი ვინაობა თქვენ ძალიან კარგად იცით.
"შვედებს მაღალი კლასის, კარგად ორგანიზებული და ბოლომდე მებრძოლი ნაკრები ჰყავთ. ისინი აგებდნენ ირლანდიასთან და მოიგეს, აგებდნენ ავსტრიასთან და მოიგეს. აგებდნენ გერმანიასთან 0:4-ს და შეხვედრა 4:4 დაასრულეს...
შვედეთს კონცენტრაცია იდეალურად შეუძლია და ჩვენც სრულად მობილიზებულნი უნდა ვიყოთ, რადგან ერთი შეცდომა შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს.
ეს თანაბარი ორთაბრძოლაა, რომელშიც ფავორიტი არ არსებობს. პირველი მატჩი საკუთარ კედლებში გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ" , - აღნიშნა ბენტომ.
მწვრთნელს ნაკრების ორ ახალ სახეზეც დაუსვეს კითხვები - 21 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა უილიამ კარვალიომ "სპორტინგთან" ერთად დიდებულად დაიწყო სეზონი, ხოლო "გალათასარაის" ძირითად შემადგენლობაში თამამად შემოიჭრა საფეხბურთო თვალსაზრისით თავხედი მოთამაშე, 19 წლის შემტევი ნახევარმცველი - ბრუმა.
"ორივე ძალიან ნიჭიერია და დაიმსახურეს მოწვევა. კარვალიოს გამოძახება გამოწვეულია იმით, რომ იგი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელივით სტაბილურ თამაშს აჩვენებს, თანაც, საკმაოდ მაღალია და ეს სტრატეგიული კუთხით შეიძლება გამოგვადგეს მატჩებში", - დასძინა ბენტომ.
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი. ევროპის ზონა. პლეი ოფი. I მატჩი
პორტუგალია-შვედეთი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები:
პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - პერეირა, ბ. ალვეში, პეპე, კოენტრაო - მოუტინიო, ველოზო, მეირელეში - ნანი, პოშტიგა, რონალდო.
შვედეთი (4-5-1): ისაკსონი - ლუსტიგი, ანტონსონი, ნილსონი, ოლსონი - კაჩანიკლიჩი, ელმი, ს. ლარსონი, სვენსონი, ვერნბლოომი - იბრაჰიმოვიჩი.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
საპასუხო მატჩი:
19 ნოემბერი
შვედეთი-პორტუგალია 23:45
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იბრაჰიმოვიჩი თუ რონალდო - ვინ უფრო სჭირდება მსოფლიოს ჩემპიონატს? [VIDEO]