რუმინეთი VS საბერძნეთი - ბრძოლა იყო, ახლა ომის ჯერია

AutoSharing Option
პირველი მატჩების შემდეგ ამ წყვილში ყველაზე მეტად გამოიკვეთა ფავორიტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარ "გეორგიოს კარაისკაკიზე" კოსტას მიტროღლუმ თამაში მოიგო. რუმინელებს 3-დან 2 გოლი სწორედ "ოლიმპიაკოსის" შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფორვარდმა გაუტანა და მეტოქის დამწუხრებას ბუქარესტშიც შეეცდება.

აგვისტოდან მოყოლებული, ყველა ტურნირის ჯამში მას 22 გოლი აქვს გატანილი 20 შეხვედრაში.

კოსტას მიტროღლუ:
"ჩვენ ვოცნებობთ ბრაზილიაში მოხვედრაზე და ამისთვის მინდორზე ყველაფერს გავიღებთ. ბუქარესტში ჩავდივართ ისე, თითქოს პირველი მატჩი 0:0-ით იყოს დასრულებული, მოსაგებად ვითამაშებთ.

ველოდებით იმას, რომ რუმინეთი თავიდანვე აგრესიული იქნება და აქცენტს სწრაფ გოლზე
გააკეთებს, თანაც, ქომაგების სრული მხარდაჭერის ფონზე. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია".


"ყველანი დამწუხრებულნი და გაბრაზებულნი ვართ. უნდა დავამტკიცოთ, რომ მიზნის მიღწევა მარტო კარგი პერიოდების დროს კი არა, რთულ მომენტებშიც შეგვიძლია.

პირველ მატჩში ბერძნებმა გვაჯობეს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ბრძოლა წავაგეთ და არა ომი. ბუქარესტში გოლი აღარ უნდა გავუშვათ"
, - განაცხადა რუმინელთა ფორვარდმა ჩიპრიან მარიკამ.

მასპინძელთა მეკარე ბოგდან ლობონტი:
"ძალიან ვწუხვართ, რომ გულშემატკივრები გავაწბილეთ. ახლა მათი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ვარწმუნებ ყველას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რა მცირე შანსიც არ უნდა იყოს დარჩენილი".

როგორც ხედავთ, რუმინელები საომრად ემზადებიან და აგერ, ბატონო, ბურთი და აგერ, "არენა ნაციონალე". ეროვნულ სტადიონზე, წესით, მხარდაჭერის პრობლემაც არ უნდა იყოს, იქ სულ ცოტა, 50 ათას გულშემატკივარს ელიან, ისე კი, ტევადობა 55 600-ია და მოკლედ, ანშლაგი იქნება.

ვიქტორ პიცურკას უნდა თუ არა, გარისკვა მოუწევს, ჯერ ერთი, პირველი მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე; მერე მეორე, რუმინეთს სამი ძირითადი ცენტრალური ნახევარმცველი დააკლდება: ტრავმირებული მიჰაი პინტილი და დისკვალიფიცირებულები - ალექსანდრუ ბურჩეანუ და კოსტინ ლაზარი.

ერთადერთი კარგი ამბავი ვლად კირიკეშის დაბრუნებაა. კაპიტანი და დაცვის ბურჯი რუმინეთს ძალიან აკლდა. მას ცხვირი აქვს გატეხილი და ექიმებმა დამცავი ნიღბით მინდორზე გასვლის უფლება მისცეს.

ბერძნებს დისკვალიფიცირებული კოსტას კაცურანისი არ ეყოლებათ, მაგრამ ფერნანდო სანტოსი რამეს მოიფიქრებს.

თუ რა ძლიერია საბერძნეთი ანგარიშის შენახვაში, ყველამ ვიცით და რუმინელებს მართლაც გაუჭირდებათ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდება პირველი ტაიმის მიწურულს ან მეორე ნახევარში, მასპინძლებმა რომ ანგარიში წაიყვანონ...

მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
19 ნოემბერი
რუმინეთი-საბერძნეთი 23:00 (1:3)
სავარაუდო შემადგენლობები
რუმინეთი (4-2-3-1): პანტილიმონი - მატელი, კირიკეში, გოიანი, რაცი - გარდოში, კოკიში - სტანჩუ, მაქსიმი, ნიკოლიცა - მარიკა.
საბერძნეთი (4-5-1): კარნეზისი - ტოროსიდისი, სოკრატისი, სიოვასი, ჰოლებასი - სალპინგიდისი, მანიატისი, ციოლისი, კარაგუნისი, სამარასი - მიტროღლუ.
არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საბერძნეთი-რუმინეთი 3:1: სერიოზული უპირატესობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული