კიევური მატჩის მოულოდნელი, თუმცა ლოგიკური შედეგის შემდეგ მასპინძლებმა დიდიე დეშამის გუნდის გაღიზიანება სცადეს და აშკარაა, რომ გამოუვიდათ კიდეც.
ზოგადად, ფრანგული ფეხბურთი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა. სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მათთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. უშუალოდ დეშამმა კი ეს უკვე მეორედ მოახერხა.
2003/04 წლების ჩემპიონთა ლიგაში მისმა "მონაკომ" ფავორიტ "რეალს" ანალოგიური უპირატესობა წაართვა. აი, უკრაინაზე კი რა უნდა ითქვას? ამ ქვეყანამ მეხუთედ ითამაშა
ფრანგებს ძირითადში ხუთი ახალი ფეხბურთელი ჰყავდათ. მოტივირებულმა მასპინძლებმა ჩამორჩენა პირველივე ტაიმში გააბათილეს. პირთამდე სავსე ტრიბუნების მხარდაჭერით, უმსგავსო მინდვრის საფარზე მათ მიხაილ ფომენკოს გუნდი საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს.
უკრაინამ პირველი კონტრშეტევა მხოლოდ მე-18 წუთზე მოაწყო, სახიფათო მომენტი კი მხოლოდ ტაიმის ბოლო წამებზე შექმნა. იქამდე თამაში ვალბუენასა და რიბერის მიჰყავდათ. შესანიშნავად თამაშობდა პოგბაც.
შეუძლებელია, გვერდი აუარო მთავარი არბიტრის შეცდომებს. დამირ სკომინამ 31-ე წუთზე ბენზემას 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალა, ზუსტად 3 წუთში კი "რეალის" თავდამსხმელზე ასევე ნაღდი თამაშგარე არ დააფიქსირა, რითაც უკანასკნელმა ისარგებლა და ტრიბუნები ექსტაზში მოიყვანა.
შეცდომები მეორე ნახევარშიც უხვად იყო. მაგალითად, ალოგიკური იყო 7-8-წუთიან მონაკვეთში კაბაის, ედმარისა და მანძიუკისა დაუსჯელობა. უკანასკნელმა მერე დაუმსახურებელი გაფრთხილება მიიღო.
შეხვედრის გადამწყვეტი ეპიზოდი სლოვენიელმა იდეალურად განსაჯა: ჯერ იყო და 45-ე წუთზე ხაჩერიდის კუთხურისას სახოსთან შელაპარაკების გამო პირველი ყვითელი უჩვენა, მეორე ნახევრის დებიუტში კი რიბერის წინააღმდეგ უხეშობისთვის მეორედ გააფრთხილა და გასახდელის გზას დროზე ადრე გაუყენა.
მეორე ტაიმის წმინდა საფეხბურთო ბატალიებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა:
უპირატესობას ისევ ფრანგები ფლობდნენ, მაგრამ დაცვას შედარებით მეტ ყურადღებას უთმობდნენ, რისი წყალობითაც, ლორისის კართან ხიფათი თითქმის არ შექმნილა. ერთადერთი მომენტის გახსენება შეიძლება, როცა მატჩის გმირმა სახომ კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა.
პიატოვის სამფლობელოსთან კი ხიფათი პერმანენტულად იქმნებოდა. კარგი მომენტები გაანიავეს ბენზემამ და რიბერიმ, დებუშიმ და კაბაიმ შორიდან. ჟირუს კი სტუმართა კარის დარაჯმა არნახულ ნახტომში აუღო თავური დარტყმა.
სულ ბოლოს კი დასკვნას შემოგთავაზებთ: მიუხედავად უკრაინის ნაკრების მიმართ სიმპათიისა, უნდა ვაღიაროთ, რომ საფრანგეთი წუხელ უკეთესი გუნდი იყო.
"მამლებმა" მეტოქის 10-თამაშიანი წაუგებელი და ასევე მშრალად ჩატარებული თამაშების სერია შეწყვიტეს, თანაც დამაჯერებელი ანგარიშით.
მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
საფრანგეთი-უკრაინა 3:0
გოლები: 1:0 სახო (22), 2:0 ბენზემა (34), 3:0 გუსევი (ს. კ. 72)
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - დებუში (78. სანია), სახო, ვარანი, ევრა - მატუიდი, კაბაი - ვალბუენა, რიბერი, პოგბა - ბენზემა (82. ჟირუ)
უკრაინა (4-4-1-1): პიატოვი - მანძიუკი, რაკიცკი, ხაჩერიდი, შევჩუკი - ბეზუსი (64. გუსევი) - როტანი, ედმარი, კონოპლიანკა, იარმოლენკო - ზოზულია (76. სელეზნიოვი)
გაფრთხილება: სახო, ევრა, დებუში - როტანი, ხაჩერიდი, მანძიუკი
გაძევება: - ხაჩერიდი (47)
კარში დარტყმა: 27-6 (8-2) კუთხური: 9-7 თამაშგარე: 5-0 ჯარიმა: 22-22 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 81 300
მატჩის შემდგომი კომენტარები:
დიდიე დეშამი: ძალიან ამაყი ვარ
ფრანკ რიბერი: გამოვფხიზლდით და აი, ბრაზილიაშიც მივდივართ
I მატჩი:
უკრაინა-საფრანგეთი 2:0 - ფრანგები უფსკრულის პირას [VIDEO]
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"