დადასტურებით კი არაფერი დადასტურებულა და კაცმა რომ თქვას, რაიმეს დამტკიცება ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეჭვები ყოველთვის ჩნდება და თანაც, ეს ეჭვები არგუმენტირებულია.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ რამდენიმე დღე უჩვეულო სიჩუმე იყო და გაგვიკვირდა კიდეც, არავინ არაფერი რომ არ გააპროტესტა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ეჭვები ფიფას გენერალური მდივნის, 53 წლის ჟერომ ვალკეს ქცევამ დაბადა. ესპანეთსა და არგენტინაში მანიპულაციების სხვადასხვა თეორიაზე ალაპარაკდნენ და თანაც, ისეთი არგუმენტებით, რომ ეჭვი გაღრმავდა - რამდენად ნაღდი იყო წილისყრა?
რა იცოდნენ არგენტინელებმა?
დავიწყოთ არგენტინით: "ალბისელესტე" ჯგუფში ირანთან, ნიგერიასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოხვდა. ეს ლეო მესისთვის და კომპანიისთვის საკმაოზე მეტად იოლი ჯგუფია, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენი ყურადღების გამახვილება სხვა რამეზე გვსურს:
არგენტინა მოხვდა F ჯგუფში, რითაც იდეალურად დაემთხვა ჯგუფურ ეტაპზე გასამართი მატჩების ადგილების სიახლოვე იმ ადგილთან, სადაც არგენტინელები მუნდიალზე ბანაკს დასცემენ. რაც ყველაზე საინტერესოა, არგენტინელებმა საცხოვრებელი ადგილი თვეების წინ შეარჩიეს.
ეს არის ბელუ ორიზონტე და სწორედ აქ ჩაატარებს არგენტინა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ირანთან. ამასთან, პირველი მატჩი არგენტინელებს ახლოს მდებარე რიო დე ჟანეიროში უწევთ, მესამე კი - პორტო ალეგრეში, რომელიც არგენტინასთან ახლოს მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალის ერთ-ერთი შეხვედრაც სწორედ ბელუ ორიზონტეშია დაგეგმილი.
ეს ყველაფერი მხოლოდ დამთხვევაა? შესაძლოა! თუმცა სამხრეთამერიკული მედია ასე არ ფიქრობს. რამდენად შესაძლებელია, რომ არგენტინელებს თვეების წინ სცოდნოდათ, ბელუ ორიზონტე ბანაკისთვის იდეალური არჩევანი რომ იქნებოდა?
არგენტინის თემაზე ყველაფერი ჯერ კიდევ არ გვითქვამს. "სიდადე და გოლო", სადაც არგენტინის ნაკრები იცხოვრებს, ფიფას აკრედიტებული საცხოვრებელი არ იყო და მხოლოდ მას მერე გახდა, როცა არგენტინელებმა არჩევანი გააკეთეს.
სამხრეთამერიკული მედია აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ ფიფაში ბლატერის შემდეგ ყველაზე დიდი ძალაუფლება ხულიო გრონდონას აქვს, რომელიც 1979 წლიდან არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის ბოსიცაა და არაერთ სკანდალში გახვეულა.
ვალკეს ხელები
კრიტიკულად განწყობილ დამკვირვებლებს თვალში ისიც მოხვდათ, რომ მშვენიერი ფერნანდა ლიმა ჯგუფში პოზიციონირების ბურთულებს თამამად ისე ხსნიდა, რომ გახსნის მომენტსა და ფურცლის გაშლას ყველა ხედავდა.
ამ დროს ჟერომ ვალკე ბურთულების გახსნის შემდეგ ხელებს ყოველთვის მაგიდის მიღმა მალავდა და რა ხდებოდა იქ, სადაც თვალი არავის მიუწვდებოდა, ცხადია, არავინ იცის.
ფიფას ყველაზე დიდი კრიტიკა ესპანეთიდან დაატყდა. მიზეზი გასაგებია: ესპანელები საკმაოდ რთულ ჯგუფში - ჰოლანდიასთან, ჩილესთან და ავსტრალიასთან ერთად მოხვდნენ.
ესპანელებიც ვალკეს ადანაშაულებენ - ცხადია, იმიტომ, რომ ხელებს მალავდა. ესპანელების აზრით, ფიფას მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისთვის პრობლემების შექმნა სურს.
რა ხდებოდა ვალკეს ხელებში კადრს მიღმა? გაეცემა ამ კითხვას ოდესმე ამომწურავი პასუხი? - ახლა საკითხავი სწორედ ეს არის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანელებს მუნდიალის წილისყრის სამართლიანად ჩატარებაში ეჭვი ეპარებათ
მუნდიალი 2014-ის წილისყრა: ვის გაუღიმა ფორტუნამ?