მუნდიალი 2022: როგორ გამოთხარა ფიფამ ყატარი

AutoSharing Option
* 2022 წლის მუნდიალი, სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

* საბოლოო გადაწყვეტილებას ფიფა 19-20 მარტს მიიღებს.

* მუნდიალი ჩვეულებრივზე 4 დღით მოკლე იქნება.

* წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მუნდიალის ფინალი 23 დეკემბერს გაიმართება.

25 თებერვალს ყატარის დედაქალაქ დოჰაში პირველი შეხვედრა გაიმართა 2022 წლის მუნდიალის საორგანიზატორო კომიტეტსა და ფიფას წარმომადგენლებს შორის. იქ წარმოდგენილ იქნა პროექტი, თუ როგორ უნდა გაიმართოს ახლო აღმოსავლეთში ისტორიაში პირველი მუნდიალი.

სამუშაო ჯგუფმა რეკომენდაცია მისცა მუნდიალის 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართვას. პირველად ისტორიაში, მუნდიალი დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის ზამთარში გაიმართება. ეს კი
გვარიანად არევს საკლუბო კალენდრებს ევროპაში. სხვა გზაც არ არის, ყატარში მუნდიალის გამართვა დიდი ხანია, გადაწყვეტილია.

იქ კი ზაფხულის თვეებში ტურნირის ჩატარება, უბრალოდ, შეუძლებელია, ისე ცხელა. ივნის-ივლისში ყატარში (ჩრდილში) 40 გრადუსზე მეტია ცელსიუსით. სამუშაო ჯგუფი 26 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე პერიოდს ითხოვს. ევროპული ლიგები ითხოვდნენ მარტი-აპრილის პერიოდს, მაგრამ ის უარყვეს რამადანის (2 აპრილს იწყება) გამო. იანვარ-თებერვალი კი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამო გამორიცხულია. 2022 წელს ამ პერიოდში ზამთრის ოლიმპიადა პეკინში (ჩინეთი) ან ალმათიში (ყაზახეთი) გაიმართება.

მუნდიალის თარიღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ფიფას აღმასკომი მიიღებს ციურიხში, რომელიც 19-20 მარტს გაიმართება.

ევროპა წინააღმდეგია
ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ევროპის კონტინენტზე, სადაც ნოემბერ-დეკემბერში დუღს ეროვნული პირველობები და ევროთასები. თუმცა ევროპული ფეხბურთის ორგანიზაცია უეფა მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას: "უეფა მხარს უჭერს სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციას, მუნდიალი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართოს. უეფა ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას, შეტანილ იქნას კორექტივები საკლუბო კალენდარში, თუ ფიფას აღმასკომი ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს", - ეს უეფას ოფიციალური განცხადებაა.

სამაგიეროდ, იდეის წინააღმდეგ წავიდა ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ჯიმ ბოისი. აი, რა თქვა მან "დეილი მეილთან" კომენტარში: "ეს თარიღი - 23 დეკემბერი - ძალიან ახლოსაა შობასთან. ეს ძალიან ცუდია. ხალხს შობამდე 1 კვირა მაინც უნდა ჰქონდეს დრო. ბევრი მუნდიალზე წავა და ისინი შობისთვის დაბრუნებასაც ხეირიანად ვერ მოასწრებენ. დაველოდოთ ფიფას აღმასკომს".

კარლ ჰაინც-რუმენიგემ თქვა, რომ კლუბები სეზონის გაწყვეტისთვის ფიფასგან კომპენსაციას დაელოდებიან და მართლებიც იქნებიან. "იმ სეზონში ყველა კალენდარი უნდა აირიოს და გადაეწყოს ამ ტურნირის გამო. ევროპული კლუბები არ დათანხმდებიან, კორექტივების გამო იზარალონ. ბუნებრივია, ისინი კომპენსაციას მოითხოვენ".

ფიფას პასუხი ამ საკითხზე უკვე ცნობილია - ფიფამ კალენდრის არევის გამო ზარალს არ აუნაზღაურებს არც კლუბებს და არც რომელიმე კონტინენტურ ორგანიზაციას. ამის შესახებ ფიფას გენმდივანმა ჟერომ ვალკემ განაცხადა, რომელმაც გვამცნო, რომ მუნდიალი ჩვეულებრივზე 4 დღით მოკლე იქნება და ის 28 დღეს გასტანს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ფიფა თავის დროზე ვერ ხვდებოდა, რა შედეგებამდე მიგვიყვანდა ყატარის შერჩევა მუნდიალის მასპინძელ ქვეყნად. ნუთუ მაშინ არ იცოდნენ, რომ ყატარში ზაფხულში თამაში შეუძლებელია?", - ეს რიტორიკული კითხვა "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა დასვა.

აფრიკაც დაზარალდა
2022 წლის მუნდიალის გამო უკვე დაზარალდა აფრიკის კონტინენტი. 2023 წლის აფრიკის ერთა თასი ივნისში გადაიტანეს. მოგეხსენებათ, აფრიკის ერთა თასი ახლახან დასრულდა. საკითხავი ერთია - სადაც ყატარშია შეუძლებელი ივნისში ფეხბურთის თამაში, აფრიკის კონტინენტზე, სადაც კიდევ უფრო ცხელა იმ პერიოდში (თუ სამხრეთ აფრიკაზე არ ვსაუბრობთ), როგორ შეიძლება ფეხბურთის თამაში?

მოკლედ, ფიფამ თხარა თხარა და ვეებერთელა პრობლემა გამოთხარა, თუმცა მის მაღალჩინოსნებს ჩიტი ბრდღვნად აშკარად უღირდათ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული