როდის გაჩემპიონდება ქუთაისის "აია"?

AutoSharing Option
ქუთაისის "აია" საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. ერთი ხანობა, გუნდს ისე გაუჭირდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობდა. მას შემდეგ, რაც კლუბის პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე გახდა, "აია" მალევე დაბრუნდა უძლიერესთა შორის. ოღონდ ეგაა, არსებული დიდი პოტენციალის მიუხედავად, გუნდი ვერაფრით ახერხებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

ქუთათურებს ამის მიღწევა გასულ ჩემპიონატში შეეძლოთ. ბოლო ტურის წინ "აია" პირველ ადგილზე იყო და თანაქალაქელ "ბაგრატთან" მარცხმა ის სატურნირო ცხრილში დააქვეითა. მერე აიელებმა პლეი-ოფშიც ვერ ივარგეს და საბოლოოდ მეექვსე ადგილს დასჯერდნენ.

წლეულს, სხვა სეზონებისგან განსხვავებით, "აიას" ბევრი
მოთამაშე არ გამოჰკლებია. გუნდი უკანახაზელებმა იოსებ კიკვაძემ და ირაკლი ჩხიკვაძემ დატოვეს.

პოლონეთიდან დაბრუნდა პირველხაზელი ლუკა ჩირგაძე. ჭაბუკთა გუნდებიდან მთავარმა მწვრთნელმა ბექა ყურაშვილმა საქართველოს 20-წლამდელთა და 18-წლამდელთა ნაკრების წევრები დააწინაურა. ესენია: შერკინების კვაჭი საბა ერემეიშვილი, მესამეხაზელები შოთა არეშიძე და არსენ მაჩალაძე, მგეზავები თედო აბჟანდაძე და დავით გობეჯიშვილი, შუამარბები ირაკლი სიმსივე, ლაშა ლომიძე და ოთარ ძაგნიძე.

"აიას" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საწვრთნელი ბაზა აქვს, სადაც პარალელურად დასავლეთ საქართველოს სარაგბო აკადემია ფუნქციონირებს. შესაბამისად, თაობათა ცვლა ადგილობრივ გუნდში თითქმის ყოველთვის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

"აიამ" საწვრთნელი შეკრება დაბა ბაკურიანში გაიარა, სადაც ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაზრდაზე გაისარჯა. ამჟამად გუნდი ქუთაისში, საკუთარ ბაზაზე ვარჯიშობს და 18 აგვისტოს გორში, "ჯიქთან" საკონტროლო მატჩს გამართავს. იქამდე კი, ქუთაისს "აიას" აღზრდილი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კვაჭი აქვსენტი გიორგაძე ესტუმრა, რომელმაც გუნდის მორკინალებს მასტერკლასი ჩაუტარა.

შეგახსენებთ, რომ გიორგაძე საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ლა როშელის" შერკინების მწვრთნელია.

საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში ქუთაისის "აია" შინ მიიღებს ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს, თბილისის "ლოკომოტივს".

"აიას" განაცხადი
შერკინება: გელა შალამბერიძე, მიხეილ რატიაშვილი, ზაალ ხარებავა, ჟორჟ სალდაძე, პეტრე ჯინჭარაძე, ამირან წაქაძე, პეტრე ჯინჭარაძე, ლუკა ჩირგაძე, გიორგი ტორაძე, ზაალ ცქიფურიშვილი, საბა ერემეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ჩიტეიშვილი, გიორგი უშხვანი, ბადრი დანგაძე, ირაკლი რევიშვილი, ბექა ვარდანიძე, გიორგი ნუცუბიძე, არსენ მაჩალაძე, დავით ლოსაბერიძე, მიხეილ გორგასლიძე, ჟორა მღებრიშვილი, შოთა არეშიძე, გუგა ხანთაძე, ნიკა წივწივაძე.
უკანა ხაზი: დავით გობეჯიშვილი, თემურ თუთბერიძე, გიორგი როხვაძე, ირაკლი სიმსივე, გიორგი ბაბუნაშვილი, თედო აბჟანდაძე, თემურ ირემაძე, ლაშა ძნელაძე, ზურაბ ძნელაძე, გიორგი აბრამიძე, თორნიკე მანაგაძე, ანდრო ახვლედიანი, მირიან მოდებაძე, ლაშა ლომიძე, ოთარ ძაგნიძე, ვიქტორ კიკაძე, აჩი ღონღაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიკვაძე სად გადავიდა??

დაწერეთ ხოლმე ბარემ გეზარებათ????
zangura
16 აგვისტო 2017 17:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული