დიდი 10. V ტური: დარჩა მხოლოდ "აია"

AutoSharing Option
თბილისის "აკადემია" ერთადერთი გუნდია საქართველოს ჩემპიონატში, რომელმაც ხუთ ტურში ვერც ერთი ვერ მოიგო. მე-5 ტურში აკადემიელებმა, რომლებიც გასულ სეზონში აღმოჩენად აღიარეს, თბილისის "ლელოს" დიდი ბრძოლა გაუმართეს, თუმცა 15:18 დამარცხდნენ.

შეხვედრა "ლელოს" შეტევებით დაიწყო. მათ ორჯერ სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ ტექნიკური წუნის გამო ორივე იერიში ჩაიშალა. ანგარიში კი ლელოთი "აკადემიამ" გახსნა. მე-15 წუთზე "აკადემიამ" მოლი შეკრა, მძლავრი ბიძგებით მეტოქეს უკან დაახევინა და გიორგი გოგლიძემ ბურთი ლელოში დაამიწა. ფულბეკმა სოსო მათიაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 5:0.

"აკადემიას" ირაკლი ყიასაშვილმა საჯარიმოთი 26-ე წუთზე უპასუხა.
33-ე წუთზე კი, "ლელომ" საჯარიმო აუტში გადაიტანა, დერეფნიდან მოლი ააგორა, დაძრა და ლელოში შეაღწია. ბოლოს ბურთით ხელში პირველხაზელი რევაზ დუგლაძე იყო. ყიასაშვილმა ვერ გარდასახა - 8:5. შესვენებამდე მათიაშვილმა საჯარიმო გაიტანა და ტაიმი ფრედ, 8:8 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში "აკადემია" გააქტიურდა. 48-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიან ზონაში წარმოქმნილი არეულობით აკადემიელებმა ისარგებლეს. ფეხით გადაკიდებული ბურთი მათიაშვილმა მცველს ხელიდან ააცალა და ლელო გაიტანა. გარდასახვა რთული პოზიციიდან თვითონვე დაარტყა ზუსტად და თავისიანები 15:8 დააწინაურა.

მალე ყიასაშვილმა საჯარიმო დატყმით ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა - 11:15. 63-ე წუთზე კი ლელოელებმა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადამწყვეტი ლელო გაიტანეს. მათ ისევ მოლის აგორებით სცადეს მიზნის მიღწევა. "აკადემია" მედგრად დაუხვდა. მერე "ლელომ" ბურთი ხაზზე გაიტანა. აქ შუამარბმა ალექსანდრე თოდუამ შეუტია, რომელმაც იერიშში შეცვლაზე შესული გარემარბი ალექსანდრე ხეცოიძე ჩართო, რომლის შეჩერებაც აკადემიელებმა ვერ მოახერხეს. ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 18:15.

"აკადემიას" დრო მატჩის გადასარჩენად საკმარისად ჰქონდა, მაგრამ "ლელომ" თავის დაცვა შეძლო. მას მეტოქის კიდევ ერთხელ დალელოვების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

აკადემია-ლელო 15:18
აკადემია (15-9): მათიაშვილი, სიჭინავა, ხელაია, ს.ილურიძე (ჭუაძე 55), ლაზარიშვილი, მოძღვრიშვილი, ღამბაშიძე; (1-8): ქადარია (გვარამია 64), მახარაშვილი (ლომაური 50), მექერიშვილი (გ.ღამბაშიძე 64), გ.ილურიძე, ზოიძე, ჩადუნელი, კალანდარიშვილი (მაღლაკელიძე 79), გოგლიძე.
2ლ - გოგლიძე, მათიაშვილი. ს, გ - მათიაშვილი
ლელო (15-9): ყიასაშვილი, სიხარულიძე (ხეცოიძე 53), თოდუა, გავაშელიშვილი (მამუკაშვილი 70), ტაბუცაძე, კვირიკაშვილი, ახობაძე; (1-8): ლორთქიფანიძე (ჯულაყიძე 71), ზამთარაძე, დუგლაძე (ჯაფარიძე 64), ჯღარკავა (მამამთავრიშვილი 50), გრიგალაშვილი, ბუბუტეიშვილი, ბერიაშვილი (პაპიძე 67), საღინაძე.
2ლ - დუგლაძე, ხეცოიძე. 2ს, გ - ყიასაშვილი.
მსაჯი: გია ამირხანაშვილი

"ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, რის გამოც ვერ მოხერხდა სათამაშო მინდვრის განათება, მე-5 ტურის მატჩი თბილისის "ლოკომოტივსა" და "ბათუმს" შორის გადაიდო. ეს გადაწყვეტილება მატჩის კომისარმა დებულების შესაბამისად მიიღო.

მატჩის გამართვის ახალ თარიღს საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტი კლუბებთან მსჯელობის შემდეგ მიმდინარე კვირის განმავლობაში დაადგენს.

ლოკომოტივი-ბათუმი გადაიდო

"აია" საქართველოს ჩემპიონატში ხუთი ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არ წაუგია. ქუთათურებმა მე-5 ტურში საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, გორის "ჯიქს" უმასპინძლეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მძიმე, დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს კიდეც - 7:3, თუმცა შესვენების შემდეგ "აიამ" გორელებს მონაგარის გაზრდის საშუალება არ მისცა.

მატჩის ბოლო წუთამდე ანგარიში 9:7 იყო, მასპინძლების სასარგებლოდ. მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. მე-80 წუთზე ისევ "აიამ" იყოჩაღა, მეტოქეს ლელო გაუტანა და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურდა.

აია-ჯიქი 14:7
აია: ლ - როხვაძე. 3ს - ბაბუნაშვილი
სინბინი: სალდაძე.
ჯიქი: ლ - ჯიმშელაძე. გ - ბროძელი.
სინბინი: პატარაია.
მსაჯი: საბა აბულაშვილი

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა მარნეულის "არმაზი". ამ გუნდმა ამჯერად "არმიას" სძლია, რომელსაც ასევე შეეძლო მეორე გამარჯვების მოპოვება და პლეი-ოფში მოხვედრისთვის მებრძოლთა მარაქაში გარევა.

არმიელებს ნუგეშად ერთი პრემიალური ქულა შეხვდათ, რომელიც 7 და ნაკლები ქულით წაგებისთვის ერგებათ გუნდებს.

არმია-არმაზი 17:22
არმია: 2ლ - გიგაური, ჭინჭარაული. 2გ, ს - მახარაშვილი
არმაზი: ლეგაშვილი, ფრუიძე, წიკლაური. 2გ, ს - ჯინჭველაშვილი
მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

ქუთაისის "ბაგრატმა" მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოიგო. პირველი მარცხი განიცადა რუსთავის "ხარებმა". მასპინძლების მონდომება გამარჯვების მოსაპოვებლად უდიდესი რომ იქნებოდა, ყველასთვის წინდაწინ ცხადი იყო, მაგრამ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს მშრალი ანგარიშით თუ დაამარცხებდა, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა.

ისმის კითხვა - "ხარებმა" ამოწურა თავისი შესაძლებლობები? ამას მომდევნო ტურის შეხვედრები გვიჩვენებს.

ბაგრატი-ხარები 21:0
ბაგრატი: 2ლ - ოდიშარია, ლეშკაშელი. 3ს, გ - ოდიშარია
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

დიდი 10. VI ტური
6 ოქტომბერი
ბათუმი-აკადემია

7 ოქტომბერი
ბაგრატი-არმია
ხარები-ლელო

8 ოქტომბერი
ჯიქი-ლოკომოტივი
არმაზი-აია
მკითხველის კომენტარები / 1 /
Aiam pirvel wreshi dziritadi metoqeebi moilia da yvelas ajoba imis miuxedavd rom dzalian mokle skami aq rac msore wreshi albat dagvetyoba... amitom pirveli wre yvela unda movigot da droa premualuritac
bneli
14:42 06-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული