როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"

AutoSharing Option
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" ევროპული რაგბის "კონტინენტური ფარის" გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. ბათუმელები იტალიაში "როვიგოს" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლაცია ტელეკომპანია "რაგბი ტვ"-ზე შედგება.

- "ბათუმმა" როვიგოში კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა [PHOTO]

შეგახსენებთ, რომ ბათუმელთა კონკურენტები ჯგუფში პორტუგალიის "უნივერსიტეტი" და იტალიური კლუბები "კალვიზანო" და "პადოვა" არიან. მატჩებს კი, მეორე ჯგუფის წარმომადგენლებთან "როვიგოსთან", გერმანულ "ჰაიდელბერგთან", რუმინულ "ტიმიშოარასთან" და იტალიურ "ვიადანასთან" გამართავენ.

პლეი ოფში ჯგუფებში ორი საუკეთესო გადის. ფინალში გამარჯვებული კი, მომავალი წლიდან "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში
იასპარეზებს.

ბათუმელთა დღევანდელ მეტოქე გუნდს ქართველი რაგბის ქომაგები კარგად იცნობენ. "როვიგოში" თამაშობდა რამდენიმე ქართველი მორაგბე, ყოფილი "ბორჯღალოსნები" არჩილ ქავთარაშვილი, ილია ზედგინიძე, ბესიკ ხამაშურიძე და აქვსენტი გიორგაძე. ეს უკანასკნელი იქ ყველაზე დიდხანს დაყოვნდა და მერე ისევ საფრანგეთში დაბრუნდა.

2014 წელს "როვიგოს" "ჩელენჯ კაპის" საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს კლუბების ნაკრებთან, "თბილისის კავკასიელებთან" მოუწია შეხვედრამ. პირველი მატჩი იტალიაში გაიმართა და მასპინძლებმა 22:18 გაიმარჯვეს. განმეორებითი მატჩი ვაკის სტადიონზე ჩატარდა და "კავკასიელების" დიდი მცდელობის მიუხედავად, ამჯარადაც "როვიგომ" იყოჩაღა - 24:21.

თბილისური გუნდის იმ შემადგენლობიდან დღეს "ბათუმში" სამი მორაგბე ირჯება. ესენია: მგეზავი ლაშა ხმალაძე, მეორეხაზელი ალექსანდრე ქოიავა და მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი.

ცოტა რამ ისტორიიდან
სარაგბო კლუბი "როვიგო" 1935 წელს დაარსდა. 1938-39 წლებში მან პირველი ტიტული, იტალიის თასი მოიგო. 1949 წელს კი, პირველად ითამაშა ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში. 1950-51 წლების სეზონიდან მოყოლებული, მათ ზედიზედ ოთხჯერ იზეიმეს პირველობა. 1962-1964 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიგეს მთავარი პრიზი. 1976 წელს კი კიდევ ერთხელ აჯობა ყველას. 1977 წელს "როვიგომ" რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა, მაგრამ პლეი ოფში ვერ ივარგა. თუმცა ჩემპიონის სახელი 1978-79 წლებში მაინც დაიბრუნა. 1987-88 წლებში "როვიგომ" ფინალში "ბენეტონი" 9:7 დაამარცხა და მეათედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ორი წლის შემდეგ კვლავ "ბენეტონის" ძლევით კიდევ ერთხელ გახდა საუკეთესო.

90-იან წლებში "როვიგო"იტალიური რაგბის მწვერვალზე იყო, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებს უმეტესად "ბენეტონთან" თმობდა. გუნდი, რომელიც იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან არასდროს დაქვეითებულა, 90-იანი წლებიდან დღემდე ოთხეულს მიღმა არასდროს დარჩენილა და 2016 წელს, 26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონი მეთორმეტედ გახდა.

ეს იტალიური რაგბის ისტორიაში მესამე მაჩვენებელია - "მილანი" ჩემპიონი 18-ჯერ იყო, "ბენეტონი" 15-ჯერ, "როვიგო" და "პეტრარკა" - 12-12-ჯერ.

იტალიის ჩემპიონატში, რომელიც სექტემბრის მიწურულს დაიწყო, როვიგომ სამი თამაში ჩაატარა. აქედან ორი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. გუნდს რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს. ამათგან ორი ინგლისელი, ხოლო თითო-თითო ახალზელანდიელი და სამხრეთაფრიკელი.

ბათუმის ამბიციები
"ბათუმმა" განვლილ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. მიმდინარე გათამაშებაში კი, ხუთი მატჩი გამართა. აქედან სამი მოიგო, ერთში დამარცხდა და ერთშიც ფრეს მიაღწია.

სეზონებს შორის შესვენებაზე კლუბმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, "ლელოდან" დაიმატა "ბორჯღალოსანთა" მგეზავი ლაშა ხმალაძე და მეორეხაზელი ალექსანდრე ქოიავა, გორის "ჯიქიდან" პირველხაზელი ბექა მამრიკიშვილი, "არმიადან" შუამარბი და ერთ-ერთი საუკეთესო მექულე ბექა ურჯუკაშვილი. საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა ხვიჩა ბუჯიაშვილი.

"ბათუმი" ამ ტურნირის დებიუტანტია და ამიტომ, წინასწარ ძნელი სათქმელია, რამდენად წარმატებულად შეძლებს ასპარეზობას. "როვიგოსთან" გამარჯვებას უწინარესად ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. გუნდი ირწმუნებს, რომ საერთაშორისო დონეზე წარმატებით ასპარეზობა შეუძლია, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

Sportall.Ge

ბათუმელთა რიგებში ეროვნული ნაკრების ორი წევრი ლაშა ხმალაძე და გიორგი თხილაიშვილი ირჯებიან. ყოფილი "ბორჯღალოსანია" ბექა ურჯუკაშვილიც, რომელიც ეროვნულ გუნდში ტიმ ლეინის მწვრთნელობისას ხშირად თამაშობდა.

საერთაშორისო მატჩების გამოცდილება არ აკლიათ ფულბეკ ბახვა კობახიძეს, რომელიც გუნდის მთავარი დამრტყმელია, ასევე გარემარბ ალექსანდრე ტუჩაშვილს და მესამეხაზელ ხვიჩა ბუჯიაშვილს.

ბათუმი
შერკინება: ირაკლი კვანტიძე, ბექა მამრიკიშვილი, შოთა გოგისვანიძე, ამირან მიქაძე, სანდრო ქოიავა, გიორგი თხილაიშვილი, არჩილ ალიქაძე, ხვიჩა ბუჯიაშვილი, გიორგი მენაბდე, მურმან ჯიჯავაძე, ზურაბ ერისთავი, ვანო ფუტკარაძე, ჯონდი კორტავა, ზურა ბეჟანიძე, ნუკრი ფერსელიძე
უკანა ხაზი: ბახვა კობახიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, გიორგი გოგიტიძე, ბექა ურჯუკაშვილი, დურმიშხან ჯაბნიძე, ლაშა ხმალაძე, ზურა თუთბერიძე, ნიკა ნინიძე, მანუჩარ გრიგოლია, დათო ტრაპიძე.

კონტინენტის ფარი
14 ოქტომბერი
როვიგო-ბათუმი

21 ოქტომბერი
ბათუმი-ჰაიდელბერგი

9 დეკემბერი
ვიადანა-ბათუმი

16 დეკემბერი
ბათუმი-ტიმიშოარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული