დიდი 10. VIII ტური: "ლელო-სარაენსმა" "ჯიქი" 20:7 დაამარცხა

AutoSharing Option
დიდი 10-ის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში, მოქმედმა ჩემპიონმა გორის "ჯიქმა" ექს-ჩემპიონ "ლელო-სარასენსს" უმასპინძლა და 7:20 დამარცხდა.


შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ბრძოლა უკანასკნელ წუთებამდე გაგრძელდა. ანგარიში მე-10 წუთზე ირაკლი ყიასაშვილმა გახსნა, რომელიც კლუბის მაისურით მე-200 თამაშს ატარებდა. მან ჯარიმა 48 მეტრიდან გაიტანა. რამდენიმე წუთში ‘ჯიქმა’ შეცდომა დაუშვა და ჯაბა სიხარულიძეს ლელო უნდა გაეტანა, მაგრამ სისწრაფეში კარის წინ 5 მეტრში ბურთის აღება ვერ მოახერხა.

გორელებს ანგარიშის გაქვითვა 25-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა მამუკა ნინიძეს დაახლოებით 30 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. "ჯიქმა" შეტევები გააგრძელა და
ლელოდან 5-მეტრში ბურთის სწრაფად გათამაშების შემდეგ, "ლელო-სარასენსის" გარემარბი აკაკი ტაბუცაძე სინბინით დაისაჯა. მასპინძლებმა შერკინება ირჩიეს, სტუმრები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და 10 წუთით ზურაბ ჯულაყიძეც დაკარგეს, მერე კი საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ.

"ჯიქმა" ორკაციანი უპირატესობის მეტად გამოყენება ვეღარ მოახერხა და ტაიმი 7:3 მოიგო. მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი სტუმრების იყო. 44-ე წუთზე ყიასაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 51-ე წუთზე ბორჯღალოსანმა მერაბ კვირიკაშვილმა გაიბრწყინა. მან მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და 40-მეტრიან წყვეტილთან ხაზი გაჭრა, მერე ორ მბოჭავს სასწაულებრივად დაუსხლტა და ულამაზესი, ინდივიდუალური ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა.

მეორე ტაიმის შუაში ნინიძეს კიდევ ერთი გასატანი ჯარიმა გაუფუჭდა. "ჯიქმა" სალელოვედ შეუტია, თუმცა სტუმრებმა თავი დაიცვეს და დასკვნით წუთებში თავად შეუტიეს. ამან შედეგი 77-ე წუთზე გამოიღო, გაგა ჯღარკავამ ახლოდან დარტყმით ლელო გაიტანა, ყიასაშვილი გარდასახვიდან არ შეცდა და "ლელო-სარასენსმა" მეტოქე 20:7 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული