‘ჯიქის’ პირველი ჩემპიონობა
2016/2017 წლების სეზონის გამარჯვებული გორის ‘ჯიქი’ გახდა, რომელმაც რეგულარული გათამაშებაც მოიგო და ფინალში ‘ბათუმი’ 28:22 დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლები მანამდე ზედიზედ 4-გზის გამარჯვებულ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ ერგო, ვისაც მცირე ფინალში ბათუმელებმა 11:9 სძლიეს.
2002 წელს დაარსებულმა გორის ‘ჯიქმა’ 15-წლიანი არსებობის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის ყველა ეტაპი გაიარა, უმაღლეს დონეზე 2012 წელს აღზევდა და 5 წლის შემდეგ ქვეყნის
2016/2017 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
15. სოსო მათიაშვილი (აკადემია), 14. მირიან მოდებაძე (აია), 13. ზურაბ ძნელაძე (აია), 12. ბექა ურჯუკაშვილი (არმია | ბათუმი), 11. გიორგი აბრამიძე (აია), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო | ბათუმი), 9. ზურაბ თუთბერიძე (ბათუმი); 1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ჯიქი | ბათუმი), 3. ტარიელ დონაძე (ჯიქი | ბათუმი), 4. გელა შალამბერიძე (აია), 5. სანდრო ქოიავა (ლელო | ბათუმი), 6. გურამ შენგელია (ჯიქი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ნიკა სუხაშვილი (ჯიქი).
მექულე და მელელოვე
გასული სეზონის საუკეთესო მექულე ‘ჯიქის’ გარემარბი რამაზ ხარაზიშვილი გახდა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში საქართველოს 7-კაცა ნაკრების უცვლელი წევრიც იყო. მან 2016/2017 წლების სეზონში გაიტანა 9 ლელო. ის გუნდის მთავარი დამრტყმელიც იყო და ჯამში 199 ქულა მოიხვეჭა. მექულეებში მეორე ადგილზე სოსო მათიაშვილი გავიდა, მის ანგარიშზე 153 ქულაა.
საუკეთესო მელელოვეთა დავაში პირველობა არავის დაუთმო ქუთაისის ‘აიას’ გარემარბმა გიორგი აბრამიძემ, რომელმაც სეზონში 12 ლელო გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო სამი პოზიცია ‘ჯიქის’ მორაგბეებს ერგოთ - ნიკა ბიწაძე (11 ლელო), ბექა მამრიკიშვილი (10, ზაფხულში გადავიდა ‘ბათუმში’) და რამაზ ხარაზიშვილი (9, ზაფხულში გადავიდა ‘ლოკომოტივში’).
საუკეთესო - სოსო მათიაშვილი
გამოკითხვის შედეგად გასული სეზონის დიდი 10-ის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის ‘აკადემიის’ ფულბეკი სოსო მათიაშვილი დასახელდა, რომელმაც ერთი ხმით აჯობა ‘ჯიქის’ (ახლა ლოკომოტივი) გარემარბ რამაზ ხარაზიშვილს.
24 წლის მათიაშვილი საქართველოს 7-კაცა ნაკრებში თამაშობდა, მისი პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩენია ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბს და წლის დასაწყისში ეროვნულში მიიწვიეს. მისი დებიუტი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, 4 მარტს ვალიადოლიდში შედგა. ბორჯღალოდნებმა ესპანეთი 20:10 დაამარცხეს, ხოლო სოსომ დებიუტი ლელოთი აღნიშნა.
ივნისში მათიაშვილმა კანადისა და არგენტინის წინააღმდეგ ითამაშა და არგენტინელებს ლელოც გაუტანა, ხოლო შემოდგომაზე სამივე მატჩში მოედანზე იყო და კანადას წყვილი ლელო დაუდო. ამ შეხვედრაში მან ჯამში 34 ქულა მოაგროვა და გააუმჯობესა მერაბ კვირიკაშვილის 7 წლის წინანდელი რეკორდი (32 ქულა ერთ მატჩში).
„ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი აღიარება. ‘აკადემიამ’ გასულ სეზონში დიდ 10-ში მე-4 ადგილი დაიკავა და როგორც წესი, საუკეთესოები ლიდერი გუნდებიდან ირჩევა. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებაში ძალიან დიდი როლი იმან ითამაშა, რომ წელს სანაკრებო დებიუტი მქონდა და ეროვნულის კვართით კარგი თამაშები ჩავატარე.
2017 ჩემთვის კარგი წელი იყო, გახარებული ვარ ამ აღიარებით, ის ჩემს მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის და ვეცდები გულშემატკივარს მომავალშიც არაერთი სიხარული მივანიჭო“ - ამბობს 2016/2017 წლების სეზონის დიდი 10-ის საუკეთესო მოთამაშე სოსო მათიაშვილი.
მწვრთნელი - პალიკო ჯიმშელაძე
გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელო დიდი 10-ის ჩემპიონის, ‘ჯიქის’ თავკაცი პალიკო ჯიმშელაძე გახდა.
მისმა გაწვრთნილმა გუნდი 2016/2017 წლების სეზონი, განსაკუთრებით მისი დასკვნითი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარა. ‘ჯიქმა’ რეგულარულ გათამაშებაში მოიგო 12 შეხვედრა და ერთი ფრედ დაასრულა, ხოლო დასკვნით ფაზაში ორჯერ სძლია ‘ბათუმს’.
საგულისხმოა, რომ მწვრთნელმა სწორი გათვლები გააკეთა და ‘ჯიქი’ სეზონის დასკვნით ნაწილს საუკეთესო ფორმაში შეხვდა, გუნდმა 2017 წლის 12 თებერვლიდან 8-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო, აქედან 6 რეგულარულში, ხოლო ორი ფლეი ოფში, რომლის პირველ ეტაპზე ‘ბათუმს’ 25:6 სძლია, ხოლო ‘მიხეილ მესხზე’ გამართულ ფინალში მაყურებელი სანახაობრივი თამაშითაც ასიამოვნა და ოქროს მედლებს დამსახურებულად დაეუფლა.
გარდა ამისა, პალიკო ჯიმშელაძის გაწვრთნილმა საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ხარისხიანი თამაშები აჩვენა ევროპის გრან პრის სერიებზე. გუნდმა ჯამში მე-12 ადგილი დაიკავა, თუმცა საგულისხმოა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში, ბრძოლა უკანასკნელ წუთებამდე გრძელდებოდა და არცერთ შეხვედრაში არ დაფიქსირებულა დიდი სხვაობა.
მსაჯი - შოთა თევზაძე
წლის საუკეთესო მსაჯის ტიტული შოთა თევზაძეს ერგო, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს და წელს ისეთ საფეხურზე ავიდა, რომელზეც აქამდე ქართველი მსაჯი არასდროს ყოფილა.
ახლა უკვე ‘მსოფლიო რაგბის’ კატეგორიის მსაჯმა, 2017 წლის ივნისში საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გვერდით მსაჯად იმუშავა (ნიკა ამაშუკელთან ერთად), ხოლო ნოემბრის ტესტებზე მსოფლიო რაგბმა რუმინეთი-სამოასა და რუმინეთი-ტონგას შეხვედრებზე ასევე გვერდით მსაჯად მიიწვია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მსაჯი ასეთი დონის მატჩებს მოემსახურა.
გარდა ამისა, წელს პირველად, ქართველ მსაჯთა ბრიგადები ევროტურნირებზე გამოჩნდნენ და თევზაძე ‘კონტინენტის ფარის’ ორ მატჩში ცენტრალური მსაჯი იყო.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით