‘არმაზელთა’ ფულბეკმა სანდრო სვანიძემ თავი სამჯერ გამოიჩინა, ხოლო თითო-თითო ლელო გიორგი კვესელაძისა და გოგა ხუროშვილის ანგარიშზეა.
რადგან ორივე გუნდი აქცენტს მაღალ ტემპში, ხელდახელ ბურთაობაზე აკეთებდა, თამაში კარგი საყურებელი გამოდგა. ‘ჯიქი’ შერკინებაში უპირატესობას ფლობდა, თუმცა ‘არმაზის’ სწრაფ კონტრშეტევებს ვერ უმკლავდებოდა და თითქმის ყველა შეცდომა ძვირად უჯდებო
მატჩის დებიუტში ორივე გუნდი ფეხით ცდილობდა მანძილის მოგებას და მეტოქის ნახევარზე თამაშს. ანგარიშის გახსნის შანსი მე-11 წუთზე ‘არმაზის’ მგეზავ რეზი ჯინჭველაშვილს ჰქონდა, მაგრამ პირველი დარტყმა გაუცუდდა, მერე კი, სტანდარტული სიტუაციებისა და თამაშისას, ამ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა.
‘ჯიქმა’ მეტოქეს ბურთი არ გადააბარა და თავისი 22-იდან დაწყებული შეტევა ლელოთი დაასრულა. გიორგი წიკლაურმა და რობერტ სუთიძემ ორჯერ კარგად გაჭრეს ხაზი და სწრაფი, 80-მეტრიანი შეტევა ლელოთი თორნიკე კიკნაძემ დაასრულა. დიმიტრი კალანდაძეს გასატანი გარდასახვა გაუფუჭდა.
‘არმაზმა’ მე-19 წუთზე ასევე 80-მეტრიანი სწრაფი შეტევით და ლელოთი უპასუხა. მასპინძლებმა საკუთარ შერკინებაში ბურთი სუფთად ვერ მოიგეს, მაგრამ ის მიშიკო ალანიამ აიტაცა, ცრუმოძრაობით მბოჭავი ჩამოიცილა, ხაზი გაჭრა და ცენტრამდე ირბინა, იქიდან კი ბურთი ლელოში სანდრო სვანიძეს გააყოლა. ჯინჭველაშვილმა კარის წინიდან გარდასახა - 7:5.
დიტო კიკნაძეს 25-ე წუთზე შეეძლო თავისიანების დაწინაურება, მაგრამ ჯარიმა გაუცუდდა. ნელ-ნელა შერკინებაში ‘ჯიქის’ უპირატესობა გამოიკვეთა და გარკვეული დროით ის სათამაშო ინიციატივასაც დაეუფლა. 29-ე წუთზე გორელებმა 5-მეტრიან შერკინებაში მეტოქეს უკან დაახევინეს და ნიკა სუხაშვილმა ლელოთი სტუმრები მაინც დააწინაურა, აი კიკნაძემ კი მიზანი ვერ გაისწორა.
თამაშის განახლებისთანავე ‘არმაზს’ სწრაფი ლელოს გატანის შანსი ჰქონდა. გიორგი კვესელაძემ ცენტრთან ხაზი გაჭრა და 22-ში შევიდა, ალანიამ ბურთი სწრაფად გამოიტანა, ჯინჭველაშვილმა მარცხენა ფრთაზე მოზომილად გადაკიდა, იქ მას ნიკა გიგაური დაეუფლა და მბოჭავი კარგად ჩამოიცილა, მაგრამ უკვე ლელოში ეულად მყოფს ოვალი ხელიდან გაუსხლტა.
ტაიმის მიწურულს ‘არმაზმა’ მაინც შეძლო ლიდერობის დაბრუნება და ლელო ამჯერადაც საკუთარი ნახევრიდან დაწყებულ სწრაფ შეტევას მოყვა. მათ რაქში მოიპოვეს ბურთი და ის სწრაფად ჩაათამაშეს მარცხენა ფლანგზე, სვანიძემ ერთი მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიცილა, მეორეს ფინტით გაექცა და ლელომდე ირბინა. მისი ლამაზი, ინდივიდუალური ლელო ჯინჭველაშვილმა გარდასახა და ტაიმი 14:10 დასრულდა.
შეხვედრა მარნეულელთა შეტევებით განახლდა და ჯინჭველაშვილმა კარის წინ 10 მეტრიდან გაიტანა. ‘ჯიქმა’ შერკინების უპირატესობის გამოყენება სცადა და სუხაშვილი დუბლთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მცველებთან ჭიდილში ახლა მას დაუვარდა ლელოში ბურთი. სამაგიეროდ გორელებმა მეტოქის შერკინებაშიც იმარჯვეს, კალანდაძემ გრძელი პასი შეირგო და ალამთან ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვიდან ისევ არაზუსტი იყო და მასპინძლებმა 2-ქულიანი ლიდერობა შეინარჩუნეს - 17:15.
‘არმაზი’ ასეთ სიტუაციას არ შეეგუა, ტემპს უმატა და 3 წუთში უპირატესობა გაზარდა. ამჯერად კვესელაძემ გაიბრწყინა, რომელიც 22-ში სამ მცველს გაექცა და ლელოში შევიდა. 64-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, კობა ჯიმშელეიშვილმა ხაზი გაჭრა და იერიშში ნიკა წიკლაური ჩართო. ის შებოჭეს და პასის გაკეთება ვეღარ მოახერხა, თუმცა ჯინჭველაშვილმა ფეხით მარცხნივ გადაკიდა, გიგაური ბრძოლაში ბურთს დაეუფლა და სვანიძეს ოფლოუდი ამოუგდო, რის შემდეგაც სანდრომ თავისი მესამე ლელო გაიტანა.
ორ წუთში ‘არმაზმა’ კიდევ ერთი სწრაფი კომბინაცია გაითამაშა, რის შედეგადაც ბადრი ლიპარტელიანმა და კვესელაძემ მარჯვენა ფლანგიდან ლელოსკენ გზა გოგა ხუროშვილს გაუხსნეს. ჯინჭველაშვილმა სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ‘არმაზმა’ ‘ჯიქი’ 38:15 დაამარცხა.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით