დიდი 10: "აიამ" "არმაზს" მატჩის ბოლოს სძლია

AutoSharing Option
დიდი 10-ის 8 სექტემბრის მეორე მატჩიც პირველივით დრამატული აღმოჩნდა. მარნეულის ‘არმაზი’ ქუთაისში ‘აიას’ ბოლო წუთამდე ამარცხებდა, მაგრამ გაწითლებულ დროზე ლელო გაუშვა და 27:31 დამარცხდა.

მეორე ტურის შეხვედრაში ლიდერი 6-ჯერ შეიცვალა და ანგარიში სამჯერ გათანაბრდა. გუნდებმა სწრაფი, ხელდახელ რაგბი ითამაშეს და ტრიბუნაზე შეკრებილი მაყურებელი ნერვიულობასთან ერთად გვარიანად ასიამოვნეს.

თამაში სტუმართა აქტიურობით და სწრაფი შეტევებით დაიწყო. მასპინძლებს უნებლიე შეცდომები მოსდიოდათ და კარგა ხანს თამაში ვერ დაალაგეს, თუმცა ანგარიშის გახსნის შანსი სწორედ მათ ჰქონდათ - თედო აბჟანდაძეს 100%-იანი ჯარიმა გაუცუდდა. მე-12 წუთზე რეზი
ჯინჭველაშვილმა მეტოქეს ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ბურთი აიტაცა და ძელებსშუა გატანილი ლელო თავადვე გარდასახა. 21-ე წუთზე მას გასატანი პოზიციიდან კიდევ 3 ქულა უნდა აეღო, მაგრამ აბჟანდაძის დარად 100%-იანი დარტყმა გაუცუდდა.

20 წუთის შემდეგ ‘აიამ’ შეძლო ინიციატივის დაუფლება, ‘არმაზის’ წითელ ზოლში დაახლოებით 3 წუთი გაატარა და რევაზ წიკლაურმა ახლოდან მიძალების საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

32-ე წუთზე ქუთაისელებმა ‘არმაზის’ შეცდომით ისარგებლეს და წინ გავიდნენ: სანდრო სვანიძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი მიწაზე დავარდნის შემდეგ საკუთარ ლელოში აიღო და პირველი მბოჭავი აირიდა, მაგრამ მეორეს ვეღარ გაექცა, ოვალი ხელიდან გაუვარდა და ის ბექა ვარდანიძემ დაამიწა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა - 14:7.

მეორე ტაიმი ‘არმაზის’ იერიშებით დაიწყო და მალე ლელოც გავიდა. სვანიძემ მარჯვენა ფრთაზე გაჭრა ხაზი და 5-მეტრიან წყვეტილამდე ირბინა, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, ოთარ მინაშვილმა გრძელი გადაცემა მიიღო და შექცეული პასით კობა ჯიმშელეიშვილი შეიყვანა, რომელმაც გოგა ხუროშვილს პასი არ დაუგვიანა და მისი ლელო ჯინჭველაშვილმა გარდასახა. ‘აიამ’ ლიდერობა აბჟანდაძის მიერ 50-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დაიბრუნა, თუმცა 1 წუთში სვანიძემ მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიცილა და ლელომდე ირბინა, ხოლო ჯინჭველაშვილმა სტუმრები 21:17 დააწინაურა.

64-ე წუთზე ხუროშვილი მაღალი ბოჭვისთვის დაჯარიმდა, თორნიკე მანაგაძემ მას ჩხუბი აუტეხა და რეფერიმ ორივე გაასინბინა, ჯარიმის შესრულების უფლება კი მარნეულელებს გადააბარა და ჯინჭველაშვილმა გუნდის უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა.

‘აიამ’ დიდი მონდომებით შეუტია და მეტოქის წითელ ზოლში კვლავ დიდი დრო გაატარა. ‘არმაზი’ დიდი გაჭირვებით ახერხებდა მათი მიძალების მოგერიებას და ერთ-ერთ დერეფანში ბურთიც მოიპოვა, თუმცა რაქში ის ვეღარ გააკონტროლა და ამით მიხეილ რატიაშვილმა ისარგებლა, რომლის ლელო აბჟანდაძემ გარდასახა და წონასწორობა მესამედ აღადგინა.

შეხვედრის დასრულებამდე ორიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც ჯინჭველაშვილმა 47 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ‘არმაზი’ გამარჯვებას მიუახლოვა, მაგრამ ტრიბუნების მხარდაჭერით გათამამებულმა ქუთაისელებმა ფრეზე უარი თქვეს, ჯარიმა არ დაარტყეს, ლელოზე ითამაშეს და უკვე გაწითლებულ დროზე რატიაშვილმა თავისი მეორე ლელოთი მასპინძლები გაახარა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 31:27.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული