დიდი 10: "ბათუმმა" თბილისის "ლელო-სარასენსს" მისსავე მოედანზე მოუგო

AutoSharing Option
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

დიდი 10-ის მესამე ტურის პირველ მატჩში, "ბათუმმა" თბილისის "ლელო-სარასენსს" მისსავე "ლელო არენაზე" 26:13 მოუგო და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა.

თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყი და მალევე მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. მამუკა ნინიძემ ჯარიმითვე ტაიმის შუაში უპასუხა. კვირიკაშვილმა თავისიანები 26-ე წუთზე კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა საპასუხო შეტევისას სანდრო მამამთავრიშვილი სახიფათო ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა და ნინიძემ შორეული დარტყმით წონასწორობა მეორედ აღადგინა.

თამაშის განახლებისთანავე ლელოელებმა საკუთარ 22-ში შეცდომა დაუშვეს, "ბათუმმა" 5-მეტრიან შერკინებაში მეტოქეს უკან
დაახევინა, ბურთი ხვიჩა ბუჯიაშვილმა აიტაცა და მატჩის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო ნინიძემ გარდასახა. გაწითლებულ დროზე სტუმრებმა ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს, შერკინებაში მოპოვებული უპირატესობით ისარგებლეს, საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და 20:6 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ბათუმმა" ჯარიმა გამოიმუშავა და ნინიძემ საშუალო დისტანციიდან სტუმართა უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. "ლელო-სარასენსმა" 55-ე წუთზე მოახერხა საპასუხო ლელოს გატანა. სოსო მათიაშვილმა ფეხით შესანიშნავად ითამაშა, დიდი მანძილი მოიგო და საკუთარ გუნდს 5-მეტრიანთან დერეფნის აგდების უფლება მოუპოვა. რამდენიმე დარტყმის შემდეგ ნიკა სვიმონიშვილმა რაქიდან აიტაცა ბურთი და ძელებსშუა გადადო, კვირიკაშვილმა კი გარდასახა და სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა.

თბილისელებმა წნეხი გააძლიერეს და მეტოქის 22-ში რამდენიმე წუთი გაატარეს, მაგრამ ქულის აღება ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ "ბათუმმა" არ გაუშვა შანსი ხელიდან, მეტოქის ნახევარზე ჯარიმა გამოიმუშავა და ნინიძემ დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. "ლელო-სარასენსი" გარდატეხის შეტანას ცდილობდა, მაგრამ 70-ე წუთზე მამამთავრიშვილმა მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, "ბათუმმა" მატჩი 26:13 მოიგო და მინიმუმ კვირამდე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იქნება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანდრო მამათავრიშვილი.ეს ბიჭი არ იყო ახალგაზრდულ მსოფლიოზეც ხშირად რომ გვიგდებდნენ?ძალიან კარგი ბიჭია,ნამდვილი მეომარი,მაგრამ თუ ემოციების მართვა არ ისწავლა,კიდევ ბევრჯერ ჩააგდებს თავის გუნდს მძიმე მდგომარეობაში.თამაში კი მშვენიერი გამოვიდა.არ ვიცი სხვა როგორ,მაგრამ ბოლო წლებში ისე შეიცვალა,საქართველოს მოედნებზე ნათამაშევი რაგბი,რომ გეგონებათ სხვა ქვეყანააო.სამახაობრივი,სწრაფი,ტექნიკური,ლაღი და სულ უფრო ხარისხიანი.ალბათ ამიტომ,სტადიონებზე ქალებიც გამოჩნდნენ და საკმაოდ მრავლადაც.ალბათ მათაც მოენატრათ ნამდვილი ვაჟკაცების ყურება.ჭიდაობა და რაგბი,ხომ სპორტის ის სახეობებია,სადაც ქართველი კაცი,ისევ კაცია.
სოსო
09:53 16-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული