დიდი 10 ჩხუბით და "ლოკომოტივის" გამარჯვებით განახლდა

AutoSharing Option
ზამთრის შესვენების შემდეგ, 2018/2019 წლების დიდი 10-ი „შევარდენზე“ დედაქალაქური დერბით განახლდა. აუტსაიდერი ‘არმია’ მოქმედ ჩემპიონ ‘ლოკომოტივთან’ ვერაფერს გახდა, ოთხი ლელო გაუშვა და 9:28 დამარცხდა.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ბონუსიც ჩაიწერა და გასული წლის მიწურულს დაკარგული მეორე ადგილი დაიბრუნა.

ანგარიში არმიელებმა ბახვა კობახიძის ჯარიმით გახსნეს, თუმცა ‘ლოკომოტივმა’ ტემპს იქვე მოუმატა, ვახტანგ ამირანაშვილმა ხაზი გაჭრა, შებოჭილმა ზურაბ ძნელაძეს ოფლოუდი გაუხერხა და მისი ლელო ბექა წიკლაურმა მე-8 წუთზე გარდასახა. ‘ლოკომოტივი’ სრულად დაეუფლა სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, ტაიმის შუაში მოლი ააგორა და ის ირაკლი
ქვათაძის ლელოთი დასრულდა, ხოლო წიკლაური არც ამჯერად შეცდა.

4 წუთში ჩემპიონებმა დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ბურთი ხაზზე სწრაფად გაიტანეს, ლევან გოგოლაშვილმა ხაზი სუფთად გაჭრა და ლელომდე 35 მეტრი ირბინა, ხოლო წიკლაურმა ანგარიში 21:3 გახადა. ტაიმი ასე დასრულდა, თუმცა მანამდე, გაწითლებულ დროზე, გუნდური ჩხუბი ატყდა და ლაშა გედეხაური და შალვა ზვიადური წითელი ბარათებით დაისაჯნენ.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო, ოღონდ ამჯერად კობახიძემ ორი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 12 ქულამდე დაიყვანა. მალე დაჩი კოპაძე სინბინით დაისაჯა, თუმცა კაცნაკლულმა ‘ლოკომოტივმა’ მოახერხა ინიციატივის დაუფლება, ხოლო მეორე ტაიმის შუაში, ორი წუთის ინტერვალში, ‘არმიამ’ სინბინით თორნიკე გოგლიძე და საბა ნიკოლავა დაკარგა. 14-მა რკინიგზელმა ორკაციანი უპირატესობა 67-ე წუთზე გამოიყენა და ზვიად მაისურაძემ 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 28:9.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული