საერთაშორისო დონის უელსელი მსაჯები დიდ 10-ში

AutoSharing Option
დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურის ორ მატჩს საერთაშორისო კატეგორიის უელსელი მსაჯები განსჯიან.

საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით და ირლანდიის მსაჯთა განვითარების ყოფილი ხელმძღვანელის, დევიდ მაკქიუს დახმარებით, ჩვენი სამსაჯო კორპუსი ბრიტანელებთან ურთიერთობებს ამყარებს. უელსის მსაჯთა კორპუსთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ორი უელსელი რეფერი საქართველოში იმყოფება, შემოდგომაზე კი, ქართველი მსაჯები საპასუხო ვიზიტით უელსში ჩავლენ.

პარასკევს, 29 მარტს, „ლელო-არენაზე“ ‘ლელო-სარასენსი’ მარნეულის ‘არმაზს’ მასპინძლობს და რეფერი მაიკ ინგლიში იქნება, რომელიც რეგულარულად მსაჯობს რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს.

მე-17 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა 16
საათზე დაიწყება. ეს გუნდები საფლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა - ‘ლელო-სარასენსი’ 36 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო ‘არმაზი’ 33 ქულით მეშვიდეა. შედეგად, თბილისელები გამარჯვებით ექვსეულში ადგილს იბევებენ, ‘არმაზს’ კი გამარჯვებით მეტოქეზე გასწრების შესაძლებლობა ექნება.

ბოლო ტურში ორივე გუნდმა მარცხი განიცადა და ახლა რეაბილიტაცია და ხასიათის გამოკეთება ჭირდებათ. ‘ლელო-სარასენსს’ ‘არმიამ’ თამაში მეორე ტაიმში შემოუტრიალა და 29:15 დაამარცხა, ხოლო ‘არმაზს’ რუსთავის ‘ხარებმა’ ბონუსით, 19:3 სძლია. პირველ წრეში, როდესაც ‘არმაზი’ კარგ ფორმაში იყო, მათ თბილისელები 15:6 დაამარცხეს და ახლაც თუ იგივე მოახერხეს, ექვსეულამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება.

შაბათს, 30 მარტს, 14 საათზე თბილისის ‘ლოკომოტივი’ გორის ‘ჯიქს’ დაუხვდება და ამ მატჩის რეფერი დენ ჯოუნსი იქნება, რომელსაც საერთაშორისო რაგბში დიდი რეპუტაცია აქვს. მისი კარიერული წინსვლა საქართველოდან დაიწყო, რადგან საერთაშორისო დებიუტი სწორედ აქ გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჰქონდა. ის რეგულარულად მსაჯობს რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს, უმაღლეს სანაკრებო დონეზე კი საფრანგეთის ნაკრებისა და ბარბაროსების, ასევე შოტლანდიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრა იმსაჯა. გარდა ამისა, ჯოუნსი რეგულარულად მსაჯობს პრო 14-ის შეხვედრებს.

„ჩვენი სურვილია, რომ გაცვლითი პროგრამები ბევრ ქვეყანასთან გვქონდეს, რათა ამაღლდეს როგორც ჩვენი შიდა ჩემპიონატის, ასევე ქართველი მსაჯების დონე. არ არის კარგი, როდესაც ერთიდაიმავე მსაჯს სეზონის განმავლობაში ერთი გუნდის რამდენიმე შეხვედრის მსაჯობა უწევს და ერთის მხრივ ამ პრობლემას ავიცილებთ თავიდან, მეორეს მხრივ კი, სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში მუშაობით, ჩვენი მსაჯების დონე იზრდება. გაცვლითი პროგრამები უკვე გვაქვს უელსთან და რუმინეთთან და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება“ - განაცხადა საქართველოს მსაჯთა განვითარების მენეჯერმა ლუკა კილასონიამ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ‘ლოკომოტივმა’ გასულ ტურში ‘ბათუმთან’ განცდილი მარცხის (16:18) შემდეგ, მეორე ადგილი დაკარგა და დარჩენილ ორ ტურში მის დაბრუნებას ეცდება, რათა ფლეი ოფის პირველ ეტაპზე თამაშმა აღარ მოუწიოს და პირდაპირ შესარჩევ ფინალში მოხვდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონმა ზედიზედ ორი მარცხი განიცადა და ახლა თვითრწმენის დაბრუნებას ეცდება.

გასულ ტურში ქუთაისში ‘აიასთან’ დამარცხდა გორის ‘ჯიქიც’ (17:23), თუმცა 35 ქულით მე-6 ადგილი შეინარჩუნა. მაგრამ მასთან ძალიან ახლოს იმყოფება ‘არმაზი’ და გორელებს ქულები ჰაერივით ჭირდებათ. პირველ წრეში რკინიგზელებმა გორში 19:16 იმარჯვეს და სავარაუდოდ, შეხვედრა ახლაც დაძაბული გამოვა.

ტურის დანარჩენ სამ შეხვედრაში გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფი გუნდები სტუმრად თამაშობენ. შაბათს, 16 საათზე, გათამაშების ლიდერი ‘ბათუმი’ აუტსაიდერ ‘არმიას’ მასპინძლობს. ზღვისპირელებს მოტივაცია ნაკლები ექნებათ, რადგან პირველ ადგილს მათ ვეღარავინ შეეცილება, თუმცა საკუთარ მოედანზე ქომაგის გახარებას ეცდებიან. რაც შეეხება ‘არმიას’, 2019 წელს დიდი პროგრესი განიცადა, ექვსიდან ოთხი შეხვედრა მოიგო და დიდ 10-ში დარჩენის შანსიც გაუჩნდა. მას ‘ვეფხვების’ მსგავსად 24 ქულა აქვს და მეტოქეს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით, ‘აკადემიას’ კი 2 ქულით ჩამორჩება. ამრიგად, მისთვის თითოეულ ქულასაც კი დიდი ფასი აქვს. პირველ წრეში არმიელებმა ‘ბათუმთან’ 6:13 წააგეს და ბონუსი აიღეს.

კვირის პირველ მატჩში, 13:45 საათზე ‘ხარები’ რუსთავში თბილისის ‘აკადემიას’ მასპინძლობს. მასპინძლები მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურებიან და გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვებით, მეორე ადგილზეც აინაცვლეს. ახლა მათ დარჩენილი ორი შეხვედრის ბონუსით მოგება მართებთ და შესარჩევი ფინალი, ანუ მინიმუმ მესამე ადგილი გარანტირებული ექნებათ. ‘აკადემიამ’ ერთი კვირის წინ ‘ვეფხვებს’ პატარძეულში 14-ქულიანი ჩამორჩენა „ამოუქაჩა“, მატჩი ფრედ 17:17 დაასრულა და მდევრებთან 2-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, მაგრამ ეს მას უძლიერესთა შორის დარჩენის გარანტიას არ აძლევს და რუსთავში გამარჯვებისთვის მოუწევს ბრძოლა. აღსანიშნავია, რომ „მხატვრებმა“ პირველ წრეში ეს მოახერხეს და ‘ხარები’ 22:15 დაამარცხეს.

ტური ქუთაისში, ‘აიასა’ და პატარძეულის შეხვედრით დასრულდება და ის 16 საათზე დაიწყება. მასპინძლები 38 ქულით მე-4 ადგილზე არიან და ამ თამაშის მოგებით ფლეი ოფს ინაღდებენ, თანაც ისე, რომ ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით სარგებლობისკენ დიდ ნაბიჯს დგამენ. დიდი 10-ის დებიუტანტ ‘ვეფხვებს’, ცოტა ხნის წინ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება თითქმის დაბევებული ჰქონდა, მაგრამ ‘არმიას’ წარმატების ფონზე, ახლა გასავარდნ ზონას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებელი აშორებს და მისთვისაც ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს. პირველ წრეში კახელებმა მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მცირედი მარცხისთვის (22:27) ბონუსსაც გამორჩნენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული