"ხარებმა" "არმაზს" მოუგო და ჩემპიონატის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული

რუსთავის "ხარებმა" მარნეულის "არმაზს" დრამატულ მატჩში 27:21 სძლია და საქართველოს ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება 25-წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა.

დიდი 10-ის მცირე ფინალში მარნეულელებმა 15-ქულიანი ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანა მოახერხეს, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმა ვეღარ შეასრულეს, ბოლოს ლელო თავად მიიღეს. მიუხედავად მარცხისა, "არმაზმა", დაარსების დღიდან პირველად, მედლების მოპოვება მოახერხა და ბრინჯაოს მედლები ჩაიბარა.

თამაში უაღრესად დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, სრული მობილიზებით ირჯებოდა
და რუსთავის რაგბის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმაც მაგრად ისიამოვნა. მატჩის დებიუტი სტუმრების იყო. "არმაზმა" ბურთზე კონტროლი დაამყარა და დაცვაში აგრესიულად, თავდადებით მოთამაშე "ხარებს" შეცდომა მე-7 წუთზე დააშვებინა. ხაზი ჯერ გიორგი კვესელაძემ გაჭრა, მერე მარცხენა ფრთაზე ნიკა გიგაური გაიქცა და ბოლო მცველის ბოჭვის მიუხედავად, ლელო გაიტანა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვა შეასრულა.

უშეღავათო ბრძოლაში ანგარიში ტაიმის ბოლომდე აღარ შეცვლილა, დასკვნით 5 წუთში კი მასპინძლებმა 10 ქულა და ლიდერობა მოიპოვეს. მათ ჯერ მოლი დააყენეს, რომელმაც ლელოს ხაზამდე იარა და რაქიდან გადამწყვეტი მიძალება ლაშა გოგიაშვილმა შეასრულა, კობა ბუჯიაშვილმა კი ზუსტი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა - 10:7.

"ხარებმა" შეტევების ტემპს მეორე ტაიმში მოუმატა, 49-ე წუთზე ორივე ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშა ბურთი, გურამ ქანდაურიშვილი მბოჭავს გასცდა და მისი ლელო ბუჯიაშვილმა გარდასახა. 56-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი კარგი შეტევა განახორციელეს, მორკინალებმა "არმაზის" დაცვა მოქანცეს და ქანდაურიშვილმა დუბლი შეასრულა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო - 22:7.

"არმაზმა" ძალები მოიკრიბა და შეტევაში დიდი დრო გაატარა. თავდაპირველად "ხარები" ახერხებდა თავის დაცვას, მაგრამ მერე კობა ჯიმშელეიშვილი მბოჭავს გაექცა და 69-ე წუთზე ლელო გაიტანა, რომელიც ჯინჭველაშვილმა გარდასახა. ოთხ წუთში ჯინჭველაშვილმა მოედნის ცენტრში ჩაჭრა გადაცემა და ლელომდე ირბინა, რასაც ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და საფინალო სასტვენამდე 7 წუთით ადრე, სხვაობა მინიმუმამდე დავიდა.

მარნეულელებმა ჯარიმის მოპოვება სცადეს, თუმცა "ხარებმა" ჯერ თავი დაიცვა, მერე ბურთი მოიპოვა, დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარა და გიგა ქვლივიძის ლელოთი გამარჯვება დაიბევა - 27:21.

"ხარები" ფინალურ მატჩს 12 მაისს, ბათუმში გამართავს, სადაც შესარჩევ ფინალში "ბათუმთან" დამარცხდა და ახლა რევანშის შანსი ექნება. "არმაზმა" კუთვნილი ბრინჯაოს მედლები რუსთავის რაგბის სტადიონზე, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი გორგასლიძისგან ჩაიბარა და ახალი ისტორიული შედეგის დაფიქსირებას უკვე მომავალ სეზონში ეცდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული