"ყოჩების" იუბილარი კაპიტანი: რაგბიში მეგობარი არ გაგწირავდა, რაც სამწუხაროდ, სპორტის სხვა სახეობებში შემიმჩნევია

AutoSharing Option
ბოლნისის "ყოჩების" კაპიტანს, "ბორჯღალოსან" თემო სოხაძეს დღეს 35 წელი შეუსრულდა. ვეტერანი მორაგბე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 11-ჯერ უთამაშია სხვადასხვა დროს საფრანგეთში, უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთსა და "ბათუმში", თუმცა მისი გული მუდამ მშობლიურ გუნდს ეკუთვნოდა.

„სხვა გუნდში გადასვლა ჩემი სურვილი არასდროს ყოფილა. სიტუაცია იქმნებოდა ისეთი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა“ – ამბობს სოხაძე, რომელმაც რაგბის თამაში 12-13 წლის ასაკში, "ყოჩებში" ნუგზარ მალაღურაძესთან დაიწყო.

„რაგბიზე პირველად ჩემი ბავშვობის მეგობრები, კარის მეზობლები გეგა და გიორგი კეკელიძეები მივიდნენ. ისინი გუნდის ამბებს ეზოში ისე აღფრთოვანებულნი
ჰყვებოდნენ, გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი. დღესაც მახსოვს პირველი ვარჯიში იპოდრომზე. მაშინ რაგბის ბურთი პირველად დავინახე. მაშინ ასაკით პატარა ვიყავი და რაგბის ღირებულებების არ მესმოდა, ეს მერე მოვიდა. მანამდე კი მომეწონა ის მეგობრული ატმოსფერო, რომელიც რაგბის თანმდევი ნაწილია. ყველა ძალიან თბილად დამხვდა და უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც დღესაც საუკეთესო ურთიერთობა მაქვს“, – იხსენებს ვეტერანი მორაგბე.

ტალახი და სუფთა სპორტი

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში რაგბი არც ასეთი ცნობადი იყო და არც პირობები არსებობდა. ქვეყანაში მიმდინარე შიდა ომებისა და არეულობების ფონზე, სიტუაცია სულ უფრო უარესდებოდა, თუმცა იყო რაღაც, რამაც სოხაძე საყვარელ სპორტში დიდი ხნით დატოვა:

„რაგბიში კი არა, ქვეყანაში არ იყო პირობები. სახლებში შუქი არ გვქონდა, ტრანსპორტი არ მოძრაობდა და ვარჯიშებზე ფეხით დავდიოდით. გასახდელებსა და საშხაპეებზე საუბარიც ზედმეტი იყო. როდესაც სავარჯიშოდ ფიზკულტურის ინსტიტუტის ეზოში გადავედით, ძალიან გამიხარდა, რადგან ვაკეში ვცხოვრობდი და უფრო ადვილი იყო ჩემთვის სიარული. წვიმასა და ტალახში ვვარჯიშობდით და ასე ამოგანგლულები ვბრუნდებოდით შინ, სადაც ვისხედით და წყლის გაცხელებას ველოდებოდით, ტალახი რომ ჩამოგვებანა“.

ახლა სულ სხვა სიტუაციაა, რაგბი წინ წავიდა და პირობები ბევრად უკეთესია. ეს აუცილებელია, თუმცა პირადად მე ის ძველი დრო ძალიან კარგად მახსენდება. თავისებური ხიბლი ჰქონდა ამ ყველაფერს. რაგბი „სუფთა“ იყო და სწორედ ამ სისუფთავემ დამტოვა ამდენი ხანი. არცერთ სხვა სპორტს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მანამდე ფეხბურთზე, მძლეოსნობაზე, ცურვაზე დავდიოდი, მაგრამ არსად ისეთი კარგი სიტუაცია არ იყო, როგორც რაგბიში. კარიერული წინსვლის გამო რაგბიში მეგობარი არ გაგწირავდა, რაც სამწუხაროდ, სპორტის სხვა სახეობებში შემიმჩნევია“.

„ნაკრებმა დამოკიდებულება შეცვალა“

ნიჭიერი მორაგბე ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. თემომ ითამაშა ახალგაზრდულ მსოფლიო თასსა და ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 2005 წელს ესპანეთში, ვალიადოლიდში ევროპის ჩემპიონი გახდა:

„ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე, პირველი საერთაშორისო შეხვედრა კი 16-წლამდელთა ნაკრებში მქონდა. ფოთში ტურნირი მოეწყო და ვეთამაშეთ უკრაინისა და სომხეთის ნაკრებებს. მერე იყო მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები. ამან რაგბი სულ სხვა კუთხით დამანახა და ჩემი დამოკიდებულება შეცვალა. ვითამაშეთ ახალი ზელანდიის, ინგლისის, უელსის ნაკრებების წინააღმდეგ და აღმოვაჩინე, რომ ჩემს თანატოლ ბიჭებს ჰქონდათ ჩემზე მეტი ჯანი, სისწრაფე და ტექნიკა. ვფიქრობდი, რატომ უნდა ყოფილიყვნენ ისინი ჩემზე უკეთესნი და სტიმული მომეცა, უფრო მეტს ვვარჯიშობდი, რათა მეც გავმხდარიყავი ამ დონის მორაგბე“.

2005-09 წლებში სოხაძემ "ბორჯღალოსნების" კვართით 11 მატჩი ჩაატარა. მხოლოდ 2006 წელს, მან გუნდის კვართი 7-ჯერ მოირგო, მაგრამ მხრის ტრავმამ მის კარიერას დიდი დაღი დაასვა და არც მსოფლიო თასზე გაუშვა, თუმცა საფრანგეთში მოხვედრის შანსი მაინც იყო:

„20-წლამდელთა ბოლო ევროპის ჩემპიონატი რომ ვითამაშე, უკვე ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს (2005 წელს) და დებიუტი ქუთაისში, ჩეხეთის ნაკრებთან მქონდა. სამწუხაროდ, მალე მხარი ამომივარდა, რამაც ხელი ძალიან შემიშალა. ეს უფრო ჩემი ბრალი იყო. შევცდი, ოპერაცია რომ არ გავიკეთე. ვფიქრობდი, რომ მხარს ვარჯიშით გავიმაგრებდი და საბოლოოდ 6-7 წელი დავკარგე. რაგბის სამყაროში ყველამ იცის, რომ სუსტი დაცვა მაქვს და ეს სწორედ მხრის ბრალია“.

„ნაკრებში თამაში კი იყო უდიდესი სიამაყის განცდა, რომელიც არ ნელდებოდა. ყველაზე კარგად, ალბათ, ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე. მახსოვს, მოედანი სულ ტალახიანი იყო. მე შეცვლაზე შევედი და თამაში წამივიდა, რის შემდეგაც რამდენჯერმე ძირითადშიც მომცეს ადგილი. მარტო მხრის ბრალი არაა, ნაკრებში რომ ვერ დავმკვიდრდი. მაშინ 10 ნომერზე პალიკო ჯიმშელაძე იდგა და ამ პოზიციაზე, თუ სწორად მახსოვს, მხოლოდ ერთხელ ვითამაშე. უფრო ფულბეკად, ოთარ ბარკალაიას შემცვლელად მიწევდა თამაში. კონკურენცია ძალიან დიდი იყო – მახო ურჯუკაშვილი, ბესო ხამაშურიძე და როგორც ჩანს, იმ დონეზე ვერ ვიყავი, ნაკრებში რომ დამემკვიდრებინა ადგილი“.

იყო ერთი შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა სოხაძის კარიერა სხვა კუთხით წარემართა, მაგრამ ასე არ მოხდა:

„ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 2007 წლის მსოფლიო თასი იყო. ნაკრებთან ერთად გავიარე ერთთვიანი მოსამზადებელი ეტაპი. გვყავდა უძლიერესი ფრანგი ფიზმომზადების მწვრთნელი ნიკოლა ბასი, რომელსაც ძალიან მძიმე ვარჯიშები ჰქონდა. უნდა ვთქვა, რომ იმ წელს ფიზიკურად ნაკრები საუკეთესოდ იყო მომზადებული. მე მხარი ახალი ნაოპერაციები მქონდა და ვარჯიშებს ვერ გავუმკლავდი. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში წასვლის შანსი მაინც მქონდა. პალიკო ჯიმშელაძე პირველსავე შეხვედრაზე დაშავდა და ბიჭებისგან ვიცი, კრებაზე ადგა და თქვა – „მე ამ მსოფლიო თასზე ვეღარ ვითამაშებ, გამიშვით და ჩემ მაგივრად სოხაძე ჩამოიყვანეთ“. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ვერც პალიკომ შეძლო მეტი თამაში. მოგვიანებით მან ის მაისური მაჩუქა, რომლითაც ამ მსოფლიო თასზე ითამაშა. მე რომ მაშინ საფრანგეთში ჩავსულიყავი და თუნდაც ცოტა ხნით მაინც მეთამაშა, სულ სხვა დონეზე ავიდოდი, მოტივაციაც გაიზრდებოდა და ალბათ, კარიერაც სხვაგვარად განვითარდებოდა“.

საფრანგეთი, უკრაინა, რუსეთი და პოლონეთი

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, თემო სოხაძემ ოთხი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში მოასწრო თამაში. თავიდან ის საფრანგეთში წავიდა, სადაც ორ სხვადასხვა გუნდში მოასწრო თამაში:

„თავიდან მე და ლევან დათუნაშვილი ორლეანის მახლობლად, პატარა ქალაქ ვიარლონის გუნდში წავედით სათამაშოდ და იქ ერთი სეზონი გავატარე. სწორედ "ვიარლონში" ამომივარდა პირველად მხარი. მერე დავით ზირაქაშვილის დახმარებით კორსიკაზე, "ბასტიაში" აღმოვჩნდი, რომელიც ფედერალ2-ში თამაშობდა. კორსიკელები თბილი და მეგობრული ხალხი არიან. მახსოვს, მაშინ მხარი ხშირად მივარდებოდა და ერთხელ სახლში ამომივარდა. ისე მოხდა, იმ მომენტში მხარი ვერ ჩავისვი. ღამე იყო და გუნდის ექიმს დავურეკე, რომ დამხმარებოდა. მის მოსვლამდე მხარი თავის ადგილზე დავაბრუნე, მეორე დღეს კი ჩვენი გუნდის ექიმი ვარჯიშზე მოვიდა და მითხრა, რომ სრულიად უფასოდ გამიკეთებდა ოპერაციას“.

„ის კლინიკის მთავარი ექიმი იყო და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ იყო ერთი პრობლემა – რადგან ოპერაცია უფასოდ მიკეთდებოდა, კლინიკაში ვერ დამტოვებდა. "ბასტიაში" სინჯებზე იყო ჩამოსული დავით კაჭარავა, რომელიც მთელი ეს პერიოდი მივლიდა, თავისი ხელით მაჭმევდა. კორსიკელებთან მომავალი სეზონისთვის კონტრაქტები ძალიან კარგი პირობით გავაფორმეთ და ზაფხულში სამშობლოში დავბრუნდით. სამწუხაროდ, მენეჯერმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ გუნდი დაიშალა და ამ კონტრაქტის იმედი აღარ უნდა გვქონოდა“.

„რადგან იმ პერიოდში საქართველოში არაფერი ხდებოდა, ოდესაში გადავწყვიტე წასვლა, სადაც ძმები მალაღურაძეები თამაშობდნენ. ახალი დაოჯახებული ვიყავი და ფინანსური მხარე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რის გამოც "კრედო 63"-ში ნახევარი სეზონი გავატარე. ამ პერიოდში რატი ურუშაძემ დავით კაჭარავა "ენისეიში" წაიყვანა. იქ ისინი კრასნოიარის მეორე გუნდის, "კრასნი იარის" მწვრთნელს შეხვდნენ. ეს იყო ფრანგი სპეციალისტი, რომელიც მანამდე "ნიცაში" მუშაობდა და მის გუნდთან "ბასტიას" თამაშიდან თემო სოხაძე ახსოვდა. ასე დამიკავშირდნენ ამ გუნდიდან და ორი სეზონი რუსეთის ჩემპიონატში გავატარე“.

შინ დაბრუნებული სოხაძე იმხანად პირველ ლიგაში მოთამაშე "ბათუმს" შეუერთდა, სადაც მისი მეგობარი დავით გუგუშვილი თამაშობდა. მალე გუგუშვილს მინდია აბაშიძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ პოლონური კლუბი 10 და 8 ნომრებს ეძებდა. ასე მოხვდა სოხაძე 2 წლით პოლონეთის ჩემპიონატში, სადაც რამდენიმე წლის წინ, 2 თვით ნიკა ჩხიკვაძესთან ერთად იყო ჩასული და ფინალშიც ითამაშა. პოლონეთში რაგბი სამოყვარულო სპორტია და ადგილობრივი მორაგბეები მიზერულ ხელფასებს იღებენ, თუმცა მომზადების კუთხით, ქართულ კლუბებზე უკეთესი სიტუაციაა:

„მიუხედევად იმისა, რომ პირობების თვალსაზრისით ჩვენთან სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გუნდებს ჯერაც არ აქვთ ისეთი მოსამზადებელი პირობები, როგორიც პოლონეთში იყო. იქ სპორტის სხვა სახეობები ბევრად უფრო პრიორიტეტულია, თუმცა ყოველდღე მთელ გუნდს გვქონდა ვახშამი, უზრუნველყოფილნი ვიყავით სრული ეკიპირებით, ვიტამინებით და მოსამზადებლად საუკეთესო პირობები იყო შექმნილი. მე როდის ვიყავი პოლონეთში და აქ მსგავსი სიტუაცია ჯერაც არაა. მაგრამ ეს არ ეხება ხელფასებს. ადგილობრივ მორაგბეებს საუკეთესო შემთხვევაში ხელფასი 100-200 ევრო ჰქონდათ“.

მეტს მოველოდით

სოხაძე იმ კაპიტნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლისთვისაც დემოკრატიული მიდგომები უფრო მისაღებია. მისთვის ეს საპასუხისმგებლო საქმე მხოლოდ მოედანზე გადაწყვეტილებების მიღებით არ შემოიფარგლება და გუნდსა და ხელმძღვანელობას შორის შუამავლის როლი აკისრია:

„მეამაყება ამ ბიჭების გვერდში დგომა. კაპიტნობა მხოლოდ თამაშის დაწყებისას მონეტის აგდება არაა და ის უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. ვარჯიშებზე და მის მიღმა შუამავალი ვარ მორაგბეებს, მწვრთნელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის. როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, ის ხელმძღვანელობამდე ჩემი პირით მიდის. ეს ბუნებრივიცაა, რადგან 40 კაცი ცალ-ცალკე ვერ დაიწყებს მათთან საუბარს. უშუალოდ თამაშისას გადაწყვეტილებას სხვებისგან დამოუკიდებლად არასდროს ვიღებ. როდესაც მოედანზე გიორგი ხოსიტაშვილი, მიშო არჩუაშვილი და მსგავსი გამოცდილების მქონე მორაგბეები გყავს, სწორი არაა მხოლოდ შენი არჩევანით გადაწყვიტო კარში დარტყმა, თუ ვთქვათ, ბურთის დერეფანში გადაგზავნა“.

დიდი 10-ის მიმდინარე ჩემპიონატის 14 ტურის შემდეგ "ყოჩები", რომელიც უძლიერესთა შორის სეზონის წინ დაბრუნდა, 4 მოგებით, 3 ფრით და ჯამში 26 ქულით მე-7 ადგილზეა. ბოლნისელებს საპლეიოფო ზონას სულ რაღაც 3 ქულა აშორებთ, თუმცა, სოხაძის თქმით, ამ შედეგით მორაგბეები და მწვრთნელები უკმაყოფილონი არიან:

„გუნდში ყველას მეტის მოლოდინი გვქონდა. მონდომება არავის გვაკლდა. ვიქტორ დიდებულიძემ, აკა ცინცაძემ და ერეკლე ფერაძემ დიდი სამუშაო გასწიეს, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში არ გაგვიმართლა. მოგებული თამაშები წავაგეთ. დღესაც ვერ ვხვდები, როგორ გავანიავეთ "ლოკომოტივთან" ამხელა უპირატესობა. არ მახსენდება, ასეთი უპირატესობის ფონზე როდისმე თამაში წამეგოს. მთელი ერთი თვე სულ ეს შეხვედრა მახსენდებოდა. იყო შეცდომები, მათ შორის, ჩემიც, თუმცა კარგია, რომ ბოლოს თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ, თამაშები მოვიგეთ და ექვსეულში მოხვედრის შანსი დავიბრუნეთ“.

მარტში შეწყვეტილი ჩემპიონატი ივლისის ბოლოს უნდა განახლდეს, თუმცა ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. მთავარი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რომელმაც შესაძლოა ჩემპიონატის განახლება ისევ შეაფარხოს. მანამდე კაცთა გუნდებს უკვე მიეცათ ვარჯიშების ეტაპობრივად განახლების უფლება, თუმცა პრობლემა აქაცაა – შეზღუდულ პირობებში, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბევრი პრობლემა იჩენს თავს:

„ვარჯიშები ინდივიდუალურად თუ დაიწყება, თუმცა ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია. ვირუსის გარდა, პანდემიის ფონზე ფინანსური პრობლემებია. ბიჭების უმრავლესობას ოჯახები ჰყავს. ფიზიკურად კარგ ფორმაში რომ იყო, კვება, ვიტამინები და უამრავი რამაა საჭირო. ნუცუბიძის სტადიონიც არაა ახლოს და ელემენტარულად, ტრანსპორტი გინდა, სავარჯიშოდ რომ იარო“.

„მიუხედავად ამისა, თუ ჩემპიონატი განახლდება, მონდომებას არავინ დააკლებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბოლოს მოგებულმა თამაშებმა ექვსეულში შესვლის კარგი შანსი გაგვიჩინა და მის გამოყენებას ვეცდებით. ასაკიდან გამომდინარე, რაგბიში ბევრი დრო აღარ დამრჩა და მინდა კარიერის ბოლოს ხელშესახებ წარმატებას მივაღწიო“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
თემო, დაბადების დღეს გილოცავ და მომავალ წელს საპრიზო ადგილზე გასვლას გისურვებ!
გუჯა კახაძე
25 მაისი 2020 22:02
0

სიახლეები პოპულარული