ჩვენ მზად ვართ შევქმნათ რაღაც განსაკუთრებული! - "ბორჯღალოსნებმა" კანადისთვის მზადება დაიწყეს

AutoSharing Option
თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩამდე 5 დღით ადრე ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დილიდან შეიკრიბნენ. 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" კანადას დაუხვდება. თამაში 18 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრები იყიდება ონლაინ TKT.GE/TBCRugbySeries და დინამოს სალაროებში. ფასი: 5, 10, 15 და 20 ლარი.

სატურნირო რაზმი

გასულ კვირაში საფრანგეთში განვლილი 3-დღიანი, ნაყოფიერი შეკრების შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სატურნირო, 32 კაციანი რაზმი დაასახელა.

ტრავმების გამო ბურჯი დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად მწვრთნელებმა ლაშა ტაბიძეს, ხოლო მესამეხაზელი ოთარ გიორგაძის ნაცვლად გიორგი ცუცქირიძეს უხმეს.

ორ მორაგბეს
- მირიან მოდებაძეს და გიორგი კვესელაძეს სანაკრებო კვართით ჯერ არ უთამაშიათ, თუმცა გაფართოებული შემადგენლობის ბირთვი გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

"ჩემთვის დიდი პატივია დავასახელო ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2017 წლის ნოემბრის, "თიბისი რაგბის სერიებისთვის". მიგვაჩნია, რომ 2-3 მორაგბის გარდა, რომლებიც ტრავმების გამო მოვისაკლისეთ, საკმაოდ გამოცდილ გუნდს მოვუყარეთ თავი" - ამბობს მილთონ ჰეიგი.

ქომაგებმა ჩვენით უმდა იამაყონ...

"თიბისი რაგბის სერიებში" ბორჯღალოსნები 11 ნოემბერს დინამოზე კანადას, ხოლო 25 ნოემბერს "მიხეილ მესხზე" აშშ-ს ეთამაშებიან. ამ გუნდებს 6 თვის წინ ამერიკული ტურნეს ფარგლებში შევხვდით და მათთან სტუმრად პირველი გამარჯვებები მოვიპოვეთ. კანადას ქალგარში, ძლიერ ქარსა და თოვლ-ჭყაპში 13:0, ხოლო აშშ-ს მზიან ატლანტაში 21:17 ვძლიეთ.

მიუხედავად ამისა, ჰეიგი რთული თამაშების მოლოდინშია და ქართველ ქომაგს ხარისხიან თამაშს პირდება:

"ყოველი წლის ნოემბრის კამპანია განსაკუთრებულად რთულია, რადგან მეტოქეებად ძლიერი გუნდები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ივნისში კანადა და ამერიკა სტუმრად დავამარცხეთ, გამონაკლისი არც ეს ნოემბერი იქნება. ვიცით, რომ ისინი საქართველოში უდიდესი მოტივაციით და რევანშის წყურვილით ჩამოდიან.

"ეს ჩვენთვის ძალიან კარგი გამოწვევაა! თუ ზედმეტად თავდაჯერებულები ვიქნებით, არაფერი გამოგვივა. ჩვენი მიზანია, რომ ივნისში ნაჩვენები თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ და ისეთი შემტევი რაგბი ვაჩვენოთ, რომლითაც ქომაგი იამაყებს"

დროა ქართული რაგბის ისტორია შევქმნათ!

კანადასა და აშშ-ს შორის, ბორჯღალოსნები კარდიფში ჩავლენ და 75-ათასიან ლეგენდარულ სტადიონზე - "მილენიუმზე" (რომელსაც ამჟამად "პრინსიფალითი სთედიუმი" ეწოდება), უელსის ნაკრებს შეხვდებიან. თამაში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება და ჰეიგი მის მნიშვნელობაზე საუბრობს:

"უელსთან თამაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, ვინც მოედანზე გავა, არამედ მთელი ქვეყნისა და ქართული რაგბისთვის. უელსი ლეგენდარული გუნდია და ლეგენდარულ სტადიონზე გვიმასპინძლებს. "მილენიუმზე" ბოლოს 2015 წლის მსოფლიო თასზე, მსოფლიოს ჩემპიონ "ოლ ბლექსს" ვეთამაშეთ. იმ მატჩში ძალიან კარგად გავისარჯეთ და წელს გვინდა მთელს სამყაროს ვანახოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ უკეთ თამაშიც შეგვიძლია.

ჩვენ მზად ვართ შევქმნათ რაღაც განსაკუთრებული! ბევრი ვიშრომეთ იმაზე, რომ მოთამაშეები სწორ გარემოში მოხვდნენ, რაც მათ ხელს შეუწყობს მოედანზე სრული პოტენციალის გამოვლენაში. დროა დავიჯეროთ, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. დროა გავიდეთ მოედანზე და შევქმნათ ქართული რაგბის ისტორია!"

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
იმის გარდა რომ ეს კაცი კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოს ასრულებს ასე მგონია სულს და გულს დებს საჩვენო საქმეში. შესანიშნავ რეკლამას ხო გვიკეთებს მსოფლიო მასშტაბით.
0
ჰეიგი უაზროდ არასდროს არ ლაპარაკობს. მისი კომენტარი ნიშნავს იმას, რომ ის
და ქართული რაგბი, სინამდვილეში მნიშვნელოვან შედეგზე არიან ორიენტირებული. გაუმარჯოს ქართულ რაგბს.
devi
11:44 07-11-2017
0

სიახლეები პოპულარული