მე-10 ტიტულისთვის
18-წლიანი ტრადიციის თანახმად, "ბორჯღალოსნები" წლის პირველ 5 თამაშს თებერვალ-მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მართავენ, რომელსაც 2015 წლამდე ერთა თასი ეწოდებოდა. გარდა სახელისა, რამდენჯერმე შეიცვალა ტურნირის ჩატარების ფორმატი და ჩემპიონი ხან ერთი, ხანაც ორი წლის ჯამის შედეგად ვლინდებოდა.
ამრიგად, განვლილ 18 წელიწადში ჩემპიონი სულ 15-ჯერ გამოვლინდა და ყველაზე მეტჯერ - 9-ჯერ პირველი ადგილი საქართველოს ერგო, აქედან 6-ჯერ "ბორჯღალოსნებმა" ტურნირის
ჩვენი უმთავრესი კონკურენტი რუმინეთია, რომელმაც მთავარი ჯილდო 5-ჯერ მოიპოვა, მათ შორის ბოლოს 2017 წელს, რითაც საქართველოს 6-წლიანი ჰეგემონია დაარღვია.
საქართველოსა და რუმინეთის დავაში "უცხო გუნდი" ერთადერთხელ ჩაერთო, 2003-2004 წლების სეზონში ტიტული პორტუგალიამ მოიგო. განვლილ 15 ტურნირში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველო მესამე ადგილამდე დაეშვა.
მსოფლიოს შესარჩევი - ბორჯღალოსნების გარეშე
პარალელურად, რაგბი ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო თასის ევროპის ზონის შესარჩევი ტურნირიცაა და ცვლილებები მანაც რამდენჯერმე განიცადა. ბოლო ცვლილება 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ მოხდა. ინგლისში "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა მოიგო, მსოფლიოს 12 მოწინავე გუნდს შორის მოხვდა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური 4 წლით ადრე დაიბევა.
შედეგად, იმ დროისთვის არსებულმა ევროპის ზონის შესარჩევმა სისტემამ აზრი დაკარგა. ცვლილებების თანახმად, 2017-2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ დარჩა მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირად, ოღონდ აქ არ ითვლება საქართველოს ნაკრებთან ნათამაშები მატჩების შედეგები და დანარჩენ 5 გუნდს შორის ცალკე ცხრილი იწარმოება.
იაპონიის საგზურს პირდაპირ იღებს პირველ ადგილზე გასული ნაკრები, ხოლო მეორეადგილოსანი ოკეანეთის ზონის მესამე გუნდთან, სამოასთან, ორმატჩიან დუელს გამართავს და უკეთესი იაპონიის საგზურს მიიღებს, ხოლო დამარცხებული რეპეშაჟში გადაერთვება.
პირველი წრის, 2017 წლის შედეგების თანახმად, მსოფლიო თასის შესარჩევს 4 თამაშიდან 15 ქულით რუმინეთი ლიდერობს, 13 ქულით მეორეა ესპანეთი, რუსეთს 9 ქულა აქვს, მას ქულით ჩამორჩება გერმანია, ხოლო ბელგია 2 ქულით ბოლო ადგილზეა.
მეოთხედ ბელგიასთან
2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს ბელგიის წინააღმდეგ გავმართავთ, რომელთანაც აქამდე სამჯერ გვითამაშია და სამი გამარჯვება გვაქვს.
ბელგიელებს პირველად 2013 წლის თებერვალში, ბრიუსელში შევხვდით, უცნობი მეტოქე სათანადოდ ვერ დავაფასეთ, მე-2 წუთზე ატეხილი ჩხუბის გამო წითელი ბარათით დუდუ ქუბრიაშვილი დავკარგეთ და მასპინძლები ბოლოსღა გავტეხეთ - 17:13.
2014 წელს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და სტუმრებს "ავჭალაზე" მშრალად მოვუგეთ - 35:0.
ბელგია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე შარშან დაბრუნდა და მეტოქეს ბრიუსელში ვეთამაშეთ, 4 ლელო გავუტანეთ და 31:6 ვძლიეთ.
განვლილ სამ შეხვედრაში მეტოქეს გავუტანეთ 12 ლელო და მივიღეთ ერთი, ხოლო ქულათა ბალანსი 83:19-ზეა.
როგორც თავში ვახსენეთ, ბელგიასთან მეოთხე მატჩს ქუთაისში, "აია არენაზე" გავმართავთ და ის 14:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით