საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პლანეტის მეორე გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
2018 წლის პირველ მატჩში ქუთაისში ბელგიის ნაკრებთან 47:0 დამარცხებიდან მეორე დღეს, "ბორჯღალოსნებმა" გეზი ინგლისისკენ აიღეს, სადაც პლანეტის მეორე გუნდთან - ინგლისთან სამდღიან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავენ.
ამ ინიციატივით ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი გამოვიდა. ჯერ კიდევ ნოემბრის ტესტ-სერიის წინ, მან თქვა, რომ სურდა, მის მორკინალებს "მსოფლიოში საუკეთესო საქართველოს ნაკრების შერკინებასთან ევარჯიშათ" და მოგვიანებით ეს სიტყვები კიდევ არაერთხელ გაიმეორა.
თავის მხრივ, ქართულ მხარეს სურ
ქართული გაკვეთილები
მოლაპარაკების პროცესის შესახებ მილტონ ჰეიგი გვიყვება:
"ნოემბრის ტესტების წინასაშეკრებო პერიოდში ედი ჯონსის მიპატიჟებით მე და "ბორჯღალოსნების" სხვა მწვრთნელები პორტუგალიაში ჩავედით, სადაც ინგლისის ნაკრები ვარჯიშობდა და მოლაპარაკების პროცესიც მაშინ დაიწყო. ედის სურვილი იყო, ინგლისის შერკინებას ჩვენთან, როგორც თავად ამბობს, "მსოფლიოს საუკეთესო შერკინებასთან" ევარჯიშა".
დეტალების დაზუსტებას დიდი დრო დასჭირდა, რადგან გასარკვევი იყო, სად ვივარჯიშებდით, რა ფორმის და შინაარსის იქნებოდა ეს პროცესი. მათი სურვილი იყო ჩვენს შერკინებასთან ერთად ვარჯიში, ჩვენ კი გვსურდა, ამ პროცესში მთელი გუნდი ყოფილიყო ჩართული.
საქმე იმაშია, რომ როდესაც მსოფლიოს მეორე საუკეთესო გუნდთან თამაშის საშუალება არ გეძლევა, საუკეთესო გამოსავალი მათთან ერთობლივი ვარჯიშია და ეს კარგია როგორც ხაზის მოთამაშეებისთვის, ასევე მთლიანი გუნდისთვის".
"ბორჯღალოსნებს" სხვა ქვეყნის ნაკრებებთან ერთობლივი ვარჯიში ადრეც ჩაუტარებია და მისგან დიდი სარგებელი მიუღია, თუმცა მილტონი დარწმუნებულია, რომ ახლა ეს სარგებელი ბევრად მეტი იქნება და არამხოლოდ სპორტული კუთხით:
"ერთობლივი ვარჯიშები ფიჯისა და კანადის ნაკრებებთან გვქონდა. ეს მსოფლიო თასისთვის მომზადებაში დაგვეხმარა, თუმცა ფაქტია, რომ ტიერ1-ის, ინგლისის დონის გუნდთან ერთობლივი ვარჯიშის შანსი ჯერ არ გვქონია. მსოფლიოს მეორე გუნდთან ერთობლივი წვრთნები იქნება პროდუქტიული არა მხოლოდ ჩვენი მოთამაშეებისთვის, არამედ მწვრთნელებისთვისაც. ვნახავთ იქ ვინ რას და როგორ აკეთებს, დავინახავთ, რა შეიძლება გაკეთდეს უკეთ, ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას. პროცესში ჩართული იქნება სამედიცინო პერსონალი, დავაკვირდებით მათი მენეჯმენტის მუშაობას".
ინგლისის ნაკრები ფინანსურად, ლოგისტიკურად და რესურსებით იდეალურად მოწყობილი გუნდია. ორგანიზაციული თვალსაზრისით, ჩვენც კარგები ვართ, მაგრამ როდესაც გეძლევა საშუალება, დააკვირდე ინგლისის დონის ნაკრებს, ის ყოველმხრივ უნდა გამოიყენო".
ჰეიგი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი წვრთნებით ორივე გუნდი დიდ სარგებელს მიიღებს:
"მოლაპარაკებები იმიტომ გაჭიანურდა, რომ გვსურდა, ზუსტად გვცოდნოდა, ვინ რა სარგებელს მიიღებდა ერთობლივი ვარჯიშებისგან. ინგლისელებს შერკინების ვარჯიში სურდათ, ჩვენ ბევრად მეტი, ვიდრე მათი შერკინების გავარჯიშება. შესაბამისად, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და ჩატარდება როგორც შერკინებისა და ხაზის ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივი ვარჯიში.
იმ გუნდების შერკინება, რომლებთანაც აქამდე გვივარჯიშია, ყოველთვის იღებდა რაღაც დადებითს, მათი შერკინების თამაშში ჩნდებოდა ახალი დეტალები. ჩვენ ვნახეთ, რომ ინგლისის შერკინებას უელსთან გაუჭირდა. დარწმუნებული ვარ, მათი შერკინების მწვრთნელი მოუთმენლად ელის ამ ვარჯიშს. მას სურს, საკუთარი თვალით იხილოს, რას აკეთებს საქართველოს ნაკრების შერკინება, როგორია შესვლის კუთხე, ტაქტიკა და ზუსტად ვიცი, რომ "ქართული გაკვეთილები" მათ აუცილებლად გამოადგებათ. ისევე, როგორც ჩვენ წაგვადგება მათთან ვარჯიში".
გვინდა საუკეთესოები გავხდეთ
თავის მხრივ, ედი ჯონსმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ სარგებელზე, რასაც მისი გუნდი ქართველებთან ვარჯიშისგან მიიღებს:
"საქართველოს ნაკრების ორ მწვრთნელს - მილტონ ჰეიგს და რიჩარდ გრეჰემს კარგად ვიცნობთ. ჩვენი სურვილია, რომ მსოფლიოში საუკეთესო შერკინება გვყავდეს, ქართველებს კი ყველაზე მძლავრი, ღონიერი და ფანტასტიკური შერკინება ჰყავთ.
მათთან ერთად ვარჯიში იდეალური იქნება არა მხოლოდ ექვსი ერის მოსაგებად, არამედ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად. ჩვენ შესანიშნავ პრაქტიკას მივიღებთ".
"ნაყოფიერი ვარჯიშის" მოლოდინშია გუნდის კაპიტანი დილან ჰართლიც:
"მუდამ ვცდილობთ ჩვენი შერკინების გაუმჯობესებას და ვფიქრობ, ერთობლივი ვარჯიშით ბევრ სიახლეს ავითვისებთ. ეს იქნება ნაყოფიერი ვარჯიში, რომელიც ამოცანების უკეთ შესრულებაში დაგვეხმარება. მოუთმენლად ველი ქართველებთან შეხვედრას".
ინგლისის ნაკრებთან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავენ:
მიხეილ ნარიაშვილი, ზურაბ ჟვანია, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი მელიქიძე, შალვა მამუკაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ლაშა მალაღურაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, ალექსანდრე თოდუა, ანზორ სიჭინავა, ბექა წიკლაური, მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი ფრუიძე.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით