"ბორჯღალოსნებმა" მშრალი ანგარიშით ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბორჯღალოსნებმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურშიც მშრალად მოიგეს. ქუთაისში ბელგიის 47:0 ძლევის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ოფენბახში გერმანიას ეწვია, მასპინძლებს 10 უპასუხო ლელო გაუტანეს და 64:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს საუკეთესო თამაში არ უჩვენებია. გუნდს გაუჭირდა სასურველი განწყობის შექმნა; ექსპერიმენტების ფონზე მრავლად იყო შეცდომები; ამასთან, გერმანელებმა დაცვაში დიდი თავდადებით ითამაშეს, თუმცა კლასში სხვაობა იმდენად საგრძნობი იყო, რომ მეტოქეს სტუმრად ყველაზე დიდი სხვაობით მოვუგეთ.

ოფენბახში ბორჯღალოსნების საქომაგოდ გულშემატკივრი მრავლად შეიკრიბა. საქართველო სიბრტყეზე ცდილობ
და თამაშს, თუმცა გერმანელები სწრაფად წევდნენ ხაზს, რაქებში აქტიურობდნენ და თავიდან ცოტა დალაგება გაგვიჭირდა. სამაგიეროდ სრული უპირატესობა გვქონდა შერკინებაში და ინდივიდუალურადაც, ჩვენი მორაგბეები მეტოქისას კლასით აღემატებოდნენ.

პირველი ლელო მე-9 წუთზე გავიდა, 5-მეტრა შერკინების შემდეგ გელა აფრასიძემ ბურთი ხაზზე გაიტანა, დავით კაჭარავას მიძალება მცველებმა შეაჩერეს, მაგრამ გიორგი კვესელაძეს ვერაფერი მოუხერხეს და მარნეულის ‘არმაზის’ უკანახაზელმა მე-4 სანაკრებო მატჩში პირველი ლელო გაიტანა.

მეორე ლელოც მალე გავიდა. მოლის ჩაქცევის შემდეგ მორკინალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, მერე ლაშა ხმალაძემ ფეხით მსუბუქად შეაცურა ბურთი და ის ალექსანდრე თოდუამ დაამიწა. წიკლაურმა ერთი გარდასახა - 12:0.

ამის შემდეგ გერმანელებმა ბურთზე კონტროლის დამყარება მოახერხეს და რამდენიმე წუთი დაცვაში მოგვიწია თამაში, თუმცა შერკინებაში ბურთი კვლავ ჩამოვართვით, ლაშა ლომიძე დერეფანში დომინირებდა, ვიტო კოლელიშვილსა და ნოდარ ჭეიშვილს ლელომდე ცოტა დააკლდათ, აი ლევან ჩილაჩავას კი მცველებმა ვეღარაფერი მოუხერხეს და წიკლაურმაც გარდასახა. შესვენებამდე მეტოქეს 3 ქულის აღების შანსი ჰქონდა, თუმცა დარტყმა არაზუსტი იყო და ტაიმი 19:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, ხმალაძემ ხაზი რომ გაჭრა და სიტუაცია გაამწვავა. ამას ჩვენი აუტი მოყვა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ კარის წინ სივრცე გაჩნდა და შეცვლაზე შესულმა ანტონ ფეიქრიშვილმა ის კარგად გამოიყენა. ამას ორი გაუქმებული ლელო მოყვა - ანზორ სიჭინავაზე და ვასილ ლობჟანიძეზე გვერდითმა მსაჯმა წინთამაში დააფიქსირა. 59-ე წუთზე ნაცად ხერხს მივმართეთ, დერეფნიდან მოლი დავაყენეთ და მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომელიც პირველად იყო ძირითადში და მეორე კეპი მოიხვეჭა, თავისი პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა - 33:0.

დასკვნით 20 წუთში თამაში გაიხსნა, ბორჯღალოსნების უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა და 5 ლელო გავიდა: ოთარ გიორგაძემ ძალისმიერი შეტევით უპირატესობის ხაზი გადაკვეთა, შეტევაში კვესელაძე ჩაერთო და მეორე ლელო გაიტანა. ხუთიოდე წუთში საქართველომ 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია, მეორე დარტყმა გიორგაძემ განახორციელა და ამჯერად ლელო თავად მიითვალა. მერე იყო ზურაბ ჟვანიასა და სიჭინავას ლამაზი, სამსვლიანი კომბინაცია, რომელიც ლელოთი ‘სტად ფრანსეს’ ბურჯმა დაასრულა; ლობჟანიძის ფეხით თამაში და კვესელაძის ჰეთ-თრიკი; გიორგი ცუცქირიძის გარღვევა და ხმალაძის ლელო - 64:0.
ბორჯღალოსნები მორიგ მატჩს 3 მარტს თბილისში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ და ის ‘მიხეილ მესხზე’ 18 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მალადეც ბიჭებო ვსმსყობთ თქვენით არ გაჩერდეთ არასოდეს წამითაც კი მგლები ხართ და მგლებში მგლებზე მგლები ხარ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული