"ბორჯღალოსნების" მეტოქე ესპანეთი: მოტივირებული "ლომები"

AutoSharing Option
რუსეთისა და რუმინეთის დამარცხების შემდეგ ესპანელ "ლომებს" (ესპანეთის ნაკრების თიკუნი) რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველად მოგების შანსი გაუჩნდათ და 3 მარტს თბილისში უმთავრეს კონკურენტს, "ბორჯღალოსნებს" ერკინებიან.

საუკუნოვანი ისტორია

ესპანეთში რაგბის საუკუნოვანი ისტორია აქვს. იქ ოვალური ბურთით პირველად 1901 წელს ითამაშეს. ეს ბილბაოში მცხოვრები ინგლისელის, სთიუართ ნიქოლსონის დამსახურებაა.

ფრანგებმაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რაგბი, უპირველეს ყოვლისა, საზღვარს გადაღმა მოსახლე ბასკებს შორის გაავრცელეს, ხოლო დედაქალაქ მადრიდში პირველი თამაში 1920 წელს ჩატარდა და 12 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1923
წელს დაარსდა ესპანეთის რაგბის კავშირი. 1934 წელს კატალონია გახდა კონტინენტური გაერთიანების, "ფირას" ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ოთხი კერა

ესპანეთი "მსოფლიო რაგბის" (ყოფილი IRB) წევრი 1988 წლიდანაა. ოვალურ ბურთს პირენეიზე თანდათან უმრავლდება მიმდევარი და ქომაგი. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 221 კლუბი და 51 123 რეგისტრირებული მოთამაშეა.

ესპანური რაგბის ცენტრებია ორივე კასტილია (მადრიდი და ვაია'დოლიდი), კატალონია (ბარსელონა) და ბასკეთი (ბილბაო). ნაკრებმა პირველი შეხვედრა 1929 წლის 20 მაისს, ბარსელონაში, იტალიის წინააღმდეგ გამართა და 9:0 გაიმარჯვა.

ესპანელთა თიკუნია "ლომები" ("ლოს ლეონეს"). გუნდმა უდიდესი სხვაობით 1995 წლის 2 აპრილს იმარჯვა - ჩეხეთი მადრიდში 90:8 დაამარცხა, თავად კი 2001 წლის 1-ელ ნოემბერს, ასევე მადრიდში, იმხანად მსოფლიოს ჩემპიონ ავსტრალიასთან 10:92 დამარცხდა.

ესპანელთა ყველაზე დიდი მიღწევა 1999 წლის მსოფლიო თასზე გასვლაა. ეს "იღბლიანი" წილისყრით მოხერხდა - "ლომებს" ზედიზედ სამ შესარჩევ ეტაპზე მთავარ მეტოქედ მეზობელი პორტუგალია ერგოთ, ფინალურ სტადიაზე კი მათ ჯგუფში სამივე თამაში ლელოს გაუტანლად (0/18), ჯამში 18:122 წააგეს.

ნახევარი ნაბიჯი იაპონიამდე

"ბორჯღალოსნების" მომავალ მეტოქეს, ესპანეთს მეორე მსოფლიო თასამდე სამი კვირა და ნახევარი ნაბიჯი აშორებს. "ლომებმა" ევროპის შესარჩევი ზონის 6 შეხვედრიდან 5 მოიგეს, 21 ქულით პირველ ადგილზე არიან და დარჩენილ ორ თამაშს აუტსაიდერებთან - გერმანიასა და ბელგიასთან გამართავენ.

რადგან საქართველომ იაპონიის საგზური 2015 წლის მსოფლიო თასზე წარმატებული თამაშით მოიპოვა, „მსოფლიო რაგბიმ“ ევროპის შესარჩევ ზონაში ცვლილებები შეიტანა. 2017 და 2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ დარჩა მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირად, ოღონდ მასში გათვალისწინებული არაა "ბორჯღალოსნებთან" მატჩების შედეგები და ცალკე, 5-გუნდა ცხრილი წარმოებს. იაპონიის საგზურს პირდაპირ იღებს პირველი გუნდი, ხოლო მეორე პლეი-ოფში ოკეანეთის მესამე გუნდს, სამოას ერკინება და ორ მატჩში მარცხის შემთხვევაში ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.

2017 წელს, ესპანეთმა მსოფლიო თასის შესარჩევში მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო - სტუმრად რუმინეთთან 3:13. მანამდე მათ მადრიდში, 8 ათასი მაყურებლის წინაშე რუსეთს 16:6 სძლიეს, ხოლო გერმანიას კიოლნში 32:15 და ბელგია მადრიდში ბონუსით, 30:0 დაამარცხეს.

2018 წლის პირველი ორი თამაში "ლომებმა" უშუალო კონკურენტებთან გამართეს. 10 თებერვალს ესპანელები რუსეთს ესტუმრნენ, სამი ლელო გაუტანეს და 20:13 დაამარცხეს. 18 თებერვალს პირენეელებმა მადრიდში, შესარჩევის ფავორიტი რუმინეთი მიიღეს და ლამაზ სტილში 22:10 დაამარცხეს. 15 ათასმა მაყურებელმა საწყის 20 წუთში რამდენჯერმე ლამაზი ეპიზოდი იხილა. მასპინძელთა უკანახაზელებმა სტუმრებს თავბრუ დაახვიეს, ხაზი სუფთად 4-ჯერ გაჭრეს და 2 ლელო გაიტანეს. ესპანეთმა ტაიმი 13:3 მოიგო, შესვენების შემდეგ კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა და ბოლო წუთზე მიღებულმა ლელო-გარდასახვამ მათ სასურველი სხვაობით გამარჯვება ვეღარ დააკარგვინა.

"ლომები" რუმინეთს სატურნირო ცხრილში 1 ქულით უსწრებენ (ესპანეთი - 21, რუმინეთი - 20) და რადგან მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში ჯობნიან (3:13 სტუმრად, 22:10 შინ), დარჩენილ ორ შეხვედრაში 9 ქულის აღებით იაპონიის საგზურს ინაღდებენ. 11 თებერვალს ესპანეთი გერმანიას მასპინძლობს, ხოლო 18-ში ბელგიას სტუმრად ეთამაშება და ორი მოგებით და 1 ბონუსით, მსოფლიო თასზე „ა“ ჯგუფში ირლანდიასთან, შოტლანდიასთან, იაპონიასთან და პლეი-ოფის გამარჯვებულთან მოხვდება.

საკადრო პოლიტიკა და ხუთი ფინალი

2019 წლის მსოფლიო თასზე მოსახვედრად, "ლომების" საზრიანმა თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა მარტივი გზა ირჩია - გუნდი აავსო ფრანგებით, რომლებსაც საზღვარს გადმოღმა, ესპანეთში დაბადებული წინაპრები ჰყავთ და პირენეებზევე რაგბის სათამაშოდ გადასული, უკვე ნატურალიზებული ანგლო-საქსებიც დაიმატა.

ამგვარი საკადრო პოლიტიკის შედეგად, ტურნირისთვის შერჩეულ მოთამაშეთაგან 25 სხვადასხვა დივიზიონის ფრანგული კლუბებიდანაა და მხოლოდ 8 წარმოადგენს შიდა ჩემპიონატს - "ღირსების დივიზიონს".

პარალელურად, ესპანეთის რაგბის კავშირმა ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციისთვის აქტიური კამპანია გააჩაღა და სტადიონებზე რაგბის საყურებლად გულშემატკივარი მრავლად მიიზიდა.

შედეგად, 2016 წლის აპრილში, ესპანეთის სამეფო თასის ფინალს, რომელშიც ერთმანეთს ვალიადოლიდური კლუბები - "ვალიადოლიდი" და "ელ სალვადორი" ხვდებოდნენ, "ხოსე სორიალზე" 26 100 მაყურებელი დაესწრო, რომელთა შორის იყო ესპანეთის მეფე ფილიპე VI.

2016 წლის 24 ივნისს ევროპისა და პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი შიდა ჩემპიონატის, ტოპ 14-ის ფინალს ბარსელონამ უმასპინძლა. "კამპ ნოუზე" ტრიბუნები პირთამდე შეივსო და "ტულონისა" და "რასინგის" შეხვედრა 98 ათასამდე მაყურებელმა იხილა. ამ თამაშში "კამპ ნოუზე" პირველი ქართული ლელოც გავიდა, თავი მამუკა გორგოძემ გამოიჩინა. მის გარდა ტულონელთა შემადგენლობაში კიდევ ორმა "ბორჯღალოსანმა" ითამაშა - ლევან ჩილაჩავამ და კოტე მიქაუტაძემ.

ესპანური რაგბის პროგრესი ევროპის პროფესიული კლუბების კავშირმაც დააფასა და ამა წლის მაისში ბილბაო ევროთასების სამივე ფინალს უმასპინძლებს - ჩემპიონთა თასის, ჩელენჯ ქაფის და კონტინენტის ფარის.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ პარალელურად ვითარდებიან ესპანეთის ახალგაზრდული და 7-კაცა ნაკრებები. 7-კაცამ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე პლანეტის 12 საუკეთესო გუნდს შორის ითამაშა.

უხერხული მეტოქე

"ბორჯღალოსნებისა" და "ლომების" ურთიერთშეხვედრების ისტორია უკვე 18 მატჩს ითვლის. ესპანეთი ერთი ხანობა ჩვენთვის უხერხულ მეტოქედაც კი ითვლებოდა.

3 მარტის რკენის წინ ჩვენს აქტივში 14 გამარჯვებაა; 3 თამაში ესპანელებმა მოიგეს; 1 მატჩი ფრედ დასრულდა.

მეტოქემ სამივე გამარჯვება მადრიდში მოიპოვა და ბოლოს "ბორჯღალოსნებს" 2012 წელს, მილტონ ჰეიგის სადებიუტო მატჩში აჯობა. სტუმრად ტარაგონაში დაფიქსირდა ერთადერთი ფრეც. ერთხელ, 2008 წელს, ესპანელები თბილისში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ: 24 წუთის შემდეგ 17:0 იგებდნენ, მაგრამ გორგოძემ მათ ეს არ დაანება, სამი ლელო გაუტანა და საქართველომ "ეროვნულზე" 22:20 იმარჯვა.

შარშან ესპანეთს "მედინა-დელ-კამპოზე" ვეთამაშეთ და ტაიმი 3:10 დავთმეთ, შესვენების შემდეგ კი მეტოქეს ქულა აღარ ავაღებინეთ და დაძაბულ ბრძოლაში 20:10 ვძლიეთ.

მომავალი შეხვედრა 3 მარტს, "მიხეილ მესხზე", 18 საათზე დაიწყება. "ლომებმა" კარგად იციან, რომ მსოფლიო თასის საგზური, ფაქტობრივად, ჯიბეში აქვთ და ისე, როგორც არასდროს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებასთან ძალიან ახლოს არიან. ამისათვის მათ "ბორჯღალოსნებთან" გამარჯვება სჭირდებათ, ჩვენს გუნდს კი, გულშემატკივრის თანადგომა, რათა პროგრესირებად მეტოქეს საკადრისი მოტივაციით დაუხვდეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტულის დაბრუნებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგას.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
მართალია ესპანური რაგბი პროგრესირებს, მაგრამ გამოცდილებით, რკენით, ხასიათით და თუნდაც მენტალურად ჩვენი ბიჭებისგან შორს არიან. არ ვიცი ესპანელები რას გრძნობენ თამაშის წინ ან რამდენად დიდია მათი მიზანი. ვიცი ერთი, რომ ბორჯღალოსნების მიზანია გამარჯვება და ამ გამარჯვებით თითოეული ქართველისათვის სიხარულის ჩუქება. ღვინისფერების საგულშემატკივროდ პირამდე ავავსოთ მესხის სტადიონი და მერე ვნახოთ რადენად რეალურია ესპანელთა ამბიცია:))
gigi
20:46 26-02-2018
0
ესპანელებზე მეტად ბორჯღალოსნებს სჭირდებათ მოგება - შარშან უტიტულოდ დავრჩით და ნებისმიერ მარცხზე ფიქრიც ზედმეტია. იმედი მაქვს ახალგაზრდები მოინდომებენ და უშანსოდ დავამარცხებთ
გგგ
14:44 26-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული