გასულ შაბათს ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში ბრუნდება ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც წელს ნაკრების კვართს პირველად მოირგებს და საკუთარ მონაგარს 109-მდე გაზრდის. სოსო მათიაშვილი, რომელმაც მანამდე სამივე თამაში 15 ნომერზე დაიწყო ფრთაზე გადაინაცვლებს, სადაც სანდრო
პირველ ხაზში ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ანტონ ფეიქრიშვილი იწყებს. ის გერმანიასთან შეცვლაზე შევიდა, სასტარტოში კი ბოლოს შარშან ივნისში, კანადის წინააღმდეგ იდგა.
ერთი ცვლილებაა მეორე ხაზში და შალვა სუთიაშვილის ნაცვლად გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ნოდარ ჭეიშვილი შუწყვილდება, რომელიც ძირითადში ბელგიასთან და გერმანიასთან იდგა.
სუთიაშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთი სიახლეა და ზურაბ ჟვანიას ნაცვლად თამაშში კახა ასიეშვილი ჩაერთვება.
10 მარტს მე-80 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე; 50-ეს 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე, ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი; მონაგარს 40-მდე დაამრგვალებს ლაშა ლომიძე.
სტატისტიკა
რუსეთს ვეთამაშებით 1993 წლიდან. მათ პოლონეთში პირველი თამაში მოგვიგეს, მას შემდეგ კი ‘დათვები’ (რუსეთის ნაკრების თიკუნი) დავამარცხეთ 19-ჯერ და ერთხელაც (2002 წლის 3 მარტი) ფრე იყო. ამ 21 რკენის ჯამური ანგარიშია 528:245, ხოლო ლელოთა ფარდობა 59/16.
ბორჯღალოსნებიდან რუსეთი ყველაზე მეტჯერ - 12, უძლევიათ მამუკა გორგოძესა და მერაბ კვირიკაშვილს.
რუსეთთან დადებული ლელოებით ლიდერობენ ბესო უდესიანი და ირაკლი მაჩხანელი - 5; 4 ლელოა გიორგი ჩხაიძის ანგარიშზე, 3-3 კი გაიტანეს გია ლაბაძემ, მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ;
ღია ვარჯიში
კრასნოდარში გამგზავრებამდე, დღეს დილით ბორჯღალოსნებმა ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან მომავალ მატჩზე ისაუბრეს.
მილთონ ჰეიგს კარგად ესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს მომავალი თამაშს ქართველებისთვის:
„ვემზადებით თამაშისთვის, რომელსაც ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი ქომაგისთვის. ჩვენ მათი კარგად გვესმის, მათ განწყობას სრულად ვიზიარებთ და შესაბამისად მოვემზადეთ. რუსეთთან მატჩს მენტალურად და ფიზიკურად მომზადებულები ვხვდებით. ტრავმების გამო გვაქვს გარკვეული ცვლილებები, თუმცა ეს არაფერს ცვლის, კრასნოდარში მოსაგებად მივდივართ“.
შალვა სუთიაშვილი ამბობს, რომ განვლილ დღეებში გუნდმა ესპანეთთან დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავა:
„ესპანეთთან მოგებულ მატჩში გვქონდა ხარვეზები და ეს კვირა მათ გამოსწორებას დაეთმო. ჩვენი მიზანია, რომ ყველა თამაში მოვიგოთ. რუსეთს პროგრესი აქვს, კარგადაა მომზადებული და მათ ჩვენს პროგრესირებად თამაშს დავუპირისპირებთ. კარგად გვესმის, რომ რუსეთთან მატჩის წინ გულშემატკივრებში განსაკუთრებული მოლოდინია და ამ შეხვედრას ჩვენთვისაც ორმაგი დატვირთვა აქვს“.
თავისი თანაკლუბელების წინააღმდეგ (ენისეი ეს ტე ემ) თამაშს მოუთმენლად ელის მიხეილ გაჩეჩილაძე:
„განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვეცდებით, რომ შაბათს მწვრთნელების დავალებები ზუსტად შევასრულოთ. მოუთმენლად ველი რუსეთთან თამაშს, რომლის ბირთვსაც ჩემი გუნდელები წარმოადგენენ“.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით