საქართველოს 7-კაცა ნაკრები გრანპრის მოსკოვში იწყებს

AutoSharing Option
დღეს დილით საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის პირველ ეტაპზე, მოსკოვში გაემგზავრა.

ტრადიციულად, ევროპის გრან პრი ოთხ ეტაპად იმართება. პირველ ეტაპს 19-20 მაისს მოსკოვი უმასპინძლებს, 30 ივნისსა და 1 ივლისს მეორე ეტაპია და ის საფრანგეთში, "მარკუსიზე" გაიმართება, 7-8 ივლისს მესამე ეტაპია და მას ექსეთერი (ინგლისი) მასპინძლობს, ხოლო დასკვნითი ეტაპი პოლონეთში, ლოძში 8-9 სექტემბერსაა ჩანიშნული.

თითოეულ ეტაპზე გუნდებს დაკავებული ადგილების მიხედვით ქულები ეწერებათ და ოთხი ეტაპის ჯამში, სამი მოწინავე (გარდა იმ გუნდებისა, რომლებიც მსოფლიო სერიაში უკვე თამაშობენ) ჰონკონგის ტურნირის საგზურს იღებს,
რომელიც თავის მხრივ მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპია.

ორი ლიდერი და ერთი დებიუტანტი

ჩვენი 7-კაცა მოსკოვის ჯგუფურ ეტაპზე პირველ მატჩს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს და ის საქართველოს დროით 12:28 საათზე დაიწყება. მეორე მეტოქე მასპინძელი რუსეთია და მას 15:35 საათზე ვეთამაშებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს გრან პრის დებიუტანტ შვედეთთან დავასრულებთ. ეს თამაში 17:58 საათზე დაიწყება. 20 მაისს ფლეი ოფებია, სადაც საქართველოს პირველი მეტოქე ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა და მეტოქეების შესახებ ამბობს:

"ჯგუფში ორი ძლიერი მეტოქე გვყავს რუსეთისა და საფრანგეთის სახით, ხოლო მესამე შვედეთია, რომელმაც შარშან "ალაფა" მოიგო და ელიტაში ამოვიდა".

"პირველი მეტოქე საფრანგეთია, რომელიც მოსკოვში მეორე შემადგენლობით მოდის. მე ამ გუნდის მწვრთნელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და კერძო საუბარში მითხრეს, რომ მეორე გუნდი პირველს არაფრით ჩამოუვარდება. ის დაკომპლექტებულია ახალგაზრდებით, რომლებიც პროფესიონალებში დასამკვიდრებლად იბრძვიან და დიდი მოტივაცია აქვთ. წლის განმავლობაში საფრანგეთის მეორე ნაკრები 10-მდე ტურნირს თამაშობს და კარგადაა შეთამაშებული".

"მეორე თამაში მასპინძელ რუსეთთან გვიწევს, რომელსაც 7-კაცაში სერიოზული ამბიციები აქვს. ეს გუნდი მსოფლიო სერიაზე თამაშობდა და გამოვარდა, ახლა კი მიზნად უკან დაბრუნება აქვს დასახული. მათთან ძალიან მძიმე თამაში გვექნება. დღის ბოლოს დებიუტანტ შვედეთს შევხვდებით. ჩვენ ყველა შეხვედრაში მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. სისტემიდან გამომდინარე, ყველა თამაშში მოპოვებულ თითო ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირველ დღეს მინიმუმ ერთი თამაში უნდა მოვიგოთ და მოწინავე 8 გუნდს შორის მოვხვდეთ".

გრან პრის "ბ" ჯგუფში ირლანდიის, გერმანიის, პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებები თამაშობენ, ხოლო "გ" ჯგუფში ესპანეთის, უელსის, ინგლისისა და იტალიის ნაკრებები არიან. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ორ-ორი მოწინავე და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის, ხოლო დანარჩენი 4 მე-9 ადგილისთვის აგრძელებს ბრძოლას.

ოთხი ლეგიონერი

გასულ კვირას 7-კაცამ მარტყოფის ბაზაზე 4-დღიანი შეკრება გაიარა, რომლის დროსაც ორი მორაგბე დაშავდა და მწვრთნელებს გეგმების შეცვლა მოუწია.12-კაციან განაცხადში 3 ლეგიონერი საფრანგეთის ფედერალ1-ის კლუბებიდანაა, ერთი რუსეთის პრემიერლიგიდან, ხოლო დანარჩენები დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენენ:

"გვსურდა, რომ დიდი 10-ის ფინალში მონაწილე იმ მორაგბეებისთვის, რომლებმაც 80 წუთი ითამაშეს, დასვენების საშუალება მიგვეცა, მაგრამ შეკრებაზე ორი მოთამაშე დაშავდა და "ლოკომოტივიდან" რამაზ ხარაზიშვილს, ხოლო "აიადან" ზურაბ ძნელაძეს ვუხმეთ. ეროვნულმა ნაკრებმა დაგვითმო და მოსკოვში მოდის გიორგი ფრუიძე. ჩვენ ამ ბიჭებს ვენდობით და გვჯერა, რთული მიზნის შესრულებას მოვახერხებთ".

მოსკოვში მიემგზავრებიან:

გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), გიორგი სორდია (შამბერი, საფრანგეთი), ზურაბ ძნელაძე (აია), თორნიკე მანაგაძე (აია), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), საბა შუბითიძე (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი), გიორგი ფრუიძე (კრასნი იარი, რუსეთი), დავით მესხი (არმია).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, ბესიკ ხამაშურიძე

ევროპის გრან პრი (ოთხ ეტაპად)

პირველი (მოსკოვის) ეტაპი. 19 მაისი

საქართველო - საფრანგეთი (12:28 საქ. დრო)

რუსეთი - საქართველო (15:35)

საქართველო - შვედეთი (17:58)

20 მაისი. ფლეი ოფები

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამივე თამაშს ვუყურე და ნეტა არ მეყურებინა... საოცრად იმედგაცრუებული დავრჩი... შვედებთან მარცხმა მოთმინება დამაკარგინა
musenbezi
15:05 20-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული