მილტონ ჰეიგი: გვეძლევა შანსი, ჩვენი ქომაგის წინაშე სრულფასოვანი მატჩი გავმართოთ

AutoSharing Option
ფოტოს ავტორი: თამუნა ყულუმბეგაშვილი

ზაფხულის სანაკრებო მატჩებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

31 მაისს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" "ფრანგ ბარბაროსებს" უმასპინძლებენ. მატჩი 20:00 საათზე იწყება და ბილეთები "დინამო არენის" სალაროებში (11-დან 19 საათამდე) და ონლაინ იყიდება TKT.GE/Rugby.

"ეს მატჩი იდეალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ნაკრებში ტრავმებიდან დაბრუნებული და დიდი ხნის უთამაშებელი მორაგბეები ვიხილოთ და ოკეანეთში გამგზავრებამდე იდეალური რეპეტიცია გავიაროთ, - ამბობს მილტონ ჰეიგი და ამატებს: - შარშან ტურნეს წინ გვიწევდა ნაკრების ორად გაყოფა და ერთმანეთში თამაში, ხოლო ამჯერად, საკუთარ კედლებში, ჩვენი ქომაგის
წინაშე გვეძლევა სრულფასოვანი მატჩის გამართვის შანსი".

"ბარბაროსებთან" თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯისკენ აიღებს გეზს, სადაც 9-16 ივნისს "ბორჯღალოსნები" პირველად იბრძოლებენ "წყნარი ოკეანის თასის" მოსაპოვებლად. ჩვენი გუნდისათვის ეს მეორე სტუმრობაა ოკეანეთში, თუმცა 2016 წელს, როდესაც სამოას ფრედ ვეთამაშეთ, ხოლო ტონგა და ფიჯი დავამარცხეთ, "წყნარი ოკეანის თასისთვის" არ გვითამაშია.

ორი წლის შემდეგ ოკეანეთში მეორედ ჩავდივართ ფიჯიზე, სუვაში 9 ივნისს ტონგას, ხოლო 16 ივნისს მასპინძელ ფიჯის შევხვდებით. "წყნარი ოკეანის თასისთვის" იბრძოლებს სამოაც, რომელმაც რუმინეთი ცოტა ხნის წინ ჩაანაცვლა და მთავარ ჯილდოს ის გუნდი დაეუფლება, რომელიც ორი მატჩის ჯამში მეტ ქულას დააგროვებს.

"მსოფლიო რაგბის" საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების ხელმძღვანელი მარკ იგანი ამბობს, რომ ეს ტურნე და მაღალი დონის თამაშები გუნდებს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება:

"მსოფლიო რაგბი მაქსიმუმს გაიღებს წევრი რაგბის კავშირებისთვის, რათა მათ მოსამზადებლად იდეალური გარემო ჰქონდეთ და მსოფლიო თასზე და მის შემდეგ საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ. "წყნარი ოკეანის თასის" მე-13 გათამაშება, რომელიც განსხვავებული ფორმატით ჩატარდება, ამის ნათელი მაგალითია. ივნისის სანაკრებო პერიოდში ის რამდენიმე საინტერესო თამაშს გვპირდება".

ფიჯის რაგბის კავშირის გენერალურმა მდივანი ჯონ ო'კონორმა დაამატა:

"წყნარი ოკეანის თასის წლევანდელი გათამაშება გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ დავიცვათ ტიტული საკუთარ კედლებში და ვაჩვენოთ გულშემატკივრებს, როგორ ვითარდება ჩვენი გუნდი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის. იაპონიაში გამგზავრებამდე წელიწადზე ოდნავ მეტი დარჩა და თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომბინაციების დამუშავებისა და სტრატეგიის შემუშავების თვალსაზრისით. ამ მნიშვნელოვან ტურნირში დაგვეხმარებიან ლეგიონერები - ლეონ ნაკარავა და პოლ რადრადა, რომლებიც პირველად ითამაშებენ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული