"ბორჯღალოსნების" "თიბისი რაგბის სერიები": ბილეთები, სტადიონები...

AutoSharing Option
"თიბისი რაგბის სერიები 2018"-ის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩება. სერიის პირველ ტესტ-მატჩში "ბორჯღალოსნები" გასვლაზე იტალიას ფლორენციაში, "არტემიო ფრანკის" სტადიონზე 10 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

სერიის ორი მომდევნო თამაში შინ გვაქვს - 17 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სამოას "ავჭალის" სტადიონზე ერკინება, ერთი კვირის შემდეგ კი, "ბორჯღალოსნები" სერიის დამაგვირგვინებელ ტესტში ტონგას "მიხეილ მესხის" სტადიონზე უმასპინძლებენ. ორივე საშინაო მატჩი საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

ბილეთები

ტრადიციულად, "თიბისი რაგბის სერიების" ბილეთების შეძენა ონლაინ tkt.ge-ზე არის შესაძლებელი.

სამოასთან ავჭალაში

რატომ "ავჭალის" სტადიონზე -
იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში არსებული ორივე დიდი სტადიონი ამ დროს დაკავებულია და ქართულ რაგბის საკუთარი დიდი სტადიონი ამ ეტაპზე არ გააჩნია, მატჩის გამართვა "ავჭალის" რაგბის სტადიონზე გადაწყდა.

ტონგასთან მესხზე

"თიბისი რაგბის სერიების" დამაგვირგვინებელი ტესტ-მატჩი ტონგასთან "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართება.

მეტოქეების შესახებ

იტალიასთან მეოთხედ
იტალიას ისტორიაში მეოთხედ, 15-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სტუმრად შევხვდებით. პირველად ამ მეტოქეს 1998 წელს ლაკვილაში, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩში შევხვდით და მასპინძლებმა 31:14 იმარჯვეს. 2000 წელს, ექვსი ერის ზღვარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში მიგვიღო და 51:7 იმარჯვა.

"აძურას" ბოლოს 2003 წელს ვეთამაშეთ. მაშინ გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებოდნენ და ასტიში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა, შეხვედრა კი იტალიის ნაკრების 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 31:22.

მომავალი შეხვედრა 10 ნოემბერს ფლორენციაში, საფეხბურთო კლუბ "ფიორენტინას" სტადიონზე, "არტემიო ფრანკიზე" გაიმართება.

"არტემიო ფრანკიმ" საერთაშორისო სარაგბო მატჩს ორჯერ უმასპინძლა და იტალიელთა ისტორიული გამარჯვების მოწმეა: "აძურამ" 2010 წლის 20 ნოემბერს ფლორენციაში ავსტრალია მიიღო და 14:32 დამარცხდა, ხოლო 2016 წელს 19 ნოემბერს სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და ამ გუნდთან არსებობის ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა - 20:18.

მოცემული მომენტისთვის საქართველო და იტალია მსოფლიო რეიტინგში მეზობლად არიან. "ბორჯღალოსნები" 73,13 ქულით მე-13 საფეხურს იკავებს, ხოლო იტალია 72,56 ქულით მას კვალში უდგას.

მეხუთედ სამოასთან

იტალიიდან შინ მობრუნებული "ბორჯღალოსნები" 17 და 24 ნოემბერს თბილისში ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 17 ნოემბერს საქართველოს სამოა მესამედ ეწვევა და ჩვენს გუნდთან მეხუთე მატჩს გამართავს.

კუნძულელებთან პირველი ნაცნობობა 2003 წელს, ავსტრალიაში გამართულ მსოფლიო თასზე შედგა. "ბორჯღალოსნები" სარაგბო ელიტაში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და ძლიერ მეტოქესთან ვერაფერს გახდნენ - 9:46.

განვითარების ეტაპების გავლის შემდეგ, უკვე მოძლიერებულმა "ბორჯღალოსნებმა" მეორე დონის ქვეყნის ნაკრებებთან ტესტ-მატჩების გამართვის უფლება მოიპოვეს და პირველი შეხვედრიდან 10 წლის თავზე, 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სამოა პირველად ეწვია. გიორგობა დღეს (23 ნოემბერს), ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა და იმ მომენტისთვის რეიტინგში მე-8 ადგილზე გამაგრებული სამოა 16:15 დაამარცხა.

საქართველო სამოას საპასუხო ვიზიტით 2016 წელს ეწვია, აპიაში მეტოქეს არაფერი დაუთმო და შეხვედრა ფრედ, 19:19 დაასრულა.

იმავე წლის ნოემბერში სამოელებს მეორედ ვუმასპინძლეთ თბილისში. თამაში ამჯერადაც "მიხეილ მესხზე" გაიმართა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება კვლავ ქართველებს დარჩათ - 20:16.

ამრიგად, სამოასთან, რომელიც დღეისათვის მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს (68,28 ქულა), ჩვენს გუნდს დადებითი ბალანსი აქვს - 2 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი.

მეშვიდედ ტონგასთან

სამოას კვალდაკვალ, 24 ნოემბერს კიდევ ერთ კუნძულელს, ტონგას ვეთამაშებით, რომელთანაც განვლილ წლებში უკვე 6 ტესტ-მატჩი მოგვიგროვდა.

მათთან პირველად გასული საუკუნის მიწურულს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე გადავიკვეთეთ. 1999 წლის მარტში ტონგას პირველად და უკანასკნელად ვეთამაშეთ მათ მშობლიურ ნუკუჰალოფაში და მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 37:6. სამი კვირის თავზე კუნძულელები თბილისში საპასუხოდ გვეწვივნენ და მომწიფების გზაზე შემდგარმა "ბორჯღალოსნებმა" რევანში აიღეს, ოღონდ მეტოქეს მინიმალურად სძლიეს (28:27) და ორი მატჩის ჯამში 1999 წლის მსოფლიო თასზე ტონგა გავიდა.

2014 წლის ნოემბერში ტონგა მეორედ ეწვია თბილისს და ტესტ-მატჩში 23:9 იმარჯვა, თუმცა ერთი წლის თავზე, 2015 წლის მსოფლიო თასზე, გლოსთერში "სულ სხვა" ბორჯღალოსნების პირისპირ აღმოჩნდნენ და საქართველოს ნაკრებმა 17:10 მოგებით ისტორიულ შედეგს (მსოფლიო თასზე ორი მოგება) ჩაუყარა საფუძველი.

მას შემდეგ საქართველომ მეტოქე კიდევ ორჯერ დაამარცხა და ორივეჯერ ნეიტრალურ მოედანზე, ტონგას მეზობელი ფიჯის ქალაქ სუვაში. 2016 წლის წყნარი ოკეანის წარმატებული ტურნეს ფარგლებში, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქეს 23:20 სძლიეს, ხოლო ამა წლის ივნისში, უკვე წყნარი ოკეანის თასის ფარგლებში "ბორჯღალოსნებმა" ტონგას 16:15 სძლიეს და ამ მეტოქესთან დადებითი ბალანსი გაიმყარეს - 4 მოგება და 2 მარცხი.

მიუხედავად ამისა, 2018 წლის ნოემბრის ტესტებს ტონგა მსოფლიო რეიტინგში უკეთესი პოზიციით ხვდება - ის 73,84 ქულით მე-12 ადგილზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაგბი ჩვენი თამაშია?
რიგითი გულშემატკივარი
22:47 19-10-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული