"ბორჯღალოსნებს" პრემიერ-მინისტრი ეწვია

AutoSharing Option
საფრანგეთში, შეკრებაზე გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნებს შევარდენზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვია და იტალიასთან ფლორენციაში, 10 ნოემბერს გასამართ ტესტ-მატჩში წარმატებები უსურვა.

მთლიანობაში, პარასკევი დღე ჩვენი ბიჭებისთვის დატვირთული აღმოჩნდა. დილის ვარჯიშის შემდეგ მათ სრკ-ს პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და გამგეობის წევრები შეხვდნენ. მათ ბორჯღალოსნებს ქვეყნისათვის ჩვენი ნაკრების და ზოგადად რაგბის წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

16 საათზე „შევარდენზე“ პრემიერ-მინისტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოჩნდნენ. შეხვედრა მოედანზე შედგა და თავდაპირველად მორაგბეებს და მწვრთნელებს მამუკა ბახტაძემ მიმართა.

„რაგბი გუნდური თამაშის საუკეთესო მაგალითი და იმის სიმბოლოა, რომ თუ ერთად დავდგებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ – ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც რაგბს აქვს“ - თქვა ბახტაძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ რაგბს გარკვეული პერიოდით მეც ვთამაშობდი და ძალიან კარგად ვიცი რა განცდაა, როდესაც შენს მეგობართან ერთად ცდილობ ლელოს დადებას. ეს განსხვავებული ემოციაა და ვისურვებდი, რომ ასეთი გუნდურები არა მხოლოდ სპორტში, არამედ სხვა სფეროშიც ვყოფილიყავით.

„მიხარია, რომ სარაგბო ინფრასტრუქტურა ვითარდება და თამაშში ბევრი ბავშვია ჩართული. ჩვენც აქტიურად ვეხმარებით რაგბის კავშირს, ფონდი „ქართუ“ უზარმაზარ საქმეს აკეთებს, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. აუცილებელია რაგბის მეტი პოპულარიზაცია, დამატებითი ინფრასტრუქტურა და მეტი გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ამ გამარჯვებებს მოვიპოვებთ“.

თავის მხრივ გოჩა სვანიძემ აღნიშნა, რომ კავშირი მუდამ გრძნობდა და გრძნობს სახელმწიფოსგან მხარდაჭერას, მილთონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ კი, სტუმრებს გულთბილი მადლობა გადაუხადეს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული