"ეს მატჩი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია - ეს ჩვენთვის პრიორიტეტია" - მილტონ ჰეიგის და მერაბ შარიქაძის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
იტალიასთან გასამართ მატჩამდე 24 საათით ადრე, ბორჯღალოსნებმა "არტემიო ფრანკიზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს, მილტონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ კი, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

შეგახსენებთ, შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი "ტვ იმედსა" და "რაგბი ტვ"-ზე იქნება, ჩვენი პარტნიორისა და მეგობრის, ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი - აისისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ღონისძიება მოეწყობა სახელით: "იტალია v საქართველო - გააგონე ჰიმნი".

ჟურნალისტებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რა გავლენას იქონიებს 10 ნოემბრის მატჩი ექვსი ერის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით,
რაზეც ჰეიგმა განაცხადა:

"საქართველოს ექვს ერში შესვლის კუთხით, რა თქმა უნდა ეს თამაში გადამწყვეტი ვერ იქნება, მაგრამ შესაძლოა მან კიდევ უფრო გაზარდოს საუბრები ამ თემასთან მიმართებაში. საფრანგეთში საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ჩვენთვის ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში და მიუხედავად ტრავმების სიმრავლისა, თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით".

ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საუბარი ჰეიგის გამონათქვამზე - "ბრძოლაში ბედნიერი"-ზე დაიწყო:

"მილტონ ჰეიგს წლების განმავლობაში თავისი თვალით აქვს ნანახი, როგორ ვგრძნობთ მორაგბეები თავს ბრძოლაში და მისი სიტყვებიც აქედან მოდის. გვირჩევნია გვქონდეს მარტივი და საბრძოლო დავალება, თავი გავწიროთ, ვიდრე რთული და ბევრი დავალებების შესრულებით ყურადღება და ენერგია მოაკლდეს ბრძოლას".

შემდეგ კი მომავალი თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შანსები შეაფასა:

"ჩვენთვის ისაა მნიშვნელოვანი, რაც ჩვენი გულშემატკივრისთვისაა განსაკუთრებული და ფაქტი თავად მეტყველებს - ბოლო წლებში არასდროს დაფიქსირებული ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების გასვლით მატჩზე რამდენიმე ათასი გულშემატკივარი ჩასულიყო. გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია? ესეიგი ესაა ჩვენთვის პრიორიტეტი".

"ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ თამაშის მოგებით ან წაგებით კოლოსალურად შეიცვლება ექვს ერში შესვლა-არშესვლის საკითხი, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, კიდევ უფრო ბევრი იქნება საუბრები ჩვენთვის შანსის მოცემის შესახებ".

"მეტოქის თამაში შესწავლილი გვაქვს. ვუყურეთ მეტოქის ბოლო თამაშსაც ირლანდიასთან, რომლის შემდეგაც თითქმის მთელი შემადგენლობა შეიცვალა. გავარჩიეთ ზაფხულის ტესტების თამაშების ჩანაწერებიც. რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ და დანარჩენი ხვალ მოედანზე გამოჩნდება".

altიტალიელი მორაგბე: 6 ერის კარი დაკეტილია და ეს საქართველოს უნდა ვაჩვენოთ

altიტალიელთა მწვრთნელი: ძალისმიერი საქართველოს ნაკრები პრობლემებს შეგვიქმნის

altიტალიელები შეცბუნდნენ და ტონი იცვალეს. შარიქაძე - "გაზეტა დელო სპორტს": ვიცით, როგორ მოგიგოთ


მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული