დავით კაჭარავა: თუ ფიჯის ვძლიეთ, მაშინ უელსის ძლევაც შეიძლება და თუ უელსს ვძლიეთ, ავსტრალიაზე გაქაჩვაც შეიძლება

AutoSharing Option
rugger.info-ს კორესპონდენტმა იური პლატიკამ ვრცელი და ერთობ საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა "ენისეისა" და საქართველოს ნაკრების მორაგბეს დავით კაჭარავას. მართალია, ინტერვიუ ცოტა ადრეა აღებული და ახლა გამოქვეყნდა, მაგრამ აქტუალურობა არ დაუკარგავს. გთავაზობთ ამონარიდს.

- მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში შეუცვლელი იყავი, მაგრამ ახლა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდები გყავთ. გრძნობ კონკურენციას?
- დიახ, რა თქმა უნდა. ბოლო ორი წელია ჩვენი ბიჭები მაგრად თამაშობენ. კარგი თაობა მოდის, იმედისმომცემი. ალბათ, მე და ჩემი თაობა ვერ მივაღწევთ იმას, რასაც ისინი მიაღწევენ. ეს ძალიან მახარებს, კონკურენციაც, ამ დროს ან
უნდა მოუმატო, ან უნდა წახვიდე.

- გამოგდის მომატება?
- დიახ, იმედია (იცინის).

- მოტივაციას როგორ ინარჩუნებ? სულ მუდან მუშაობა გჭირდება, ვარჯიში, რეჟიმის დაცვა.
- მართალი გითხრა, 2015 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ გამიადვილდა თამაში. ასაკი მემატება, მაგრამ რაგბი ჩემთვის გაიოლდა. ალბათ, უბრალოდ, უფრო გამოცდილი გავხდი. წინასწარ ვიცი, რა გავაკეთო, არ ვიძაბები. სადაც საჭირო არაა, არ გავრბივარ. ტყუილად როდი ამბობენ, რაგბი ასაკოვანთა სპორტიაო. ახალგაზრდებიც თამაშობენ, თუმცა ბევრი არა. გასაკვირია, მაგრამ მართლა ადვილად ვთამაშობ და თავს ადრინდელზე უკეთ ვგრძნობ.

- გამოდის, რომ ყველას, მათ შორის საკუთარ თავსაც დაუმტკიცე, რომ ახლა თამაშისგან სიამოვნებას იღებ?
- ვისთვის რაღა მაქვს დასამტკიცებელი? ყველაფერი, რაც შემიძლია გავაკეთო, ვაკეთებ და როდესაც ვერ შევძლებ, წავალ.

- 10 წელზე მეტია საერთაშორისო დონეზე თამაშობ და ამ დროის განმავლობაში რაგბი ძალიან შეიცვალა. შენის აზრით, დღევანდელი თამაში სჯობს ადრინდელს? ამბობენ, მაშინ ნაკლები იყო პროფესიონალიზმი და მეტი სულიერება იყოო. დღეს მეტია პროფესიონალიზმი, ფული და შესაბამისად, ნაკლები სულიერება.
- ეს გასაგებია. მაშინდელი მოთამაშეები დღევანდელ დონეს ვერ დააკმაყოფილებდნენ, რადგან სხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოთხოვნებია.

მაშინ ასეთი დატვირთვები არ იყო. ჩაატარებდი მატჩს და შეგეძლო 3 დღე დაგესვენა. ახლა განსატვირთავად ბოთლ ლუდს ვერ დალევ, ვინაიდან შემდეგი მატჩისთვის უნდა მოემზადო. შედარება არ შეიძლება, ადრე რაგბი რაღაც სხვა იყო, მთლად სპორტიც არა, რაღაც გართობა, გამოცდილება.

თვით 2003 წელს ნაკრებების წევრები არ იყვნენ ფიზიკურად ძლიერები. კარგი შემსრულებლები გახლდნენ, მაგრამ როდესაც ფიზიკურად ძლიერ მოწინააღმდეგეებთან უწევდათ შერკინება, მათ უბრალოდ აქცევდნენ. ახლა ასეთი განსხვავება აღარაა, ფიზიკურად ყველა კარგადაა მომზადებული. ვფიქრობ, რაგბი განვითარდა და ეს კარგია.

- უკანასკნელ ხანს საქართველოს ნაკრებში მწვრთნელები ბევრს მუშაობენ რგოლებს შორის ბალანსის დამყარებაზე. ეს გამოსდით?
- დიახ, ჩვენი მთავარი ამოცანა ესაა, რათა ყველანი სრულფასოვნად მოქმედებდნენ დაცვასა და თავდასხმაში. უკანა ხაზმა თამაში დაიწყო. ახალგაზრდებს უყვართ გაქცევა, მოტყუება. ჩვენს თაობასაც ცოტა ეხერხება ეს (იცინის), მაგრამ ახალგაზრდებისთვის ყველგან გზა ხსნილია. თუმცა, ყველაფერს დრო სჭირდება. 6 გამოცდილს ახალგაზდებით ასე უცბად ვერ შეცვლი - ვერ გაქაჩავენ.

თუ მუშაობა სწორი მიმართულებით გაგრძელდება, ყველაფერი შეიცვლება. მსოფლიოს ახალგაზრდულ თასზე ჩვენმა ბიჭებმა აფრიკელებს და არგენტინელებს მაგარი ლელოები დაუდეს. ჩვენს დროს ირლანდიის დამარცხება კოსმოსი იყო, ამაზე არც არავინ არ ოცნებობდა, შეუძლებელი იყო, ახლა კი მოვუგეთ. ე.ი. როდესაც გაიზრდებიან, კიდევ უფრო უკეთესები იქნებიან.

- საქართველომ ბოლო წლებში ევროპაში მოტივაცია დაკარგა. შემდეგი ჩემპიონატიც მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება?
- ალბათ, არ ვიცი. 10 წელიწადში 9-ჯერ გამარჯვება გუნდისთვის ძალიან ძნელია. ძნელია მატჩებისთვის განწყობა, მაგრამ წინ მსოფლიოს თასია და უნდა მოვემზადოთ. უნდა განვავითაროთ ჩვენი რაგბი, რათა იაპონიაში მოედანზე მზა სქემითა და თამაშის სტრუქტურით გავიდეთ.

- თქვენ ფიჯისთან ძალიან მძიმე ჯგუფი გაქვთ. ამოცანა იგივეა - 2 მოგება?
- ფიჯის ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. ეს გუნდი განსხვავდება იმისგან, რომელიც ტესტ-მატჩებში იღებს მონაწილეობას. მაშინ ბევრი მოთამაშე ისვენებს. პირადად მე ასე ვთვლი: თუ ფიჯის ვძლიეთ, მაშინ უელსის ძლევაც შეიძლება და თუ უელსს ვძლიეთ, ავსტრალიაზეც გაქაჩვა შეიძლება. მათ შორის ძალზედ პატარა სხვაობაა.

პირველ რიგში ურუგვაის უნდა გავუსწორდეთ, შემდეგ კი ღმერთმა ინებოს და ყველაფერი კარგად იქნება. პირველი შეხვედრა უელსთან გვაქვს და ბოლომდე ვეომებით და რაც იქნება, ის იქნება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორ არ გრცხვენიათ,რომ საკუთარი სამშობლოს გუნდს დასცინით?თანაც ვის-რაგბისტებს?50 წელია მივსდევთ სპორტის ამ ულამაზეს სახეობას;ნულიდან დავიწყეთ და დღეს უკვე მსოფლიო 10-ეულს ვუახლოვდებით.იცით,რა მძიმე და აუტანელი შრომა-ბრძოლით მოიტანეს დღევანდელი დონე კიზირიამ,ბენდიაშვილმ,კავთელაშვილმა და სხვებმა?[ სულ პირველ თაობას ბოდიშს ვუხდი თუ მეხსიერებამ მიღალატა,მაგრამ სულ პირველი თამაშებიც კი შესანიშნავად მახსოვს ,,ქარიშხალაზე"ცა და სასოფლოს სტადიონზეც,როცა ,,კარგ" მოედნებზე არ უშვებდნენ-ქუსლებით ორმოებს აკეთებენო].ჩვენ თუ ოდესმე ვისწავლით სამშოლბლოს გმირების სიყვარულს-ხანდახან ეჭვი მეპარება-ხოლმე,მაგრამ ჩემო ძვირფასო რაგბისტებო,ასეთ ავყიებსა და უვიცებსყურადღება არ მიქციოთ.ასეთებმა დღემდე ვერ მიიღეს რეალობად საკუთარი პატარა სამშობლოს სიდიადე.იაპონიაში ჩვენი ბიჭები კვლავაც,ძველებური შემართებით იბრძოლებენ და საკუთარ თავსაც აჯობებენ.სსრკ-ს პირველობებზე გამოსასვლელად სპორტული ფორმა არ ჰქონდათ ბიჭებს და წნეხის მიუხედავად მედლებს მუდამ იღებდნენ და ,,ლოკომიტივი" ჩემპიონიც ხდებოდა.დღეს უკეთესობაა და ბიჭები რომ გვასახელებენ-ეჭვიც არ მეპარება.ნახეთ როგორ რაგბს თამაშობენ 20 წლისანი!უფრო პატარებიც? რაგბისტებო,მეამაყებით და ძალიან მიყვარხართ.სიყვარული არასდროს გაკლდათ,მაგრამ ჩემგანაც იცოდეთ.
გიორგი ჯანიკაშვილი
13:23 29-11-2018
2
ჯანსაღი შეხედულება აქვს საკითხზე, შეიძლება ჩვენი მოწინააღმდეგეები რეიტინგით ჩვენზე ძლიერები იყვნენ, მაგრამ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ანგარიში რეიტინგის ქულების მიხედვით არ იწერება, მანდ დადებულ ლელოებს ითვლიან :) :) ასე რომ ავსტრალიასაც, უელსსაც და ფიჯისაც ძალიან ბევრის გაკეთება მოუწევთ რომ დაამტკიცონ რომ ჩვენზე მაგრები არიან.
====
15:50 29-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული