კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" "კალვიზანო" დაამარცხა და იტალიიდან 2 მოგებით ბრუნდება

AutoSharing Option
15 დეკემბერს, კონტინენტის ფარის მესამე შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივმა" კალვიზანოს" 20:13 სძლია.

13 ოქტომბერს „ავჭალაზე“ განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში შედგა. საქართველოს ჩემპიონმა დაამტკიცა, რომ იტალიურ კლუბებთან ტოლ-სწორად თამაში და შინ თუ გარეთ გამარჯვების მოპოვება შეუძლია. მაგრამ თამაშის გაწითლებულ დროზე გაშვებულმა ლელო-გარდასახვამ მეტოქეს ბონუსის აღების შესაძლებლობა მისცა და სამწუხაროდ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების და ფლეი ოფში გასვლის ბედი, ახლა მხოლოდ ‘ლოკომოტივზე’ დამოკიდებული აღარაა.

თბილისელებმა კარგი თამაში აჩვენეს. ისინი კარგად იცავდნენ თავს, მასპინძლებს ჯანში ჯაბნიდნენ, შერკინებაში უპირობო უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვებაც დამსახურებულად გაიფორმეს.

შეხვედრის დებიუტში ზედიზედ ორჯერ დავჯარიმდით და მეორე შემთხვევაში იტალიელებმა კარის წინიდან ანგარიში გახსნეს. განახლდა თამაში და ჯარიმა უკვე ‘ლოკომოტივმა’ მოიპოვა, რომელიც საშუალო დისტანციიდან 3 ქულად ბექა წიკლაურმა აქცია. გარკვეული დროით ‘კალვიზანომ’ ტემპს უმატა და სახიფათოდ შემოგვიტია, თუმცა სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს, მე-16 წუთზე მასპინძლები მათსავე შერკინებაში დააჯარიმეს და წიკლაურმა რთული პოზიციიდან 6:3 დაგვაწინაურა.

რკინიგზელები გათამამდნენ, თავისი ნახევრიდან მორკინალებით შეუტიეს და დაახლოებით 25-30 მეტრი მოიგეს, წიკლაურმა ცენტრში სცადა ხაზის გაჭრა, მასზე მაღალი ბოჭვა შესრულდა და ბექამ 32 მეტრიდან გაიტანა. ამ ეპიზოდში იტალიელი მორაგბე სინბინით დაისაჯა, თუმცა მალევე რეფერიმ ყვითელი ბარათი ფარნა გასვიანსაც უჩვენა. ამას კვლავ ‘კალვიზანოს’ გააქტიურება მოყვა, დაცვამ კვლავ კარგად იმუშავა, მერე შეტევაში ბლოკისთვის დავჯარიმდით და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. 30-ე წუთზე მასპინძლები შერკინებაში ისევ დავაჯარიმეთ, წიკლაურმა კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 37 მეტრიდან გაიტანა და ტაიმი 12:6 დასრულდა.

რადგან ‘კალვიზანოსთვის’ 11-ზე მეტი ქულის სხვაობით უნდა მოგვეგო, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმის დარტყმას ლელოზე თამაში ვარჩიეთ, თუმცა დერეფანში ბურთი ცუდად ავაგდეთ. 45-ე წუთზე წიკლაურმა უკვე კარში დაარტყა, ცენტრიდან ბურთმა მიზნამდე ვერ მიაღწია. ტაიმის შუაში ჯარიმაზე კვლავ უარი ვთქვით, 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლი დადგა, მანძილი სწრაფად დაიფარა და გასვიანის ლელომ ანგარიში თბილისური მატჩის მსგავსი გახადა - 17:6.

გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ დაცვაში კარგი გარჯის შემდეგ ‘ლოკომოტივის’ შეტევების ჯერი დადგა, ჯარიმის შესრულების უფლებაც მივიღეთ და წიკლაურმა სასურველი სხვაობით დაგვაწინაურა - 20:6. ‘კალვიზანომ’ გააფთრებით შემოგვიტია და დიდი ხნის განმავლობაში თავი დავიცავით, თითქოს საფრთხეც განეიტრალდა, თუმცა იტალიელებმა ბოლოს მაინც მოახერხეს ჩვენს 22-ში ფეხის მოკიდება, გაწითლებულ დროზე ხაზი გაიჭრა და ბოჭვის მიუხედავად ლელო გავიდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და ‘ლოკომოტივმა’ 7 ქულის სხვაობით, 20:13 იმარჯვა.

ამრიგად, ‘კალვიზანომ’ დაცვის ბონუსი აიღო და ჯამში 10 მოაგროვა, ხოლო ‘ლოკომოტივი’ 9 ქულით მეორე ადგიზეა. 12 იანვარს ‘ლოკომოტივი’ „ავჭალაზე“ ‘ფიამე ოროს’ მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში პირველ, ფლეი ოფში გამსვლელ ადგილზე ავა, თუმცა 19 იანვარს რომაელები ‘კალვიზანოს’ მასპინძლობენ და თუ იტალიური კლუბების ჯახი სტუმართა მოგებით დასრულდება, საქართველოს ჩემპიონი ფლეი ოფს მიღმა დარჩება.

კონტინენტის ფარი. მეოთხე ტური. 15 დეკემბერი.
კალვიზანო (იტალია) - ლოკომოტივი (საქართველო) 13:20

ხაზი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ივანე ხელაია, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი ტალახაძე, 11. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 10. ბექა წიკლაური, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება: 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

მარქაფა: 17. თევდორე მაჭარაშვილი, 18. გაგა გორგასლიძე, 19. გიორგი გეგია, 20. თორნიკე ტურაშვილი, 21. ლევან დარასელია, 22. გიორგი გედეხაური, 23. გრიგოლ ჩახვაძე.

კალვიზანო     3 2 0 1 65-46 10
ლოკომოტივი 3 2 0 1 55-52 9
ფიამე ორო     2 0 0 1 42-64 1

12 იანვარი
ლოკომოტივი - ფიამე ორო

19 იანვარი
ფიამე ორო - კალვიზანო

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან გულდასაწყვეტი თამაში გამოვიდა და იტალიელებმა მხოლოდ ბოლო სამი წუთის მანძილზე კარგი თამაშით მიაღწიეს მიზანს.ამხელა უპირატესობა გქონდეს შერკინებაში და ცუდი აუტის გამო,ეს ვერაფერში გამოიყენო.ამას მოხერხება უნდა.ალბათ ამის გამო იყო,რომ აქცენტი ჯარიმებით ქულების აღებაზე გადავიტანეთ,თითქოს მიზანთან ახლოსაც ვიყავით,მაგრამ სულ ბოლოს იმის ნაცვლად,რომ ბურთი შეგვენარჩუნებინა და ჭიდაობაში გაგვეყვანა დრო,ბურთი მეტოქეს გადავეცით და ამხელა მანძილი ისე გამოვატარეთ,რომ ლელო შუაში გავატანინეთ.არა და ხომ ვნახეთ,შერკინების გარდა კალვიზანოს სხვაც ძალიან ბევრი ნაკლი ჰქონდა თამაშში,რომ ანგარიში შეგვეძლო გაცილებით უკეთესი ყოფილიყო.ჩვენი ძველისძველი ნაკლია რომ ანგარიშის შენარჩუნებაზე ვერ ვთამაშობთ ვერც რაგბიში,ვერც ფეხბურთში და ვერც კალათბურთში და მეტწილად ვერც ჭიდაობაში.რაც არის ეგ არის,საკლუბო დონეზეც ვაჩვენეთ იტალიელებს,რომ ჩვენი ლიგა მათ ლიგას აღარ ჩამორჩება და ცოტა გამოცდილებას რომ მივიღებთ,აქაც გავასწრებთ.ახლა მე მგონი პირველობის შანსი აღარ გვაქვს,აქ თამაშშის ბოლოს არ ჩათვლილმა ნაღდმა ლელომ და იტალიაში გაშვებულმა, არ გასაშვებმა ლელომ მხოლოდ თეორიული შანსი დაგვიტოვა ჯგუფიდან გასვლისა.დარწმუნებული ვარ,ბათუმს რომ ეთამაშა ლოკოს ადგილზე შარშანდელი გამოცდილებით,კალვიზანოს არაფრის შანსი არ ექნებოდა.აუცილებელია გამოინახოს სახსრები და ჩვენმა გუნდებმა სისტემატურად ითამაშონ ამ ტურნირზე.შარშან გულშემატკივრებმა წამოაყენეს ინიციატივა,გაკეთებულიყო ანგარიში ჩვენი გუნდების კონტინენტის ფარზე სათამაშოდ ფულის ასაკრებად,მაგრამ გამოხმაურება ამას არ მოჰყოლია,არა და აშკარად ჩანს,რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას საერთაშორისო ასპარეზზე თამაშისა.
სოსო
20:49 15-12-2018
1
Yvelaperi yvelapero, mara, 1 wuti roa darchenili, metoqis naxevarze xarda imis magivrad, ro burti sheinarchuno kideb! Amas ra qvia? Ikneb begazem upasuxos, romelime jurnaluati tu gabedavs am kitxvis dasmas
Data
22:35 15-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული