საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე კრასნოდარში რუსეთის გუნდი 22:6 დაამარცხა. თამაშის წინ ბორჯღალოსნები მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომელზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული.
ნამატჩევს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:
"ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენთვის ეს თამაში განსაკუთრებულია, არამარტო მორაგბეებისათვის, არამედ საქართველოსთვის. გულშემატკივარს დავპირდით, რომ ბოლომდე დავიხარჯებოდით და ღვთის წყალობით გავიმარჯვეთ.
მაისურები გვეცვა სიმბოლურად იმის დასტურად, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ამიტომ ეხატა საქართველოს რუკა. ჰიმნიც ემოციურად შევასრულეთ, ვინაიდან გამოხატავდა ჩვენს სულიერ მდგომარეობას. საქართველოსთვის ვიმღერეთ და მოვიგეთ. მადლობა იმათ, ვინც ჩამოვიდა და გვიგულშემატკივრა. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
მატჩისწინა განცხადებები არაფერს არ ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ მუდამ გავიმარჯვებთ და მთელი საქართველო გამარჯვებებით ვივლით წინ".