რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ru

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კრასნოდარში რუსეთის ნაკრები 22:6 დაამარცხა, "დათვების" მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა მედიასთან მატჩის მიმდინარეობა და განვლილი ტურნირი შეაფასა.

"კითხვაზე, რატომ ვერ გავიმარჯვეთ დღეს, ვფიქრობ, საკმაოდ ცხადი პასუხი არსებობს. ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა პირველ 20 წუთში ქულების მოპოვების შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ კი, შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლელო დაგვიდეს და ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

რა თქმა უნდა, უამინდობამ პრობლემები ორივე გუნდს შეუქმნა, თუმცა მეორე ტაიმში საქართველო უკეთ აკონტროლებდა ბურთს და
ჩვენს ნახევარზე გადმოდიოდა. მატჩში კორექტივების შეტანა რთული იყო.

ვულოცავ ჩვენს მეტოქეს ევროპის ჩემპიონატის მოგებას, მით უმეტეს, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში მათ მხოლოდ ორი ლელო გაუშვეს. ეს ძალიან კარგი შედეგია. ყველა მეტოქეს აქვს თავისი ძლიერი მხარეები, მაგრამ ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ.

მათი ლელოები შერკინებებიდან მოდიოდა და ჩვენ ვხედავთ, რომ გაწეული დიდი სამუშაოს მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი მუშაობა გვმართებს. ზაფხულში ურუგვაიში დაგეგმილ ერთა თასში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენთვის ეს კარგი გამოცდილება იქნება, განვითარება უნდა გავაგრძელოთ. პროცესი დაწყებულია და უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ლინ ჯონსმა.

მომზადებულია rugby.ru-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული